"ორი კანონიერი­ ქურდი მიხსენა, მერე დანა კისერსა და ხელზე დამისვა" - ვინ არის ბიზნესმენი, ვისაც 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ - კვირის პალიტრა

"ორი კანონიერი­ ქურდი მიხსენა, მერე დანა კისერსა და ხელზე დამისვა" - ვინ არის ბიზნესმენი, ვისაც 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ

29 მაისს თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი პირი - რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პირი, რომელსაც ფულს სძალავდნენ, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეშია ჩართული და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქსელის მფლობელია, გამომძალველები კი იტალიური კომპრესორების იმპორტიორ კომპანიაში მუშაობდნენ, ვისგანაც ბიზნესმენმა, თავის დროზე, ტექნიკა შეიძინა. დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, წილების გადაფორმების მოთხოვნა, სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით დაშინების მცდელობა.

გაზეთი "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბიზნესმენს, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხის გამო ვინაობის დამალვა ითხოვა, თუმცა დაწვრილებით ისაუბრა მომხდარზე. გთავაზობთ ამონარიდებს.

ა.ლ. ბიზნესმენი: - მაქვს გაზგასამართი სადგურები და 20 წელია, ამ ბიზნესში ვარ. 2007 წელს გაზგასამართ სადგურს ვაშენებდი და გაზის კომპრესორი დამჭირდა. მივაგენი იტალიური დანადგარების ფირმა "საფე სერვისს". მისმა ერთ-ერთმა მეწილემ, კობა ფანგანმა, თავის პარტნიორთან, თამარა ფილიპოვასთან დამაკავშირა, რომელსაც იტალიელი მეუღლე ჰყავდა. ტექნიკური საკითხები მოვაგვარეთ, ფასზე შევთანხმდით და კომპრესორში 232.400 ევრო გადავიხადე. ჩამოსული კომპრესორი"გაუმართავი აღმოჩნდა, მაგრამ შევეგუეთ, რადგან ზოგჯერ ასეც ხდება...

2013 წლიდან "ძველი ბიჭი" კობა ფანგანი ამიხირდა...

პარტნიორობაზე უარი რომ ვუთხარი და სარგებელი ვერ ნახა, 2017 წლის 10 აპრილს ჩემთან ოფისში მოვიდნენ ფანგანი, ჟორჟოლიანი და ჯაფარიძე. ჩვენი საუბარი კამათში გადაიზარდა. ფანგანი მეკითხება: "ქურდებს პატივს სცემ?" და მიხსენა ორი კანონიერი ქურდი, მერე დანა კისერსა და ხელზე დამისვა, 115-კილოიანი კაცი მაგიდაზე ახტა - ჩემთვის სახის დასერვა უნდოდა, მაგრამ დავუსხლტი. მე და ჩემს დიაბეტიან ძმას სამივე ფიზიკურად გაგვისწორდა, ფანგანმა დანით დაჭრა რბილი ავეჯი, ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდათ, თუმცა არ ამოუღიათ. ფანგანი თავდაპირველად 400 ათას დოლარს მთხოვდა, მერე - 200 ათასს და ჩემი ბიზნესის 25%-იანი წილის მისთვის"სანდო კაცზე გადაფორმებას.

სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ძველი ბიჭი" ფანგანი მეკითხებოდა, ქურდებს პატივს სცემო?.. მათ უნდა გავესამართლებინე"