"ბიძინას ბოტანიკური" - აქცია და დაპირისპირება თბილისის მერიასთან - კვირის პალიტრა

"ბიძინას ბოტანიკური" - აქცია და დაპირისპირება თბილისის მერიასთან

უკვე მეორე დღეა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები მართავენ. ისინი ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექციას აპროტესტებენ. კერძოდ, მათი მტკიცებით, ბაღს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4 ჰექტარი ”წაართვა”. (იხილეთ: "ბატონმა ივანიშვილმა ქურდულად 4 ჰექტარი წაართვა ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს")

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერსა და მის მოადგილეს მერიაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და თუ 3 მაისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

აქცია დღეს დილით განახლდა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ უკანასკნელსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ხოლო როდესაც მერიაში ნარმანიას მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე მივიდა, ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეეცადნენ, ლექვინაძე მერიის საპარკინგო ტერიტორიაზე არ შეეშვათ. მერიის ტერიტორიაზე ირაკლი ლექვინაძე ავტომობილით შევიდა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლექვინაძე შეძახილებით გააცილეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თბილისის მერიასთან ბიძინა ივანიშვილის და დავით ნარმანიას გამოსახულებით ფიტული მიიტანეს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ასევე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: ”ნარმანია ივანიშვილის საკუთრებაა”,” ბოტანიკური ბაღი ხალხის საკუთრება” და სურათი წარწერით: ”ბიძინას ბოტანიკური”.

”ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

ამის პარალელურად, მერიაში თბილისის მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე შევიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები, თუმცა მათი თქმით, დედაქალაქის მერისგან ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი დავით ნარმანია იმალება, ვინაიდან მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მიეცათ და ამავე დროს საკრებულოში დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც ნარმანია უნდა დასწრებოდა, გადაიდო.

თბილისის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებსა და საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.

”გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქის მთავრობის წევრებს არა აქვთ პასუხები ჩვენ შეკითხვებზე, მათ აირჩიეს აგრესიული სტრატეგია, რამაც სხდომაზე შელაპარაკება გამოიწვია. ეს ყველაფერი კი სიტყვიერ შეურცხყოფამდე მივიდა”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით