"ეს საქმე ისეთი ფორმით არის გაკეთებული, რომ ნაცვლად იმისა, რომ საყვარელიძეს დასდონ ბრალი, მას შეუქმნეს 100%-იანი ალიბი" - კვირის პალიტრა

"ეს საქმე ისეთი ფორმით არის გაკეთებული, რომ ნაცვლად იმისა, რომ საყვარელიძეს დასდონ ბრალი, მას შეუქმნეს 100%-იანი ალიბი"

"ასეთი ბინძური მეთოდებით სასამართლო სისტემას მთლიანად ვანგრევთ"

"ისინი ცდილობენ ამუშაონ ის აგრესიული, მხოლოდ ძალაუფლებაზე ორიენტირებული მანქანა, რაც თავის დროზე  სააკაშვილმა შექმნა"

მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინებები გენპროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს. ამასთანავე, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც.

ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, პროკურატურის განცხადებაზე და მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- დეჟავუს შეგრძნება მაქვს... იმას, რაც ჩემს თავს ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც ვებრძოდი, დღესაც რომ ვხედავ, ჩემთვის ძალიან მძიმეა. რასაც ახლა ვუყურებთ, ეს ისტორია იმდენად თეთრი ძაფით იკერება, რომ ვინც ამას აკეთებს, მინიმუმ ფანტაზიის უკმარისობას განიცდის. ძალიან მარტივ დეტალს გეტყვით, დავუშვათ წერილი გაგზავნა დავით საყვარელიძემ და რატომ გაგზავნა? სავარაუდოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა ტელეფონები ისმინებოდა და ამიტომ დარეკვა სახიფათო იყო. ესეც იდიოტიზმია, თუმცა დავუშვათ, რომ წერილი ამიტომ გაგზავნა, მაგრამ როდესაც ამ წერილის გადამოწმებას ისევ ტელეფონის საშუალებით ცდილობს და სმს-ს გზავნის,  ეს უკვე ისეთი იდიოტიზმია, რომ ამის დაჯერება უბრალოდ შეუძლებელია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ამას აკეთებს ვიღაცა მესამე მხარე, მაგრამ ვინ არის მესამე მხარე, გამოსაძიებელია.

ფაქტობრივად, ეს საქმე ისეთი ფორმით არის გაკეთებული, რომ ნაცვლად იმისა, საყვარელიძეს დასდონ ბრალი, მას შეუქმნეს ასპროცენტიანი ალიბი. შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ყველას შეეძლო ამის გაკეთება დავით საყვარელიძის გარდა...  მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი და როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება "რუსთავი 2"-ის საქმე.

- ბოლო პერიოდში მოსამართლეებზე ზეწოლაზე ხშირად ლაპარაკობენ, ვრცელდება ფარული ჩანაწერები, რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე?

- ასეთი ბინძური მეთოდებით სასამართლო სისტემას მთლიანად ვანგრევთ, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლო დავანგრიეთ, ახლა საერთო სასამართლოების ჯერია... და ვტოვებთ სისტემას იქ მყოფი კრიმინალური გაგების ადამიანების, ანუ კოლექტიური მურუსიძის ხელში. თუ ვინმეს იმ სასამართლოში კიდევ შემორჩენილი აქვს სინდისი და მათ ასეთ სიბინძურეს ვუწყობთ, ამით რას ვაკეთებთ?! გამოდის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს მცირედ შემორჩენილი მორალური ფუნდამენტიც საბოლოოდ ერღვევა. ეს დიდი უბედურებაა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.

- როგორ უნდა აღიკვეთოს ასეთი მახინჯი მეთოდები?

- პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რომ ასეთი რაღაცეები ქვეყანაში არ ხდებოდეს. დღევანდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, კარგად მოირგო ყველა ის სისტემური სიმახინჯე, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. ისინი ცდილობენ ამუშაონ ის აგრესიული, მხოლოდ ძალაუფლებაზე ორიენტირებული მანქანა, რაც თავის დროზე  სააკაშვილმა შექმნა. ანუ ურჩხულის დამარცხება კი არ უნდათ, ურჩხულის მართვას ცდილობენ...  მეტიც, აქვთ ილუზია, რომ ურჩხულს მართავენ, სინამდვილეში კი ეს ურჩხული რომ მოძლიერდება, თავის შემქმნელს შეჭამს. ეს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, თუ ასე გაგრძელდა, ეს ურჩხული ამ ხელისუფლებასაც ისევე მოინელებს, როგორც არაერთი მოუნელებია.

იხილეთ ასევე: "მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას" - რას წერდა საყვარელიძე მოსამართლეებს პროკურატურის მტკიცებით?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)