"გვარამიამ, როგორც ჩანს, ძალიან ვიწრო და სანდო ჯგუფთან ერთად სცადა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდება" - კვირის პალიტრა

"გვარამიამ, როგორც ჩანს, ძალიან ვიწრო და სანდო ჯგუფთან ერთად სცადა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდება"

ბოლო დღეების განმავლობაში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საინტერესო მოვლენები ვითარდება.

ჯერ იყო და, მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, ტელევიზიის კოლექტივს მისი 40% შესთავაზეს, საპასუხოდ კი უარი და საკონტროლო პაკეტის მოთხოვნა მიიღეს, რაზეც საბოლოოდ დათანხმდნენ, თუმცა, მას მერე, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აპირებდა შპს-ს დაფუძნებას, რომელიც ამ ტელევიზიის 51%-ის მფლობელი გახდებოდა, ყარამანიშვილებმა მკაცრი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ: "ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვეველი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ "მეორე მხარეს". გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია.." ამ განცახდების მიუხედავად ტელეკომპანიის კოლექტივის შეკრება მაინც გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რო, ყველა თანამშრომელი კომპანიის მეწილე ვერ გახდებოდა და შპს-ს დასაფუძნებლად 40 თანამშრომელი იქნა შერჩეული.

ვალერიან გორგილაძე, ექსპერტი:

- თავდაპირველად ამ პროცესს აშკარად პიარაქციის ნიშნები ჰქონდა, რომელიც გათვლილი იყო სტრასბურგსა და იმ გულუბრყვილო აუდიტორიაზე, რომელსაც ისევ სჯერა, რომ ეს ტელევიზია ძმებ ყარამანიშვილებს ეკუთვნის და არა - მიშას. პამპულობანას ჰგავდა ჯერ ყარამანიშვილების განცხადება - 40%-ს მოგცემთო, მერე "რუსთავი 2"-ის კოლექტივის მოთხოვნა და ყარამანიშვილების თანხმობა... თუმცა მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რომ "რუსთავი 2"-ის ფაქტობრივ და ნომინალურ მფლობელებს შორის ყველაფერი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს. ერთიც არის - ნიკა გვარამია აქამდეც არაფრად აგდებდა ყარამანიშვილებს და მათდამი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც მახსოვს, საჯაროდ გავრცელებულ ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში მათ უდიერადაც მოიხსენიებდა,

ამიტომაც არ არის გასაკვირი ყარამანიშვილების გაღიზიანებული ტონი. აშკარაა, რომ მათსა და გვარამიას შორის არსებობს კონფლიქტი. გვარამიამ, როგორც ჩანს, ძალიან ვიწრო და სანდო ჯგუფთან ერთად სცადა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდება. ეს, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" სცენარია.

არ გამიკვირდება, ცოტა ხანში გამოვიდეს და ძმები ყარამანიშვილები მთლად ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულოს.

ჩემი აზრით, არც თანამშრომლებს შორის უნდა იყოს მშვიდი ვითარება. თუნდაც დიმიტრი ობოლაძის წასვლა გავიხსენოთ.

არ არის გამორიცხული, რომ პარტიულად ჩამოყალიბებულ ტელევიზიაში თანამშრომლებს შორისაც გაჩნდა ბზარი მას მერე, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მოხდა განხეთქილება. ტელევიზიის მფლობელები ამბობენ, რომ იმ რაღაც შპს-ს დაფუძნებისას თანამშრომლების მიმართ აშკარა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ჩანს და გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება სააქციო საზოგადოების დაფუძნებაში ყველა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა. სავარაუდოდ, სურთ, სწორედ მათ დააფუძნონ შპს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ახმოვანებს. შესაძლოა, სტრასბურგში პროცესის წარმართვა საჭირო აღარც გახდეს, ისე გამოააშკარაონ საკუთარი თავი და საქმე დაშლამდეც მივიდეს, რადგან გვარამიას გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ ყარამანიშვილები შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო, არამედ - ტელევიზიის თანამშრომლებიც. (იხილეთ სრულად)

გვარამიას ინიციატივას და სავარაუდო მეწილეების შერჩევის პროცესს გამოეხმაურნენ "რუსთავი 2"-ის 91%-ის მფლობელი ძმები ყარამანაშვილები, რომელთაც კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ არანაირი შპს-სთვის წილის გადაცემას არ აპირებენ და რომ ამ საკითხზე კოლექტივთან პირდაპირ გამართავენ მოლპარაკებებს. (იხილეთ)

საინტერესოა, რომ "ფეისბუკში" გამოქვეყნებული პასუხით, ნიკა გვარამიამ, ფაქტობრივად, გამოთქვა ეჭვი, რომ ყარამანაშვილები შესაძლოა ვიღაცის თამაშს თამაშობდნენ: "საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი "რუსთავი 2"-ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვილთან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?" (იხილეთ)