"ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ და ამაზე ლაპარაკი უნამუსობაა" - ნიკა რურუა პოლიტიკურ გეგმებს ამხელს - კვირის პალიტრა

"ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ და ამაზე ლაპარაკი უნამუსობაა" - ნიკა რურუა პოლიტიკურ გეგმებს ამხელს

"სამართლიანობის აღდგენა თავიდანვე იდიოტური დაპირება იყო"

"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან იქ რა მოხდა და არავინ ავრცელებს ხელოვნურად სიბინძურეებს, როგორც ამას ზოგიერთები აღნიშნავენ."

რატომ მიიჩნევს სამართლიანობის აღდგენას "იდიოტურ დაპირებად" და რას უკავშირებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას, ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ვის მიიჩნევს ქართულ პოლიტიკაში ბუნებრივ მოკავშირედ, "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოება "ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ რურუა პასუხობს:

- "ქართული ოცნება" დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს და საზოგადოებაში მხოლოდ სიძულვილის გაღვივებას ცდილობს - ხელისუფლებას უნდა, რომ ადამიანები მონურ მორჩილებაში ამყოფოს და ხალხი რეპრესიების საშუალებით მართოს. ბიძინა ივანიშვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციებს კომპრომატების გამოქვეყნებითაც დაემუქრა, მსგავსი განცხადებები კი, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და დემოკრატიულობის განვითარებას ხელს უშლის.

- პარადოქსულია, რომ ხელისუფლებას ამ სიტყვებით დღეს თქვენ აფასებთ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ოპონენტების პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ განცხადებებსა თუ ქვეყანაში 300 ათასი მსჯავრდებულის არსებობაზე წლების წინ არაფერს ამბობდით.

- დიახ, მაგრამ ეს ყველაფერი სიცრუე იყო. "ოცნება" ხელისუფლებაში სწორედ სიცრუის ტირაჟირებით და დღესაც იგივე კამპანიას აგრძელებს, თანაც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნისა და სასამართლო პროცესებით საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა მსგავსი სპექტაკლები არც ეკონომიკას უშველის და ვერც მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

- დააზუსტეთ, რომელი იყო დადგმული სცენა - ირაკლი ფირცხალავას სასამართლო პროცესი ე.წ. კორტების სპეცოპერაციისთვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო განხილვა თუ ზურაბ ჟვანიას საქმის გაყალბებისთვის პროკურორების დაკავება?

- როცა დაზარალებულის ოჯახის წევრს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, გაუმართლებელია. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გახსნაზე ლაპარაკი კი, უტიფარი ტყუილია. ამ საქმეში არაფერია გასახსნელი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის - ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა გულუბრყვილო მსმენელს თავბრუს ახვევენ და ატყუებენ. ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან იქ რა მოხდა და არავინ ავრცელებს ხელოვნურად სიბინძურეებს, როგორც ამას ზოგიერთები აღნიშნავენ. იქ უხერხული სცენა იყო, რაზეც ხალხს ურჩევნია არ ილაპარაკოს.

- დიდი ხანია ყოფილი სახელისუფლო გუნდი მსგავს განცხადებებს აკეთებთ და მსგავსი შეფასებები თითქოს შანტაჟსაც ემსგავსება, რატომ არ ხსნით ბოლომდე კარტს, რისი თქმა გსურთ და საერთოდ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ორი პოლიტიკური ძალის ურთიერთბრალდები საზოგადოება დაიღალა და სამართლიანობის აღდგენის საკითხმაც თავისი დანიშნულება დაკარგა?

- მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ზურაბ ჟვანია ჩემი მეგობარიც იყო და რაზეც ვილაპარაკე, ყველა დეტალი გამოძიების მასალებში დევს. ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ და ამაზე ლაპარაკი უნამუსობაა. მკვლელობა საძებნელი ბარბარე რაფალიანცისა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეებში იყო, რასაც პროკურატურა დღემდე ვერ იძიებს. სამართლიანობის აღდგენა თავიდანვე იდიოტური დაპირება იყო. ეს სრულიად შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც შინაარსშიც საფრთხეს შეიცავს - სამართლიანობის დამდგენი კრიტერიუმი ბუნებაში არ არსებობს, ის ფინალამდე მისვლას გამორიცხავს, რადგან ყოველთვის გამოჩნდება გაბრაზებული და შურისმაძიებელი ადამიანი, ამიტომ ხელისუფლებამ სამართალი და კანონი უნდა დაიცვას!

- და წინა ხელისუფლება კანონს იცავდა? სხვათა შორის, პროკურატურაში წართმეული ქონებების დასაბრუნებლად დეპარტამენტი მუშაობას იწყებს.

- უმეტეს შემთხვევაში კანონს იცავდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იყო. ბიზნესის წართმევებსა და მონოპოლიზაციაზე კი, მხოლოდ ტლიკინი მოვისმინე.

- კეზერაშვილისა და თუნდაც გიგი უგულავას ბიზნესინტერესებზე არაფერი გსმენიათ? სხვათა შორის, გიგი უგულავას საქმიანობის შესწავლა ჯერ კიდევ ადეიშვილმა დაიწყო, თანაც პროკრუატურაში 20 ათასზე მეტი საჩივარი დევს.

- ვიცი ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს - ახლა ფულის შოვნა შეგვიძლია და პროკურატურაში საჩივარი ჩვენც შევიტანოთო. საჩივრების უმეტესობა სიცრუეა, ამიტომ მათი უმრავლესობა დღემდე არ კმაყოფილდება.

- არც ისე დიდი ხნის წინ, ვადამდელი არჩევნები დაანონსეთ. დღესაც რეალურია პარლამენტის ვადაზე ადრე შეცვლის საკითხი?

- მართლაც, "ივერიის" ინფორმაციით, რეგიონებში პოლიციის უფროსებსა და გამგებლებს არჩევნებისთვის ნიადაგის მომზადება დაავალეს. როგორც ჩანს, ეს გეგმა "ქართულ ოცნებას" მაგიდაზე უდევს. ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, მაგრამ ერთი დეტალი ჩემთვის გაუგებარია - კონსტიტუციის მიხედვით, ვადამდელი არჩევნებისთვის ან ბიუჯეტი არ უნდა დამტკიცდეს ან მთავრობა. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადადგომის გარეშე შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარებაო. ამიტომ ეს პროცესი როგორ წარმოუდგენიათ,

- კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ თქვენ მეგობარ ირაკლი ალასანიასთან და დავით ბაქრაძესთან ერთად კოალციიას შექმნით. რეალურად გეგმავთ საზოგადოება "ივერიის" პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას?

- კოალიცია რომ შექმნილიყო, მსგავსი რამ ჩემთვისაც ხომ უნდა ეთქვათ? მე პოლიტიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ვარ, "ივერიას" კი თავისი გეგმების წყება აქვს, რომელსაც საზოაგდოება თავის დროზე შეიტყობს. ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევად მეჩვენება.

- და მოკავშირეები უკვე განსაზღვრული გყავთ?

- დიახ, ჩვენი მოკავშირე იქნება ყველა პროდასავლური ძალა - "ნაციონალური მოძრაობა", ირაკლი ალასანია, რაღაც დონეზე "ახალი მემარჯვენეები", დაახლოებით ასევე: ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურ პოლიტიკაში ჯერ არ ჩაბმულან, მაგრამ აპირებენ.

- დააკონკრეტეთ - ვინ აპირებს არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში ჩართვას?

- კონკრეტულად გვარების გამოყოფას არ დავიწყებ. კონსულტაციები არ დაწყებულა, ამიტომ დროს ნუ გავუსწრებთ. გაერთიანებაში სხვა ხალხიც მონაწილეობს და რაღაცას რომ დააანონსებ, მინიმუმ მათთან შეთანხმებული უნდა ვიყო. თავის დროზე ყველაფერი საერთოდ, მოკავშირედ წარმომიდგენია ყველა, ვისაც საქართველოსთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუნდაც დღევანდელი "ოცნების" წარმოამდგენელი. ამით ყველაფერია ნათქვამი, მეტს ვერაფერს დამტყუებთ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ალასანია, ნიკა რურუა და დავით ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან?!