პრემიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ - რას აპირებს მარგველაშვილი?! - კვირის პალიტრა

პრემიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ - რას აპირებს მარგველაშვილი?!

”უსამართლობაა იმაზე ლაპარაკი, თითქოს პრემიერი პრეზიდენტთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა გუნდურობის წესი პირველმა დაარღვია და ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურად დაუპირისპირდა.”

"ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს."

როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება თანდათან უფრო გაღრმავდება, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ ამით ქვეყანამ რაიმე იხეიროს. პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მთავრობა წელსაც არ დაესწრო... თავის მხრივ კრიტიკული იყო გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც ღარიბაშვილის მთავრობა არაკორდინირებულ მოქმედებებში დაადანაშაულა და "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო დაპირებებიც გაახსენა. "ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს." - განაცხადა მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი გუშინ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. "რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნას, თითქოს მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განვიხილეთ ჩვენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა და კომპეტენცია." - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით: "საწყენია, როდესაც ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან გაუმართლებელ კრიტიკას ვისმენთ." მოკლედ, ”დამაკნინებელი შეფასება და გაუმართლებელი კრიტიკა...”- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს. რატომ ვერ დალაგდა პრემიერსა და პრეზიდნეტს შორის ურთიერთობა და ქმნის თუ არა გიორგი მარგველაშვილი ცალკე პოლიტიკურ გუნდს? - გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- უსამართლობაა იმაზე ლაპარაკი, თითქოს პრემიერი პრეზიდენტთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა გუნდურობის წესი პირველმა დაარღვია და ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურად დაუპირისპირდა. თუ დაკნინებაზეა ლაპარაკი, სახელმწიფო ინსტიტუტი პირველ რიგში პრემიერმა და მთავრობამ დააკნინეს, როცა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსასმენად არ მივიდნენ. თანაც, გიორგი მარგველაშვილმა წლიურ ანგარიშში მის ზოგად შეფასებებსა და შენიშვნებზე ილაპარაკა და მის განცხადებებზე, ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურება, პირადად ჩემთვის გაუგებარია.

- პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთბრალდებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარნეულში თბილი შეხვედრის მიღმა, რეალურად ქვეყნის პირველ პირებს შორის ურთიერთობა ისევ კონფროტაციულ რეჟიმში გრძელდება?

- არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის კონფლიქტია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე ვლაპარაკობ. თუ პრემიერი ურთიერთობის დათბობის ინიციატორი მართლაც იყო, რატომ ვერ ვიხილეთ მთავრობა პარლამენტში? ვფიქრობ, მთავრობის ხელმძღვანელი საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგება. თანაც, ნურავინ იფიქრებს, რომ საზოგადოებას ამნეზია დაემართა და ვინმეს თუნდაც ღარიბაშვილის განცხადებები დაავიწყდა. მთავრობის წევრების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, პრეზიდენტი უფუნქციოა და მისი განცხადებების მოსმენის აუცილებლობაც არ არსებობსო. ასე რომ, დღეს ღარიბაშვილი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ისიც ფაქტია, პრემიერი მაქსიმალურად ცდილობდა პრეზიდენტის შეფასებისას კორექტული ყოფილიყო.

- პრეზიდენტისგან მთავრობის ღია კრიტიკა, ხომ არ მიანიშნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი თავის პოლიტიკურ გუნდს უკვე რეალურად ქმნის?

- პრეზიდენტმა საკუთარი ქმედებით არაერთხელ დაადასტურა, რომ პარტიულ თუ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ აპირებს. მისი ამოცანა მხოლოდ პოლიტიკური სივრცის გახსნა და პრეზიდენტის ინსტიტუტციის გაძლიერებაა. არ ვფიქრობ, რომ ის ამ სივრცეს გასცდება და არც უნდა გასცდეს! სხვათა შორის, დღეს ჩემთვის ”თავისუფალი დემოკრატების” განცხადებებიც მიუღებელია, რომლებიც თავის დროზე, პრეზიდენტს პირველები დაუპირისპირდნენ. მეტიც, ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილთან ბრძოლაში სწორედ ალასანიას გუნდი აღმოჩნდა ფრონტის წინა ხაზზე, ამიტომ დღეს მათი ლაპარაკი ნაკლებად დამაჯერებელია. ვიმეორებ, საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს და ხალხს ვერავინ მოატყუებს.

თუმცა ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილმა ბოლოს და ბოლოს მიიღოს პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება. ამ ცოტა ხნის წინ ექსპერტი მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებდა: "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლება მარგველაშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. არ გამოვრიცხავ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ითანამშრომლონ იმ ჯგუფთან, რომელიც ჯერ არ გააქტიურებულა, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს. ვგულისხმობ ნიკა რურუასა და მათ, ვინც წინა ხელისუფლების წევრები კი იყვნენ, მაგრამ საზოგადოება მათ ნაკლებად უკავშირებს "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებს.

შესაძლოა, ამგვარი ალიანსი პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო ჩამოყალიბდეს..."

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე:

რა შენიშვნები მისცა პრეზიდენტმა მთავრობას, რომლის წევრებმაც მისი ანგარიში კვლავაც არ მოისმინეს

ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე