უდესიანი ძვირადღირებულ "ბრისტოლში" - "ჯერ დამემუქრა, მერე მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა" - კვირის პალიტრა

უდესიანი ძვირადღირებულ "ბრისტოლში" - "ჯერ დამემუქრა, მერე მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა"

"როგორ ხდება, რომ ხელისუფლების ყოფილი ფუნქციონერებს (კეზერაშვილის არ იყოს) და მათთან დაკავშირებულ "დრუჟენიკებს", ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა?!"

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის პირველივე წუთებიდან, მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა მომხდარი ტრაგედია გია უდესიანის სახელს დაუკავშირეს. "რუსთავი 2"-სთვის მიეცემულ ინტერვიუში უდესიანი შეეცადა ფარული ვიდეოჩანაწრების გამოქვეყნებით თავი ემართლებინა, თუმცა ბესო ხარძიანი არც პირველი და არც უკანასკნელი ბიზნესმენი ყოფილა, ვინც მას ზეწოლასა და ქონების წართმევაში ადანაშაულებდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს რეპრესირებული ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელიც იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, 2012 წლის აგვისტოში "კვირის პალიტრასთან" შემდეგს ყვებოდა:

"2011 წლის 23 მაისს (ამ დროს ბურჯანაძე მართავდა მიტინგებს თბილისში) გამოვედი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიიდან - "ალბატროსი", რომელიც ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს და ფეხით გავაგრძელე გზა. მოულოდნელად თავს დამესხნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც არც განმარტება მომცეს, არც საბუთები წარმომიდგინეს და მანქანაში ჩამტენეს. ჯერ საფინანსო პოლიციაში წამიყვანეს, მერე თავი ამომაყოფინეს კუდ-ში, მოდულის შენობაში. ბიზნესმენთან საფინანსო პოლიციას შეიძლება კითხვა ჰქონოდა, მაგრამ მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ვიკითხე, აქ რა მინდა-მეთქი. თქვენთან ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უნდა გასაუბრებაო. სოსო თოფურიძის ოთახში შემიყვანეს. იქ გიორგი უდესიანი დამხვდა. კამუფლაჟში იყო ჩაცმული და ვიფიქრე, ალბათ, აქ მუშაობს და უფლება აქვს, კითხვები დამისვას-მეთქი. უდესიანი თოფურიძის სავარძელში ჩაჯდა და მითხრა, ხელისუფლებაში კარგი თვალით არ გიყურებენ, ქონების გამო პრობლემები გაქვს ხელისუფლებასთანო. რა ქონებასა და პრობლემებზე მელაპარაკებით-მეთქი? რაღაცას მიედ-მოედებოდა. ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციასთან მაქვს კავშირი. უნდოდა, გავლენის ქვეშ მოვექციე. ვუთხარი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არც ბურჯანაძეს ვიცნობ და არც რომელიმე ოპოზიციონერს-მეთქი. მაინც განაგრძო, ხომ იცი, ეგენი რუსეთის ხალხია, რუსები მართავენო. არც ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი. მერე მუქარა დაიწყო, მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა. ძალიან გაურკვევლად მელაპარაკა. მითხრა, შენს ძმასაც პრობლემები აქვს ხელისუფლებასთანო. კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და დაშავება ხომ გამორიცხულია, თუ რამე პრობლემაა, პირდაპირ მითხარით-მეთქი. უდესიანმა ამის მერე კეთილი ადამიანის როლის თამაში დაიწყო. მამის სული იფიცა, შენ აქ არავინ შეგეხება, მაგრამ აქ უნდა დარჩე, სანამ ვითარება გაირკვევაო. ვუთხარი, ადვოკატთან დავრეკავ-მეთქი. არ გინდა, მე მოგიგვარებ ყველაფერსო. თოფურიძის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ სამი ღამე მეძინა (!). ჩემთან ერთად იყო ერთი კუდ-ის თანამშრომელი, რომელიც თოფურიძის თანაშემწედ გამეცნო. წუთითაც არ მცილდებოდა, საჭმელი მოჰქონდა..."

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალმა და დოკუმენტალისტმა პაატა ქურდაძემ გია უდესიანთან "რუსთავი 2"-ის მიერ პარიზში ჩაწერილ ინტერვიუს შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი ჩანაწერი გამოაქვეყნა:

"დღეს დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. სანამ ავდგებოდი, ლეპტოპში "რუსთავი 2"-ის უდესიანთან პარიზში ჩაწერილ ინტერვიუს ვუყურე - სასტუმრო "ბრისტოლში". უბრალოდ აქაური ვარ და ვიცანი, თორემ "რუსთავმა" ისე გამოაცხადა უდესიანი პარიზში ცხოვრობსო, კაცი იფიქრებდა, რომ ბრისტოლი სენტ-ონორეს ქუჩაზე კია არა კუს ტბაზეა. ვიწექი და ვფიქრობდი, უკვე მერამდენედ, ნეტა როგორ ხდება, რომ საქართველოში ხელისუფლების ყოფილი ფუნქციონერებს (კეზერაშვილის არ იყოს) და მათთან დაკავშირებულ "დრუჟენიკებს", ყველას ბიზნესის ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ ბრისტოლზე ნაკლებს აღარაფერს კადრულობენ-მეთქი... ახლავე აგიხსნით ბრისტოლი რა სასტუმროა - "ბრისტოლი" ის სასტუმროა (პალასი) რომელსაც დიდი როკ ვარსკვლავები სტუმრობენ ხოლმე ხშირად... მე სულ ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ სტინგი დამემგზავრა ლიფტში (ჩაწერაზე ვიყავი მისული მირეი მატიესთან, თორემ ისე იქ რა მინდოდა).. არა, არც სტინგს ვერჩი რამეს და არც უდესიანს.. უბრალოდ სტინგი რაღაც უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა ინოქსის ლიფტში...

მოკლედ ასეთ რაღაცეებზე რომ ვფიქრობდი, სწორედ ამ დროს,

ჩემმა გაბრიელმა,რომელიც მონმარტზე, აბესზე ერთი ციცქნა ოთხში ცხოვრობს და ბედნიერია დამოუკიდებლობის მისთვის სრულიად ახალი შეგრძნებით, "ფეისბუკზე" პატარა ტექსტი დადო - ანტუან სენტ ეკზუპერის ცნობილი ლოცვა.. არ ვიცი, რამ გაახსენა ეკზუპერი ამ დილაუთენია, ლექციებზე წასვლის წინ... მაგრამ დილის ლოცვასავით კი გამოუვიდა... მარტო თავისთვის კი არა, ჩემთვისაც, უდესიანისთისაც და თქვენ წარმოიდგინეთ რუსთავი ორისთვისაც...

მთლიანად ვერ გადავთარგმნი ასე უცებ, მაგრამ აი ბოლო სამი სტრიქონი:

... (უფალო!) მაქციე ადამიანად. რომელსაც შეუძლია, ბოლომდე დაცემულთ შეუერთდეს... მომეცი არა ის, რაც მსურს, არამედ რაც მჭირდება, მასწავლე პატარა ნაბიჯებით სიარულის ხელოვნება!..."

რაღაც პათეტიკურად კი გამომივიდა, მაგრამ მართლა ასეთი დილა მქონდა- უდესიანთან, გაბრიელთან და სენტ ეკზუპერისთან ერთად...".

იხილეთ ასევე:

"უდესიანი ჯერ დამემუქრა, მერე მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა..."

რა აკავშირებს გია უდესიანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან?!