უსუფაშვილი მარგველაშვილისა და წულუკიანის პოლიტიკურ აფექტზე საუბრობს - "არც პრემიერი იყო ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული" - კვირის პალიტრა

უსუფაშვილი მარგველაშვილისა და წულუკიანის პოლიტიკურ აფექტზე საუბრობს - "არც პრემიერი იყო ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული"

"შესაძლოა, ჩემს განცხადებას იმდენად დიდი ნდობა არ ჰქონდეს საზოგადოებაში, როგორიც "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა ავწონ-დავწონოთ".

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოახლოებულ არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ფარული ჩანაწერების სკანდალზე ისაუბრა:

- პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სკანდალზეც მინდა გკითხოთ და იმაზე, რომ საზოგადოება უსწრაფესად ითხოვს ხელისუფლებისგან ამ საქმეზე წერტილის დასმას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ 11 მარტს, როდესაც კადრები გავრცელდა, ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური რეაქცია გამოავლინა. კერძოდ, თეა წულუკიანმა, გიორგი მარგველაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა აღიარებული შეცდომის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს". პრეცედენტი, რომ თავისუფალ მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებდეს პრეზიდენტი ან იუსტიციის მინისტრი, ალბათ, არ დაფიქსირებულა დემოკრატიულ ქვეყნებში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოგვიანებით თინათინ ხიდაშელმა თბილი ფეისბუკპოსტი მიუძღვნა სააგენტოს და საბოლოო ჯამში, მასთან თანამშრომლობა გააგრძელა.

- 11 მარტს შოკისმომგვრელი ვითარება შეიქმნა. შესაბამისად, ჩემი აზრით, მინისტრებმა და პრეზიდენტმაც პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე მეორე დღეს პრემიერთან გვქონდა საუბარი, არც ის იყო აღფრთოვანებული ამ გადაწყვეტილებებით, მაგრამ მასაც ესმოდა, რომ ცხელ გულზე გააკეთეს ამ ტიპის განცხადებები. რა თქმა უნდა, მინისტრი მაღალი რანგის პოლიტიკოსია და მას უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ მედიასაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა არ არის მთავრობის ექსკლუზივი. მაგალითად, შესაძლოა, ჩემს განცხადებას იმდენად დიდი ნდობა არ ჰქონდეს საზოგადოებაში, როგორიც "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა ავწონ-დავწონოთ.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ეს ხელისუფლება ფარული ჩანაწერების საქმის ბოლომდე მიყვანას?

- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე იდგა, 2008 წელს მოხდა ომი და ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელო იყო, საქართველოსთვის ფარული ჩანაწერები ამ საუკუნის ყველაზე დიდი ლაქაა. რა არ მოუფიქრებიათ ტირანებს, დიქტატორებს - ადამიანების წამება, მკვლელობა, მაგრამ არც ერთი რეჟიმი არ მისულა იქამდე, რომ საწოლებში ჩამწერები დაემონტაჟებინა, ინსცენირებისთვის მსახიობები დაექირავებინა და პოლიტიკოსებზე არასწორი ინფორმაცია ამ გზით შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, შანტაჟი ყოველთვის იყო, მაგრამ იმ მასშტაბის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იყო - არასოდეს. ათასობით ფაილის არსებობა ნიშნავს, რომ ათასობით კამერა, ასობით ადამიანი და ათეულობით მათი ხელმძღვანელი მუშაობდა. ამ "ინდუსტრიის" გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუ კოალიციამ საამისოდ ცოტა გააკეთა, მომავალ მმართველს გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევს, რომ ჩანაწერების შემქმნელები და დამკვეთები ბოლომდე გამოააშკარაოს. შესაძლოა, ქუჩაში ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო და ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ. ეს დაუშვებელია! მისასალმებელია, რომ პრემიერის აქტიურობის შედეგად, საქმეში ამერიკული მხარე ჩაერთო, მეტიც, ევროპელებიც მნიშვნელოვან დახმარებას დაგვპირდნენ.

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავმხდარიყავი"

სტატია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 11 აპრილის ნომერში, ან გახდით ჩვენი ასაიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.