პოლიტიკური შანტაჟის დიდი საფრთხე - რა შეიძლება მოხდეს თუ ფარული ჩანაწერები უცხოური სპეცსამსახურების ხელში მოხვდება?! - კვირის პალიტრა

პოლიტიკური შანტაჟის დიდი საფრთხე - რა შეიძლება მოხდეს თუ ფარული ჩანაწერები უცხოური სპეცსამსახურების ხელში მოხვდება?!

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საფრთხე კვლავაც  უდიდესია.

თვით ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამ პროცესის აღკვეთი მექანიზმი არ ჩანს, რადგან ინტერნეტის სრული კონტროლი წარმოუდგენელია, ასევე  უცნობია სად და ვის ხელში შეიძლება იყოს ეს სასტიკი "იარაღი".  აქადან გამომდინარე, გაზეთი "კვირის პალიტრა" სვამს კითხვას:  რამდენად დიდია საფრთხე, რომ ეს ჩანაწერები უცხოური სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს, თუ უკვე არ არის მოხვედრილი? - რაზეც ექსპერტი გია ხუხაშვილი ასე პასუხობს:

- საფრთხე ძალიან დიდია. ფარული ჩანაწერების ერთ-ერთ საქმეზე ახლახან დააკავეს ხუთი ადამიანი - აბსოლუტურად ნეიტრალური პირები, რომელთაც წესით, ამ ტიპის მასალაზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ... ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ფარული ჩანაწერები მეტასტაზებივით არის გავრცელებული. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თუნდაც ამ ხუთმა ადამიანმა რამდენი ასლი გააკეთა, სად გადამალა და კიდევ ვის მისცა, იცის ვინმემ? ამიტომაც საფრთხე, რომ ფარულ ჩანაწერებზე ნადირობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მასალის ნაწილი უკვე ხელშიც ჰქონდეთ ჩაგდებული, დიდია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩანაწერები არ იქნება მხოლოდ სექსუალური ცხოვრების ამსახველი, რასაც ადამიანმა შეიძლება კიდევ გაუძლოს. ახლა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ ასეთი ჩანაწერებისკენ არის მიპყრობილი, რაც არასწორი მგონია.

შესაძლოა, არსებობდეს დანაშაულის ნიშნების შემცველი ჩანაწერებიც, მაგალითად, ნარკოდამოკიდებულების ფაქტები, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საუბრები და ათასი სხვა რამ... ანუ ისეთი კადრები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შანტაჟი, ეს კი პირადი ცხოვრების საკითხებს სცილდება და სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილში გადადის. მინდა, მივმართო იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დღეს არიან თანამდებობებზე, აქვთ ეჭვი, რომ მათზე შეიძლება ამ ტიპის კომპრომატი არსებობდეს და არ არიან დარწმუნებული, რომ ზეწოლას გაუძლებენ, სასწრაფოდ და უხმაუროდ დატოვონ თანამდებობები, რადგან ეს აღარ არის მხოლოდ მათი პრობლემა - ეს შეიძლება სახელმწიფოებრივ თავსატეხად იქცეს. ოდნავ მაინც თუ აქვთ სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის განცდა, სახელმწიფოს ეს საფრთხე უნდა აარიდონ.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ანაც გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატიის სრული ონლაინვერსია