პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მთავარი პროკურორი - დიდი შეკრება საპატრიარქოში - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მთავარი პროკურორი - დიდი შეკრება საპატრიარქოში

რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. შეხვედრამდე პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. საპატრიარქოში ასევე მივიდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე და ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორი შეუერთდა. ჟურნალისტებთან კომენტარი არც ირაკლი შოთაძეს გაუკეთებია.

სულ ბოლოს კი საპატრიარქოში ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა მივიდნენ.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქო დატოვეს, თუმცა არცერთ მათგანს ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი განმარტებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და წმინდა სინოდის წევრებმა, საქართველოს მთავარი პროკურორისგან დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღეს, თუმცა მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. ის ასევე საზოგადოებას მოუწოდებს, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულაციები არ მოაწყონ და საგამოძიებო ორგანოებს თავისუფლად გამოძიების შესაძლებლობა მისცენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გაავრცელებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ, დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეო-მიმართვაც გავრცელდეს.

იხილეთ ასევე: "მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს, ეს შეიძლება ხვალ მოხდეს"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით