"ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ" - კვირის პალიტრა

"ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ"

სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ჩატარდა. ყრილობას, როგორც დაგეგმილი იყო, 7 000-მდე დელეგატი ესწრება. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან. მის გარდა სპორტის სასახლეში შეკრებილ მოქალაქეებს "ნაცმოძრაობის" სხვა წევრებმაც მიმართეს.

სალომე სამადაშვილი:

"პარტიის ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც 2003 წელს დავიწყეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა თავისუფალი, ევროპული სახელმწიფო საქართველოში. ევროპული სახელმწიფო ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებას. თავისუფალ საზოგადოებას კი ქმნიან ადამიანები, რომლებსაც სწამთ, სჯერათ, რომ მათ თვითონ შეუძლიათ შექმნან ხვალინდელი დღე, რომ მათი ბედი მათსავე ხელშია".

რომან გოცირიძე:

"მივესალმები პარტიას, რომელმაც მსოფლიოს მისცა ქართული მოდერნიზაციის ნიმუში. ეს თქვენი შედეგია. ეს არის ახალი საქართველო, რომელიც შექმნა ამ დარბაზში მსხდომმა თითოეულმა თქვენგანმა. ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

სამარცხვინოა და ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ ამ წარმატების სულის ჩამდგმელი და და მთავარი შემოქმედი ათასობით კილომეტრით დაშორებული ზის და ამ დარბაზს უყურებს. მოგესალმები მიშა, ვიცი რომ ჩვენთან ხარ. ჩვენც შენს გვერდით ვართ და გისურვებთ მალე დაბრუნებას იმ საქართველოში, რომელსაც სახე შეუცვალე და ისეთი გახადე, როგორსაც დღეს ვხედავთ. ამ მთავრობამ საქართველო კრიზისში შეიყვანა. 2003 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 4 მილიარდი დოლარი. 2012 წელს 16 მილიარდი გახდა. 4 ჯერ გავზარდეთ. „ოცნების“ ხელისუფლების ოთხმა წელიწადმა ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდით შეამცირა და დღეს 13 მილიარდი დოლარია. ეს სულელური დედოლარიზაცია რატომ წამოიწყო ხელისუფლებამ? - მან ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი. მოიმატა სახელმწიფოს ვალებმა. ეკონომიკური დაღმასვლა ყველა ოჯახს დაეტყო. დღეს საქართველო უფრო ღარიბია, ვიდრე იყო 4 წლის წინ".

გრიგოლ ვაშაძე:

"ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე. იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენ დაწესებულ დროშას სწევენ დღეს. ჩვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენს ინსტიტუციებში სხედან, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია, ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და შეგვეძლო. დღეს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათი ტკივილი გვესმის. სალონურ თამაშებს უნდა მოვრჩეთ და ყველა რეგიონში, ყველა კარი უნდა შევაღოთ და ვუთხრათ, რომ ვიცით რა უჭირს, მართლა ვიცით. ვიცით, რომ მობეზრდათ ამ ადამიანებს ვითომ ”ოქსფორდში” და ვითომ ჰარვარდში ნასწავლი, ვითომ ციტატებით შეჯერებული ყალბი, ცალყბა დაპირებები...

იმისათვის, რომ გავაგებინოთ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ მათთვის რა გვინდა, ძალიან გთხოვთ ყრილობას, მომავალ პოლიტსაბჭოს დაავალოთ გამოიმიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს პროგრამა, რას გააკეთებს ეს მოძრაობა, ეს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნების პირველ 30 დღეში. მაგალითისთვის ვიტყვი, აღარასოდეს აღარ უნდა იყოს საქართველში ბიუჯეტის ხარჯვა ”ტუსოვკების” , წინასაარჩევნოდ მოსათაფლად, აღარასოდეს უნდა იყოს ბიუროკრატიის რაოდენობის ზრდა და მათი პრივილეგიების ზრდა, მთელი ეს დაზოგილი თანხები პირველ 30 დღეში უნდა გადამისამართდეს განათლებაში, ჯანდაცვასა და თავდაცვაში. პირველ 30 დღეში უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, მხოლოდ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიების მონაწილეობით, რომ საქართველოში ერთი წლის განმავლობაში დავასრულოთ ბავშვებისთვის სამი კლინიკის მშენებლობა: ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური და ფართო პროფილის. ეყოფა ჩვენს მშობლებს შვილის გადასარჩენად თურქეთსა და გერმანიაში მათხოვრობა".

ხატია დეკანოიძე:

"მე თქვენთან ერთად ვიბრძოდი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს პარტია ჩემთვის არ არის მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანი - ეს პარტია ხართ თქვენ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. რატომ იყო ქართული რეფორმები განთქმული მთელს მსოფლიოში? - იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო იყო განთქმული, თქვენ იყავით ერთიანი და ახლა, როცა ივანიშვილს მართლა ჰგონია, რომ ჩვენი სამშობლო მისია, მოდით, ერთად ვუთხრათ - არა! არა და არ იქნება საქართველო ივანიშვილის, არ არსებობს".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.

"ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე, ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.

იხილეთ ასევე: „ნაცმოძრაობა" შეიქმნა მაშინ, როდესაც განადგურებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძე და მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით