რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - კვირის პალიტრა

რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ბრალის წაყენების შემდეგ რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს აღიარებს. ამასთან, ლილი გელაშვილის თქმით, გაჩეჩილაძემ გამოძიების ფარგლებში დეტალურად ისაუბრა მომხდარ ფაქტზე. მისივე თქმით, საქმეში სხვა პირები არ ფიგურირებენ, რასაც არსებული ჩვენებები ადასტურებს.

”ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. რატი გაჩეჩილაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მისცა ჩვენება გამოძიებას და აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც იმ დროს მოხდა. საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს და არ იკვეთება ბრალეულობა სხვა პირების, იმიტომ რომ არც ერთი არ მონაწილეობდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩვენებები, რომელიც მისცეს სუფრის წევრებმა”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა გახდა რატი გაჩეჩილაძის გაღიზიანების მიზეზი, ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამის შესახებ ჩვენების მიცემის დროს ისაუბრა.

”დეტალურად აღწერა რატი გაჩეჩილაძემ და თქვა, რომ ის იყო ნასვამი და ნიკა გვარამიას მხრიდან ჰქონდა შეურაცხმყოფელ ფრაზას ადგილი. მან ამ ფრაზის დასახელებისგან დაკითხვის დროს თავი შეიკავა, თუმცა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფრაზა მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც ახსენა”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

მისივე თქმით, მან ზუსტად არ იცის, თუ როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. ამავდროულად, ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით შევა სასამართლოში.

იხილეთ ასევე: "მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?

"ინტერპრესნიუსი"