"სარაკეტო დარტყმა ისე იყო დაგეგმილი, რომ რუსი სამხედროები არ დაშავებულიყვნენ" - გააფრთხილა თუ არა აშშ-მ რუსეთი მოსალოდნელ თავდასხმაზე?! - კვირის პალიტრა

"სარაკეტო დარტყმა ისე იყო დაგეგმილი, რომ რუსი სამხედროები არ დაშავებულიყვნენ" - გააფრთხილა თუ არა აშშ-მ რუსეთი მოსალოდნელ თავდასხმაზე?!

აშშ-ს სამხედრო ძალებმა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ 59 Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენეს. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ამერიკული სამხედრო ხომალდია განთავსებული.

ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. შემთხვევას 72 ადამიანი ემსხვერპლა, უამრავი ადამიანი მოიწამლა.

"ცენტრალურ სირიაში, შარიათის ავიაბაზაზე ამერიკელების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - განაცხადა ჰომსის გუბერნატორმა.

გამოცემა Al Arabiya-ს ინფორმაციით, ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა.

როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა პარტნიორი ქვეყნები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ სირიაზე იერიშის მიტანას აპირებდა, რუსული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, ამ ქვეყნებს შორის რუსეთი არ იყო. თუმცა, საწინააღმდეგოს აცხადებს, პენტაგონის წარმომადგენელი ჯეფ დევისი, მისი მტკიცებით, სირიის ავიაბაზაზე დისლოცირებული იყო რუსული სამხედრო კონტიგენტიც, შესაბამისად, პენტაგონმა ისინი სარაკეტო დარტყმის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა.

"მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ ქვეყანას, ვიპოვოთ გამოსავალი, რათა საბოლოოდ დასრულდეს სისხლისღვრა სირიაში...

ეჭვიც აღარ არსებობს, რომ სირიის ხელისუფლებამ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამით კი დაარღვია საერთაშორისო კონვენცია ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მათ იგნორირება გაუკეთეს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მოთხოვნებს", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

"ინტერფაქსის" ცნობით, სარაკეტო იერიშებისას ჰომსის პროვინციაში რამდენიმე სირიული ვერტმფრენი დაზიანდა.

აშშ-ს ქმედებას გამოეხმაურა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ: "აშშ-ს სარაკეტო დარტყმები იყო სწორად დაგეგმილი, ისე, რომ რუსი სამხედროები არ დაშავებულიყვნენ.

"როიტერის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც ამერიკამ სირიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტად გაიზარდა. ამ წუთებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 56.08 დოლარს შეადგენს.

ამერიკის სამხედრო იერიშს გამოეხმაურა თურქეთიც. ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცენ სირიის ხელისუფლების ვანდალიზმს.

სირიაში მომხდარს რუსეთის მხარეც გამოეხმურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის თქმით, კრემლი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფითად აფასებენ აშშ-ს ქმედებას:

"ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. (იხილეთ)

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი სამხედრო დარტყმები ცუდად აისახება რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე.

ექსპერტთა შეფასებით, ტრამპი იმეორებს კლინტონის ქმედებას, რომელმაც 90-იან წლებში ყოველგვარი განსაკუთრებული სტრატეგიის გარეშე ავღანეთსა და სუდანზე საჰაერო იერიში განახორციელა.

სირიელი სამხედროების ინფორმაციით სარაკეტო იერიშებმა სირიის სამხედრო ბაზას სერიოზული ზიანი მიაყენა. (წყარო)

მოამზდა ეკა გადახაბაძემ