ბრაზილიური საფეხბურთო გუნდის ტრაგედია და ყველაზე დიდი ავიაკატასტროფები სპორტის ისტორიაში - კვირის პალიტრა

ბრაზილიური საფეხბურთო გუნდის ტრაგედია და ყველაზე დიდი ავიაკატასტროფები სპორტის ისტორიაში

29 ნოემბერს, ბრაზილიური ავიაკომპანიის BAE Avro-ს სამგზავრო თვითმფრინავი, კოლუმბიის ქალაქ მედელინის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმეტესობა ბრაზილიის მოქალაქე იყო. მგზავრთაგან მხოლოდ 5 ადამიანი გადარჩა. თავდაპირველად ინფორმაცია 6 გადარჩენილის თაობაზე გავრცელდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მძიმე მდგომარეობის გამო, ერთი მგზავრი საავადმყოფოში დაიღუპა.

როგორც სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, ლაინერს ბოლო საათებში გაუარესებული ამინდის პირობებში მოუწია ფრენა.

აეროპორტიდან გაცემული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ეკიპაჟი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის პრობლემებზე იტყობინებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, მფრინავები საწვავის პრობლემებზე ესაუბრებოდნენ დისპეჩერებს და საავარიო დაშვების განხორციელებას აპირებდნენ.

ლაინერში, რომელიც კერძო ფრენას აწარმოებდა, ბრაზილიის ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბის „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები ისხდნენ. ისინი სამხრეთ ამერიკის თასზე საფინალო მატჩის სათამაშოდ მიემგზავრებოდნენ. გადარჩენილ მგზავრთა შორის იყო კლუბის მეკარე მარკოს დანილო პადილია, თუმცა, სამწუხაროდ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ფეხბურთელთა როგორც გაფრენის წინ, ასევე თვითმფინავში გადაღებული ფოტოები.

„შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები სპორტსმენთა იმ ტრაგიკულ სიაში აღმოჩნდნენ, რომლებიც  ავიაკატასტროფებში დაიღუპნენ. (წყარო)

1949 წელი, "ტორინოს" ტრაგედია

1949 წლის მაისში, იტალიის საფეხბურთო კლუბ "ტორინოს" თვითმფრინავი ტურინთან ახლოს, მთებში ჩამოვარდა. უბედური შემთხვევისას 31 მგზავრი დაიღუპა. იმ დროს "ტორინო" იტალიის 5 გზის ჩემპიონი იყო.

1958 წელი, მიუნხენის ავიაკატასტროფა

თვითმფრინავი, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ისხდნენ, ჰაერში აფრენისას, ჩამოვარდა. გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის საფინალო მატჩიდან ბრუნდებოდა. ავიაკატასტროფაში 15 მგზავრი და 8 ფეხბურთელი დაიღუპა. იმ დღეს მიუნხენში ჭარბი ნალექის გამო, ხილვადობა უკიდურესად გართულებული იყო. მესამე ცდის შემდეგ, მფრინავმა მოახერხა და ლაინერი დაძრა, თუმცა თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე თოვლმა შეუშალა ხელი და საჭირო სიჩქარე ვერ განავითარა. თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკის ღობე გაარღვია, ჯერ ერთ სახლს დაეჯახა, შემდეგ - მეორეს და აფეთქდა.

1961 წელი, ტრაგედია და გადადებული მსოფლიო ჩემპიონატი

ფიგურულ სრიალში აშშ-ს  ეროვნული ნაკრები ნიუ-იორკიდან ბრიუსელში მიემგზავრებოდა. თვითმფრინავი ბრიუსელის ზავენტენის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფისას 73 ადამიანი დაიღუპა, აქედან 18 აშშ-ს ეროვნული ნაკრების წევრი იყო. სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. დაღუპული სპორტსმენების პატივსაცემად მსოფლიო ჩემპიონატი გადაიდო.

1972 წლის 13 ოქტომბერი, ანდების ტრაგედია

ავიაციის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კატასტროფაა. იმ დღეს თვითმფრინავი, რომელშიც ეკიპაჟის 5 წევრი და 40 მგზავრი (რაგბისტები, მწვრთნელები, ნათესავები) იმყოფებოდნენ, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიფრინავდა. ანდების თავზე, ძლიერ ციკლონში მოხვედრილმა თვითმფრინავმა მთის მწვერვალს კუდი გამოსდო. უშუალოდ ჩამოვარდნისას 12 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 6 - მეორე დღეს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. დანარჩენი 27 ადამიანი 3 600 მ სიმაღლეზე თოვლში და უმკაცრეს კლიმატურ პირობებში აღმოჩნდა. მათ არც საკვები და არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ. შიმშილმა გადარჩენილები უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა - ცოცხლებმა დაღუპულების ხორცის ჭამა დაიწყეს.

12 დეკემბერს სამმა ადამიანმა ანდების გადალახვა შესძლო. დაბლობში ჩამოსულებმა ჩილელ მწყემს მიაგნეს. ავიაკატასტროფაში გადარჩენილების შესახებ პოლიციას სწორედ მან აუწყა. მთებში ჩარჩენილი ხალხი 72 დღიანი ლოდინის შემდეგ, შვეულმფრენებით გადაარჩინეს.

1979 წლის 11 აგვისტო, ავიაკატასტროფა და დადანაშაულებული დისპეჩერები

იმ საბედისწერო დღეს ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი "პახტაქორი" მინსკში მიფრინავდა, სადაც სსრკ-ს ჩემპიონატის ფარგლებში ადგილობრივ "დინამოს" უნდა შეხვედროდა. დისპეჩერის შეცდომის გამო, უკრაინის ქალაქ დნეპროდზერჟინსკის თავზე ერთმანეთს ორი Ту-134 შეეჯახა. კატასტროფის შედეგად ორივე ავიალაინერზე მყოფი 178 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის "პახტაქორის" 17 მოთამაშე.

გამოძიებამ მომხდარში ბრალი დისპეჩერებს დასდო. ორ მათგანს 15-15 წელი მიუსაჯეს. ტრაგედიის გამო "პახტაქორში" სსრკ-ს სხვა კლუბებიდან მოხალისე მოთამაშეები გადავიდნენ - თითო კაცი საბჭოთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 15 კლუბიდან.

1987 წელი, პერუს ფეხბურთის შავი დღე

მაშინ, როცა ლაინერს პერუს კლუბ „ალინსა ლიმას“ ფეხბურთელები ლიმაში მიჰყავდა, ის უეცრად ზღვაში ჩავარდა. ავიაკატასტროფისას მთელი გუნდი დაიღუპა, სულ 43 ადამიანი. ავიაკატასტროფას, მხოლოდ ერთი ადამიანი, მფრინავი გადაურჩა.

1993 წელი, ავიაკატასტროფა გაბონში

ზამბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის თვითმფრინავით მიემგზავრებოდა, გაბონში ჩამოვარდა. უბედურ შემთხვევას ნაკრების 18 წევრი შეეწირა.

ათი წლის შემდეგ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი, ლაინერის მარცხენა ძრავის გაუმართაობა იყო.

მფრინავებმა მარცხენა დაზიანებული ძრავის ნაცვლად, მარჯვენა დაუზიანებელი ძრავი გამორთეს, რის გამოც ლაინერი ჩამოვარდა.

2011 წელი, ჰოკეის გუნდის მთელი შემადგენლობა დაიღუპა

2011 წელს, ჰოკეიში რუსეთის სამგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" ბელორუსიაში, სეზონის პირველი თამაშისთვის მიემგზავრებოდა. უეცრად თვითმფრინავი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. უბედური შემთხვევისას ჰოკეის გუნდის მთელი შემადგენლობა დაიღუპა. (წყარო)

იხილეთ ასევე: ანდების შემზარავი ტრაგედია - 72 დაუსრულებელი დღე და იძულებითი კანიბალიზმი

თარგმნა ეკა გადახაბაძემ