"არ გამოვრიცხავ, უსუფაშვილს ცალი თვალი სამომავლოდ ივანიშვილისკენ ეჭიროს" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, უსუფაშვილს ცალი თვალი სამომავლოდ ივანიშვილისკენ ეჭიროს"

"რესპუბლიკური პარტიიდან" წასულმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ პარტიის დატოვებისას დააანონსა ახალი ძალებით დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში.

ამბობენ იმასაც, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტისა და პარლამენტის ექსთავმჯდომარის დუეტს ვიხილავთ. დავით უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ეს საკითხი არც უარყო და არც დაადასტურა.

"რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და, დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა მან.

გია ხუხაშვილი:

- მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილი უდაოდ, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე და საკმაოდ სერიოზული ავტორირტეტია ქართულ პოლიტიკაში, მას აქვს ისეთი სისტემური ხარვეზები, რომლის გამოც ელექტორალურად საინტერესო პარტიის შექმნა გაუჭირდება, ანუ მან შეიძლება იდეოლოგიურად კარგი კონსტრუქცია ააწყოს, მაგრამ ელექტორატზე გასასვლელს ვერ იპოვის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ელექტრორატს სჭირდება გარკვეული ქარიზმა, ანუ საზოგადოებასთან კონსოლიდაციის უნარი, რაც მას არ აქვს.

- თქვენი აზრით, რამდენად შესაძლოა ვიხილოთ მარგველაშვილი-უსუფაშვილის დუეტი?

- ამ ეტაპზე ამის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, იმიტომ, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ნებისმიერი გაერთიანება რაღაც ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს, ანუ ადამიანებს ერთმანეთი უნდა სჭირდებოდეთ, საქართველოში არ არის საკმარისი მხოლოდ რაღაც ერთიანი იდეოლოგიური ფუნდამენტი, ამ მხრივ ვერ ვხედავ იმას, რომ ეს ტანდემი ქმნიდეს რაიმე ტიპის სინერგიას, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებდნენ. ის პრობლემები, რაც უსუფაშვილს აქვს პოლიტიკურ გზაზე, არის იმ ტიპის პრობლემები, რომელსაც მარგველაშვილთან ერთად ვერ გადაწყვეტს.

- არსებობს ვარაუდი, რომ უსუფაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას ხელს უწყობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სწორედ ბიძინა ივანიშვილს სურს ოპოზიციის გაძლიერება უსუფაშვილის სახით...

- არ ვფიქრობ, რომ მის უკან დგას ივანიშვილი. მაგრამ ის, რომ უსუფაშვილი ცდილობდეს, შექმნას გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი და შემდგომ შესთავაზოს თუნდაც ივანიშვილს, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ის, რომ თავიდანვე მისი პოლიტიკური აქტივობის უკან ივანიშვილი იდგეს, მეეჭვება. ორივეს კარგად ვიცნობ და ასეთი მეთოდები მათი მხრიდან მაინცდამაინც არ გამოიყენებოდა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, უსუფაშვილს ცალი თვალი სამომავლოდ ივანიშვილისკენ ეჭიროს.

დავით უსუფაშვილი კითხვას: რა ეტაპზეა მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალა? - ასე პასუხობს:

- სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხედ არჩეული ხელისუფლებაც წინამორბედთა მსგავსად ვერ ახერხებს ქვეყნის მართვას სახელმწიფო ინსტიტუტებითა და სახელმწიფოებრივი მიდგომებით. "ქართული ოცნება" იყო ქვეყნის "მაშველი რგოლი, რომელიც "მარყუჟად" გადაქცევის გზას დაადგა. ჩვენივე "მდიდარი"გამოცდილება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ განვლილი გზის გაგრძელება აღარ შეიძლება - ძველებურად მორიგი დარაზმვა მორიგი ხელისუფლის შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს.

მსოფლიო უწესრიგობის ეპოქის დადგომით დასრულდა ის ეპოქაც, როდესაც ქვეყანა მსოფლიო პროცესების დინებას იყო მინდობილი. დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით პატრონობის დრო, რისთვისაც არც სახელმწიფო ინსტიტუტებია მზად და არც პოლიტიკური სისტემა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდწილად პირობითობაა, რომელიც სასწრაფოდ შინაარსითაა შესავსები. საჭიროა საზოგადოების გამოყვანა პოლიტიკური აპათიიდან და მისი ფოკუსირება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა აზრი და შანსი კვალიფიციური და უნარიანი პოლიტიკური პარტიის ფორმირებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ჩაუდგება კოალიციურ მთავრობას და დაუდებს სათავეს დემოკრატიული ინსტიტუტებით მმართველობას. სწორედ ამ ხედვითა და თანამიმდევრობით შევუდექი პროცესს, რომელიც არც იწყება და არც დაიყვანება პოლიტიკური პარტის შექმნამდე. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ნაკლებად ვზრუნავ იმ ხალხის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, ვისაც მხოლოდ ის აინტერესებს, ვინ გამოვჩნდებით და ვის შევერკინებით. მაინტერესებს და ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რა, რისთვის და როგორ. (იხილეთ სრულად)

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)