დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი, ანუ ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია
დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი, ანუ ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია
02-01-2016
მოყოლებული 1976 წლიდან ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოვლი ახალი წლის მოახლოებისას ხშირად მოგისმენიათ ალბათ ფრაზა, რომ ამ ფილმის გარეშე ახალი წელი არ მოვიდოდა. ელდარ რიაზანოვის საკულტო ფილმი "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" დღესაც ძველებურად აღელვებს მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ ის ლამის ყველამ ზეპირად იცის. გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

ელდარ რიაზანოვი: "სრულიად წამლეკა, გამაოგნა, შემარყია იმ გამოხმაურებების გიგანტურმა, მძლავრმა ნაკადმა, რომელიც "ბედის ირონიას" მოჰყვა"

(ფოტოგალერეა)

"მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ვცდილობ, მომავალი კვირის იქით არ გავიხედო. ხანდახან ვფიქრობ წარსულზე. გამოგიტყდებით და, ეს არც ისე ხალისიანი ფიქრებია. წარსული ხშირად მიფორიაქებს სულსა და ნერვებს, ამიტომაც ვისწავლე ცხოვრება იმით, რაც მაქვს", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ბარბარა ბრილსკამ.

ის რომ სხვა დროში დაბადებულიყო, გრაფინია იქნებოდა. მისი ბებია, გრაფინია მარია ბრილსკა ფონ შტოიბერგი გახლდათ, მაგრამ სოციალიზმის ეპოქაში ასეთი ფესვებით ნამდვილად ვერ იამაყებდი. არც რაიმე ქონება რგებია მემკვიდრეობით. ბარბარას მშობლები ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ...
ბარბარა მოსწავლეობისას

გოგონა პოლონეთის ქალაქ ლოძის მახლობლად, სკოტნიკიში დაიბადა, 1941 წლის 5 ივნისს. მამა ხელოსანი იყო, დედა კერავდა. თავიანთ ორ ქალიშვილს ჭეშმარიტად კათოლიკური სიმკაცრით ზრდიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ბასიამ სწავლა სამხატვრო ლიცეუმში გააგრძელა. სასწავლებლის დირექტორი გამჭრიახი ქალბატონი გახლდათ და ანგელოზისსახიან გოგონაში მაშინვე დაინახა მომავალი მსახიობი - აიძულა ბარბარა, რომ თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვარშავის უმაღლეს სკოლაში ჩაებარებინა. პირველსავე კურსზე ბასია გადაღებაზე მიიწვიეს. მან მხოლოდ ორი წელი ისწავლა და... წავიდა. სად? დიასახლისად! სიყვარულს რას გაუგებ!

"მე ყოველთვის მომწონდა ლამაზი მამაკაცები" - აღიარა ჩვენმა გმირმა. ვის არ მოგვწონს ლამაზი მამაკაცები, მაგრამ ხალხური სიბრძნე ღაღადებს "ლამაზი ქმარი - სხვისია" და მასზე მონადირე ქალებსაც რა დალევს... როცა პირველი ქმარი გაიცნო, ბარბარა 17 წლის იყო. გოგონა კლასთან ერთად ექსკურსიაზე მიდიოდა. მატარებლის ტამბურში ულამაზეს ყმაწვილს შეეფეთა. მან ბასიას თავისი სავიზიტო ბარათი მიაწოდა და სთხოვა, დაერეკა. მასწავლებელმა გოგონას ბარათი ხელიდან გამოსტაცა და დახია, აქაოდა, უფროს ვაჟებთან სასაუბრო არაფერი გაქვსო, მაგრამ იანეკ ბოროველმა მაინც იპოვა ბასია, სკოლაში მიაკითხა და უთხრა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო...
ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ბასიამ საყვარელი ქმრის გამო სწავლა მიატოვა, რადგან იანეკს მიაჩნდა, რომ ქალის ადგილი სამზარეულოში და აკვანთან იყო. ბარბარამ ორი წელი გაუძლო დიასახლისობას და ისევ სწავლას დაუბრუნდა. მას ისევ იწვევდნენ გადაღებებზე, ახალგაზრდა მეუღლეებს ფული არასდროს ჰყოფნიდათ - მათემატიკოს ქმარს გროშებს უხდიდნენ, ამიტომ ბარბარას ჰონორარები ოჯახისთვის ნამდვილი განძი იყო. მათი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა, უფრო სწორად, დღემდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი "მაგრამ" - ისინი ერთმანეთისთვის პირველები იყვნენ. ალერსიანი, კეთილი, მზრუნველი იანეკი სრულიად გამოუცდელი იყო "სასიყვარულო საქმეებში" და ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ ცოლის უჩუმრად, გვერდზე დაიწყო სიარული, ბარბარამ კი განქორწინება გადაწყვიტა...

ბრილსკას მეორე ქმარი ბულგარელი მეან-გინეკოლოგი ლუდვიგ კოსმალი გახდა, შავთმიანი, წარმოსადეგი ლამაზი მამაკაცი. ახალგაზრდა ექიმს მცირე ანაზღაურება ჰქონდა და ამჯერადაც
ბარბარას ჰონორარებით ცხოვრობდნენ. ქალს წარმატებით იღებდნენ კინოში... ლუდვიგი ეჭვიანობდა მის თაყვანისმცემლებზე, პარტნიორებზე... ეჭვიანობდა და ხშირად მართავდა სკანდალებს. თანაც ნამდვილი მუსუსი გამოდგა. პან კოსმალს შორს წასვლა არ სჭირდებოდა - სასიყვარულო ავანტიურისთვის პაციენტები იქვე ჰყავდა. ყველაფერი განქორწინებით დამთავრდა. ლუდვიგსა და ბარბარას ორი შვილი შეეძინათ, რომლებსაც თავიანთი სახელები დაარქვეს - ბარბარა და ლუდვიგი. მსახიობმა არ იცოდა, რომ ქალიშვილს დედის სახელი არ უნდა ერქვას... ბავშვები ჭკვიანები და ლამაზები იყვნენ, თითქოსდა ცხოვრებით უნდა დამტკბარიყვნენ, მაგრამ... გოგონა სიცოცხლის მოკლე ხაზით ბარბარას და მის მეუღლეს დიდი ხნის ნანატრი შვილი 1973 წელს შეეძინათ.

მანამდე მსახიობს რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. ნანინანატრ გოგონას, ბარბარა უმცროსს ზეცამ მრავალი ნიჭი დააბერტყა - იყო ფოტომოდელი, 15 წლიდან თამაშობდა კინოში... ულამაზესი გოგონას კარიერა შესანიშნავად აეწყო, მაგრამ ერთი რამ აფიქრებდა: რატომ იყო მის ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი ასე მოკლე? ნუთუ მალე მოკვდება? - თავიდან ამოიგდე ეს სისულელე, - ურჩევდა უფროსი ბარბარა... ყველაფერი ერთ საშინელ დღეს დასამარდა. 1993 წელს უმცროსი ბარბარა თავის მეგობარ ქსავიერთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრა. ერთ-ერთ მოსახვევში ქსავიერმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მთელი სისწრაფით შეასკდა ხეს. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭს ნაკაწრიც არ ჰქონდა... ბრილსკა იხსენებს, რომ იმ დილით ქალიშვილმა დაურეკა და მოუყვა, როგორ დასცვივდა სიზმარში ყველა კბილი. დედა ცდილობდა ავი ფიქრები გაეფანტა, მაგრამ... სიზმარი ახდა...

ბარბარა ნაცნობებსა თუ სრულიად უცნობ ადამიანებს ურიგებდა თავის ძვირფასეულობას -რა თავში იხლიდა ოქროს, ვერცხლსა თუ ბრილიანტებს, როცა ყველაზე ძვირფასი ცივ სამარეში იწვა. ცრემლები, ცრემლები, ცრემლები. დამამშვიდებელი ნემსები, აბები. აუტანელი ტკივილი... დაუსრულებელი საუბრები შვილის ფოტოსურათებთან... ეს კოშმარი სამ წელს გაგრძელდა.

11 წლის ლუდვიგს არ ესმოდა, რატომ ვერ ამჩნევდა დედა. იქნებ დედას სრულიადაც არ სჭირდებოდა? და ბიჭუნა სახლიდან გაიქცა. ამან გონს მოიყვანა ქალი...

დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი

რეჟისორი ელდარ რიაზანოვი იხსენებდა: "ხშირად მეკითხებიან: "რატომ მოიწვიეთ ლენინგრადელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის როლზე პოლონელი მსახიობი, ნუთუ ჩვენს მსახიობებში არ მოიძებნა ისეთი, კარგად რომ ითამაშებდა ნადია შეველიოვას?" დიახ, ბარბარა ბრილსკას სერიოზული კონკურენტები ჰყავდა: ლიუდმილა გურჩენკო, ალისა ფრეინდლიხი, ლარისა გოლუბკინა - საბჭოთა კინემატოგრაფის ნაღები. მაგრამ, რეჟისორის აზრით, სამივეს რაღაც არ ჰყოფნიდა. უპირველესად ეს იყო თანდაყოლილი სექსუალურობა, ქალური ხიბლი. მსახიობების შერჩევამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, რიაზანოვს უეცრად გაახსენდა სკანდალური პოლონური ფილმი "სიყვარულის ანატომია" და მიხვდა, რა სჭირდებოდა - დიახ, ბარბარა ბრილსკა, აი, ვის შეუძლია ერთ ღამეში მთელ ქვეყანას შეაყვაროს თავი. აკი შეაყვარა კიდეც! "წარმატებაც ბევრი მინახავს, ნახევრად წარმატება, ჩავარდნაც, მაგრამ სრულიად წამლეკა, გამაოგნა, შემარყია იმ გამოხმაურებების გიგანტურმა, მძლავრმა ნაკადმა, რომელიც "ბედის ირონიას" მოჰყვა", - აღიარა ელდარ რიაზანოვმა. ასეთი წარმოუდგენელი წარმატება ბარბარა ბრილსკასაც არც მანამდე და არც შემდეგ არ ჰქონია.

ეს ფილმი ყველას ზეპირად ახსოვს, თუმცა, კიდევ და კიდევ უყურებენ, თანაც "პირველად". ნადენკას და მასთან ერთად ბარბარას, დღემდე ეძახიან "ქვეყნის მთავარ საახალწლო ღიმილს". მას შემდეგ, რაც ბარბარა ბრილსკას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, პოლონეთში აღარ სწყალობდნენ...

(ფოტოგალერეა)

გაგრძელება
დავითი
05 იანვარი 2016 16:58
დათო ძმა პოლონელები შტერი ხალხი რომ ყოფილიყო ასეთი დიდი სახელმწიფო არ ექნებოდათ.პოლონეთი ტერიტორიით 300 000 კმ და 40 მილიონი მოსახლით და პოლონეთს დიდი ისტორია ქვს და ბევრი ჭკვიანი გამომგონებლები ყავდათ.საქართველოზე ბევრად დიდია ტერიტორიით და უფრო განვითარებულებიც არიან ამიტომ სანამ სხვას დააკნინებ ძმა ჯერ შევხედოთ ჩვენ რა გვაქვთ მაგათზე კარგი))))
დავითი
05 იანვარი 2016 16:28
დათო ძმა პოლონელები შტერი ხალხი რომ ყოფილიყო ასეთი დიდი სახელმწიფო არ ექნებოდათ.პოლონეთი ტერიტორიით 300 000 კმ და 40 მილიონი მოსახლით და პოლონეთს დიდი ისტორია ქვს და ბევრი ჭკვიანი გამომგონებლები ყავდათ.საქართველოზე ბევრად დიდია ტერიტორიით და უფრო განვითარებულებიც არიან ამიტომ სანამ სხვას დააკნინებ ძმა ჯერ შევხედოთ ჩვენ რა გვაქვთ მაგათზე კარგი))))
სხვა სიახლეები
„ყველაზე კარგი კოცნა ჩემს ცხოვრებაში ანჯელინა ჯოლისთან მახსოვს"

„როცა შენს საყვარელ ადამიანს უყვარხარ და მას ბედნიერს ხედავ, საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ადამიანად მიიჩნევ“
დაწვრილებით...
სულ რაღაც 30 წლის წინ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობდა. საქართველო ჯერაც "დიადი საბჭოთა კავშირის" შემადგენლობაში იყო, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩვენში ნელ-ნელა ძალას იკრებდა.
დაწვრილებით...
"ларису ивановну хочу" - ფრაზა გიორგი დანელიას ფილმიდან "მიმინო" პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე ისეთივე პოპულარულია, როგორც თვითონ ფილმი. საბჭოთა სტიუარდესა ლარისა ივანოვნა კომაროვას ეპიზოდური როლი კი სიმბოლოდ იქცა რუსი ლამაზმანისა, რომლის გულის მოსაგებადაც კავკასიელი მამაკაცები არაფერს იშურებდნენ.
დაწვრილებით...
"შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყვარებია"

"ავად იყო, ვეღარ დადიოდა და… მაინც ვეჭვიანობდი"
დაწვრილებით...
საბჭოთა მსახიობი, ნატალია ვარლეი რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში 1947 წელს დაიბადა. მალე ოჯახი მურმიანსკში გადავიდა, სადაც მამამისი, საზღვაო კაპიტანი, ვლადიმერ ვიქტორის ძე გადაიყვანეს. ნატალიას მამისგან ვალიური, დედისგან კი ფრანგული ფესვები აქვს. ჰყავს და ირინა, რომელსაც ასევე მსახიობობა იტაცებს და მოყვარულთა თეატრში თამაშობს.
დაწვრილებით...
"ნინის შეუძლია ცნობილი დიზაინერების სამოსს  მაღაზიაში შეძენილი მეორადი სამოსი შეუხამოს, ასევე ის ხშირად მიმართვს „ბებიას გარდერობში“ აღმოჩენილ ნივთებს"
დაწვრილებით...
თუ კანადაში მოხვდებით, უთუოდ გასინჯეთ შემწვარი ბეკონის ნაჭრებიანი ნაყინი. ნათქვამია, რომ გემოვნებაზე არ დავობენ...
დაწვრილებით...

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივმა არაერთი ცნობილი ადამიანის უცნობი ფოტო შემოინახა, რომელთაც ერთ ფოტოგალერეად გთავაზობთ.

დაწვრილებით...
საქართელოზე შეყვარებული არგენტინელი ფოტოგრაფის ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
დაწვრილებით...
"ბავშვობიდანვე მიყვარდა იგი. მზიური ნისლით დაბურული ნარიყალის ციხის ისტორიული ნაშთი ღრმა საიდუმლოებასავით იყო ჩემს წინაშე ამართული"
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება 42 კვ.მ. ახალი გარემონტებული
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
2 ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები