"ზვიად გამსახურდიამ კი არა, იესო ქრისტემ ვერ შეუცვალა ადამიანებს ცნობიერება" - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიამ კი არა, იესო ქრისტემ ვერ შეუცვალა ადამიანებს ცნობიერება"

"რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ზვიად გამსახურდიას ამ გარემოში გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა."

"მამას ჰქონდა შეცდომები და ამაზე არავინ არ დაობს"

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 76 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას გახსენება მის ვაჟს ცოტნე გამსახურდიას ვთხოვეთ:

- მე და მამას ზომიერი ურთიერთობა გვქონდა, რადგან ის უამრავ საზოგადოებრივ საქმეში იყო ჩართული, დროც ძალიან ცოტა ჰქონდა და აქედან გამომდინარე დიდი დროს ვერ გვითმობდა. ჩვენ დისტანცირებული ურთიერთობა გვქონდა და საკმაოდ იშვიათად ვსაუბრობდით ხოლმე, განა იმიტომ რომ მას სურდა ასე, ალბათ ეს ჩემი ბრალი უფრო იყო - მამასთან ძალიან მორიდებული ვიყავი.

- ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია დაღუპა საკუთარი ქვეყნის უზომო სიყვარულმა და რომ არა მისი პატრიოტიზმი, ბევრი რამე შეიცვლებოდა. რამდენად ეთანხმებით ამ მსჯელობას?

- რომ არა მამას პატრიოტიზმი, რა იქნებოდა ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან ისტორიას არ უყვარს თურმეობითი კილო...  ფაქტია, რომ საქართველოს უსაზღვრო სიყვარულმა მას ბევრი რამის დანახვის საშუალება არ მისცა, ბევრი ალტერნატივის რომელიც იმ მომენტში შესაძლოა დროებითი უკან დახევაც ყოფილიყო. მე ვიტყოდი, რომ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ის როგორც არ უნდა მოქცეულიყო... გამსახურდია არ იყო ღმერთი და შეუძლებელს ვერ გააკეთებდა. ის ვერ შეუცვლიდა ტვინს მილიონობით ადამიანს, რომლებიც ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულან მოქალაქეებად. გაიარეთ ქუჩაში ნახეთ როგორ იქცევიან ადამიანები და გაითვალისწინეთ, როგორი იქნებოდა ხალხის ცნობიერება იმჟამად. გამსახურდიამ კი არა, იესო ქრისტემ ვერ შეუცვალა ადამიანებს ცნობიერება. შეიძლება ითქვას ჩვენ ვითხოვდით შეუძლებელს... რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ზვიად გამსახურდიას ამ გარემოში გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა.

- ბატონო ცოტნე, როგორ ფიქრობთ ზვიად გამსახურდია როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჯეროვნადაა შეფასებული?

- ვიტყოდი, რომ რაც დრო გადის, ადამიანები უფრო უკეთ ხედავენ მის პიროვნებას, მის ნამოღვაწარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგივე შეცდომებს აღარ ვიმეორებთ, რაც მაშინ ხალხმა დაუშვა. რა თქმა უნდა, მამას ჰქონდა შეცდომები და ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ სხვებმა გააკეთონ უკეთესად, მე ნამდვილად არ ვაპირებ მამაჩემის ადვოკატობას, ჩემი მხრიდან ეს ცოტა უხერხულიც იქნება, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ რა რთული პერიოდი იყო მაშინ.

- საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილობა პატივია თუ ტვირთი?

- ცხოვრების შეგნებული ნაწილი გატარებული მაქვს ისეთ ადგილებში სადაც კაციშვილმა არ იცოდა ვინ ვიყავი და არავინ ანგარიშს არ უწევს თუ ვინაა შენი მშობელი. ვინც მე მიცნობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ზვიად გამსახურდიას შვილობით სარგებლობა უბრალოდ არ მჭირდება. ვისაც შურს ჩემი, შემიძლია ვაჩუქო ჩემი სახელი და გვარი, ამით მე არც მომაკლდება რამე და არც - მომემატება

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "იყო კი ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ხიბულაში რომ მიიყვანეს?!" - ავბედითი სახლის ისტორია