"სულაც არ მიმაჩნია სათაკილოდ ავტობუსით მგზავრობა" - ჯაბა სამუშია ალეკო ელისაშვილს პასუხობს - კვირის პალიტრა

"სულაც არ მიმაჩნია სათაკილოდ ავტობუსით მგზავრობა" - ჯაბა სამუშია ალეკო ელისაშვილს პასუხობს

"ალეკო ელისაშვილი ახლა მოვიდა პოლიტიკაში და ასე ჰგონია ყველაფერს თავად ამბობს პირველად, ეს პოლიტიკური გამოუცდელობაა" - ასე აფასებს ელისაშვილის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია.

- მე მინდა, მას ვთხოვო, გადახედოს ჩემს გამოსვლებს და კომენტარებს. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც საკრებულოს დეპუტატებს პოლიტიკური ასკეტიზმისკენ მოუწოდებდა და ვამბობდი, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება-მეთქი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვუწოდებ დეპუტატებს, ალტერნატიულ ტრანსპორტზე, ველოსიპედზე გადადით-მეთქი. ვისაც უნდა და ფიზიკური მონაცემები უწყობს ხელს, კი ბატონო იაროს, არავინ უკრძალავს. იმაში, რომ სახელმწიფოს რესურსი, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საქმიანობის შესრულებას უნდა მოხმარდეს, აქ ორი აზრი არ არსებობს... რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობას, მე მაგალითად სულაც არ მიმაჩნია სათაკილოდ ავტობუსით მგზავრობა და ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად ვსარგებლობ, როგორც ავტობუსით, ისე სამარშრუტო და ჩვეულებრივი ტაქსით და ეს არავისგან მესწავლება. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც მიიჩნევს, რომ ასეც უნდა იყოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დავამკვიდრე ტერმინი ქართულ პოლიტიკაში, "პოლიტიკური ასკეტიზმი". არც ის მიმაჩნია გამართლებულად, სტუმარს ველოსიპედით დახვდე და არც ის, რომ სამსახურებრივი მანქანით ჩინოვნიკის ოჯახის წვრებმა იარონ. "ოქროს შუალედი" უნდა ვიპოვოთ-მეთქი, ამას ვამბობდი სულ. ბატონი ალეკო საუბრობს იმაზე, რომ დეპუტატების ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანებს აგარაკებზე ასასვლელად იყენებენ. ამას მე ჩემს თავზე ვერ მივიღებ, რადგან აგარაკი არასდროს მქონია.

- ბატონო ჯაბა, ალეკო ელისაშვილმა შიხიაშვილის დროს გაცემულ პრემიები გაიხსენა და აღნიშნა, ყველაზე მეტი პრემია თქვენ აიღეთ...…

- ბატონი ალეკო იმასაც ამბობს, რომ მე თურმე მილიონერი ვარ, მაგრამ ეს უბრალოდ სასაცილოა. მე და ჩემი ხუთსულიანი ოჯახი ვცხოვრობთ ნუცუბიძის პლატოზე, ორ ოთახიან ბინაში. სხვათაშორის, ალეკო ბევრად უფრო პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, მაგრამ ამ თემებზე საუბარი არასერიოზულია, ისევე როგორც არასერიოზულად მიმაჩნია ბატონი ალეკოს ის განცხადება, რომ 36 წლის ასაკში იგი თურმე ყოველდღე 5 ლარს სთხოვს მამას.

რაც შეეხება პრემიების თემას, იქნებ იმითაც დაინტერესდეს ბატონი ალეკო, რა კონკრეტული მიმართულებით გადაირიცხა პრემიის სახით დარიცხული თანხა. სხვებისგან განსხვავებით, მე არ მიყვარს ასეთ რაღაცეებზე ხმამაღალი ლაპარაკი - იქნებ სახელმწიფოს მშენებლობაში სხვა ფორმით მივიღე მონაწილეობა და ამაზე სხვებივით არ ვყვირი?.. არ ვარ ასეთი კაცი და რა ვქნა?...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე იხილეთ: ალეკო ელისაშვილი: "ჯაბა სამუშიას საერთოდ რა ალაპარაკებს? 250 პარტია აქვს გამოცვლილი"