"ოცნების" სიის შედგენაში, კვირიკაშვილის და ივანიშვილის გარდა, ყველა მონაწილეობდა" - კვირის პალიტრა

"ოცნების" სიის შედგენაში, კვირიკაშვილის და ივანიშვილის გარდა, ყველა მონაწილეობდა"

"ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს, ყველას ერთად შეკრებილს, ერთი წუთით იმდენი სიხარული მოუტანიათ ქართველი ერისთვის, როგორც შოთა ხაბარელს, როდესაც ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მათზე ნაკლები განათლება, ან მათზე ნაკლები ცოდნა აქვს"?

მოგეხსენებათ "ქართულმა ოცნებამ" თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების სია წარადგინა, რომელშიც ფეხბურთელები, რაგბისტები და მომღერლები მოხვდნენ. ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ კანდიადტურებზე საზოგადოების წარმომადგენლები.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

- საერთოდ არ ვუყურებ ა ტელევიზორს, არ ვუსმენ არანაირ ინფორმაციას და, არ ვიცი, ვინ დაასახელა "ოცნებამ" მაჟორიტარებად. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ზაზა ხუციშვილი კარგი მუსიკოსია და მის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. რაც შეეხება პოლიტიკას, არ მაინტერსებს საერთოდ. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩემი ქვეყანა ფეხზე დადგეს, აღარ იყოს ამდენი გაჭირვებული და უბედური ადამიანი. ამ ქვეყანას, არა მგონია, ოდესმე რამე ეშველოს. აღარ მინდა, ამდენი ცუდის მოსმენა, ამიტომაც გადავწყვიტე ვაკეთო ჩემი საქმე და მოვწყდე პოლიტიკურ ამბებს. მითუმეტეს ეხლა რაღაც ბიზნესი დავიწყე და მასზე ვარ მთლიანად გადართული. არჩევნებზე წავალ აუცილებლად, რათა მოვიხადო ჩემი მოქალაქეობრივი ვალი.

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი:

- ქილიკი გაისმა "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით. ცდილობენ, სპორტსმენობა ნეგატიურად წარმოაჩინონ. ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს, ყველას ერთად შეკრებილს, ერთი წუთით იმდენი სიხარული მოუტანიათ ქართველი ერისთვის, როგორც შოთა ხაბარელს, როდესაც ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მათზე ნაკლები განათლება, ან მათზე ნაკლები ცოდნა აქვს? რას ქილიკობენ, რა არის აქ საქილიკო? ადამიანმა წარმატებით იასპარეზა სპორტულ სარბიელებზე და მერე პროფესიონალური ცხოვრება გააგრძელა - ზოგი ეკონომისტია, ზოგი იურისტია, რა სჭირთ ამ უცოდინარების საქილიკო?

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია წარმოდგენილი. ბუნებრივია, ერთგვაროვანი არ არის. ზოგი უკეთესია, ზოგი - უარესი, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც თბილისში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს. (წყარო)

გია კორკოტაშვილი:

- რა გაუკეთებია ამ ხალხს სხვაზე მეტი, რით არიან განსაკუთრებული და რა დამსახურებისთვის მიიღეს ეს ნდობა? სამშობლო უყვართ ჩემზე ან სხვაზე მეტად? რის გამო უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა მათ, კობიაშვილი რომ ფეხბურთელია, ხუციშვილი რომ კარგი მონადირე ყოფილა, ამიტომ? ერთი არგუმენტი მაინც მითხრან და გავჩუმდები... განათლება აქვთ ვინმეზე მეტი, მომავალში პარლამენტში პროდუქტიულობით იქნებიან გამორჩეული თუ ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნებენ? ვიღაც ერთი დაუწერს დაპირებებს და ესენიც ყველა შეხვედრაზე დადგებიან ამომრჩევლების წინაშე "შპარგალკით", "წაუმღერებენ" და მორჩა. ყველამ ხომ ვიცით, რომ მათ სხვა რესურსი, არც პოლიტიკური და არც ადამიანური არ გააჩნიათ.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, რომ კანდიდატებს შორის 5 სპორტსმენია?

- ეს კითხვა ბევრს აწუხებს და მათ შორის - მეც. ვერ გეტყვით, ალბათ ადვილი სამართავები არიან ან შეიძლება რაღაცას აპირებენ პარლამენტში, ჭიდაობას ან რამე სხვა სახის სპორტულ ღონისძიებას, თორემ ამ კონტინგენტით სხვა რა უნდა გააკეთონ? უკვე მითია, რომ ესენი კიდევ ოთხი წლით მოვლენ ხელისუფლებაში. (იხილეთ ინტრევიუ სრულად ჟურნალ "გზის" 18 აგვისტოს ნომერში)

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- რადგან დაასახლეს, ალბათ ფიქრობენ, რომ დამსახურებული ადამიანები არიან და ქვეყნისთვის კარგის მოტანაც შეუძლიათ. საერთოდ მაჟორიტარებთან დაკავშირებით მთლიანი სურათია შემაშფოთებელი. ვფიქრობ, რომ " ქართული ოცნება" ძალიან აირია, მათ არ იციან საერთოდ რა უნდათ. პირველ ეტაპზე "ოცნებამ" თითქოს დაიწყო აქცენტების გაკეთება პროფესიონალიზმზე, ჰარვარდში და ზოგადად უცხოეთში განათლებამიღებულ და უმწიკვლო ბიოგრაფიის ადამიანებზე. უნდოდათ გაეჩინათ რაღაც განახლების მოლოდინი, მაგრამ როგორც კი დაიწყეს მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენა აქ, სამწუხაროდ, მივიღეთ პრაქტიკულად საპირისპირო სურათი. ამ მომენატში თბილისის მაჟორიტარების კანდიდატები ნაკლებად მყავს მხედველობაში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვნახეთ როგორ გამოჩნდნენ "გადამფრენი" დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც პარტიიდან პარტიებში გადადიან იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში... ასეთ ადამიანებთან გარიგებაში შესვლა ზნეობრივად სწორი არ არის.

- როგორ გგონიათ ვინ იღებდა მონაწილეობას კანდიდატების შერჩევაში?

- კახა კალაძე რომ მიიღებდა მონაწილეობას, ეს ცხადია, თუმცა, მგონია, რომ მათ ვერ მოახრეხეს ერთიანი ფარგლებში რაღაცის შექმნა. მგონია, რომ უბრალოდ მარტივად გაინაწილეს კვოტები - ვიღაცამ სამი კაცი მოიყვანა, ვიღაცამ - 2 და ზუსტად ამ პრინციპით შედგა კანდიდატების სიაც . საერთოდაც ამ სიაში ვერ ვხედავ ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატებს. ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ კვირიკაშვილის და ივანიშვილის გარდა სიის შედგენაში ყველა მონაწილეობდა.

იხილეთ ასევე: ფეხბურთელები, მორაგბეები, მსახიობ-მომღერლები - ვინ "ინადირებენ" "ქართული ოცნებიდან" თბილისში დეპუტატობის მანდატებზე?!

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)