"ფანჯრიდან გადმოხტები, მშიერმა მთელი დღეები თუ დახატულ ხინკალს უყურე, აბა რას იზამ?" - კვირის პალიტრა

"ფანჯრიდან გადმოხტები, მშიერმა მთელი დღეები თუ დახატულ ხინკალს უყურე, აბა რას იზამ?"

თბილისში, ყოფილ საბჭოთა ჯარების ადმინისტრაციულ კორპუსში (ზმკ) ორი თვის წინ დასახლებულმა, სოციალურად დაუცველმა 38 წლის ხათუნა კაკაჩიამ, ოთახში თავისივე ხელით ჩასმული შუშა ჩალეწა და ღამის სამ საათზე მეორე სართულიდან გადაეშვა. ის ოღროჩოღრო ბეტონზე ისეთი ძალით დაენარცხა, რომ ღამის სამ საათზე ხმაური ქუჩაშიც კი გაიგეს. მძიმედ დაშავებული ქალბატონი სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის რესპუბლიკის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც დღემდე კომაშია. სამაგიეროდ, ამ თემაზე დღემდე საუბრობენ კაკაჩიას "მეზობლები", რომლებიც აღნიშნულით მასმედიის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

სიტყვა "მეზობლები" შემთხვევით არ მომიქცევია ბრჭყალებში, "ზმკ"-ის შენობაში ხათუნა კაკაჩიასთან ერთად შეჭრილები სავარაუდოდ, დროებით აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით. უკანონოდ შეჭრილი ხიზნების განცხადებით, მათ ზმკ-ას კანონიერი მფლობელი, "თიბისი" ბანკი სასამართლოში უჩივის და მათ გამოსახლებას ითხოვს. სასამართლომ არჩევნების შემდეგ შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველი 120 ოჯახის სრულასაკოვანი წევრები (აქ ბავშვებიც ცხოვრობენ!) დამნაშავედ ცნო კერძო საკუთრების ხელყოფისათვის. სწორედ ამას მიიჩნევენ ისინი ხათუნა კაკაჩიას ფანჯრიდან გადახტომის მიზეზად. დანარჩენმა სოციალურად დაუცველებმა კი თავიანთი უფლებების დასაცავად ერთგვარი შტაბი შექმნეს, რომელიც ზმკ-ას შესასვლელთან, პოლიეთილენით მოწყობილ ბანაკში მორიგეობს. შტაბის მიზანი გამოსახლების საშიშროების წინ ხალხის გაფრთხილებაა. ”თიბისი” ბანკი კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უკანონოდ შეჭრილ ხიზანთა გარკვეული ნაწილი ვერც სოციალურად დაუცველად ჩაითვლება და ვერც უბინაოდ. (იხ. ”თიბისი” ბანკის ოფიციალური კომენტარი)

მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი რაც ვთქვი და რაც ნებისმიერ საშინელებათა ფილმის საუკეთესო სცენარად გამოდგება, ძალზე ჩვეულებრივად მოჩანს თავად ზმკ-ას საცხოვრებელ პირობებთან შედარებით. ფანჯრებჩამსხვრეულ და "ფეჩების" ბოლით გამჭვარტლულ შენობაში უცხოს მხოლოდ ზმკ-ას შტაბის თანხლებით შეუძლია შესვლა. ასე აღმოჩნდები გეტოში, რომელსაც არ გააჩნია ტუალეტი, წყალი, გათბობა, სინათლე და პური! არის მხოლოდ ნახატები, რომელზეც გემრიელი კერძებია დახატული. ეს ნახატები აქ ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი. "ვუყურებთ ნახატებზე დახატულ საჭმელებს და ასე გვგონია, ხახვთან ერთად მათაც ვჭამთ". - აცხადებს გეტოს ერთ-ერთი ბინადარი.

ხათუნას "ბინაში" კი ხახვიც არ აღმოჩნდა. მართალია, პოლიციას ოთახი დალუქული აქვს, მაგრამ ლუქის ახსნა სულაც არ არის საჭირო, რომ იქაურობა მორღვეული კარიდან დაათვალიერო: იატაკზე ცარიელი ჯამები ყრია, საწოლზე, - დაგლეჯილი და ჭუჭყიანი საბანი, ერთადერთ ფეხებმონგრეულ სკამზე კი ქაღალდის ნაგლეჯები, რომელზეც არაფერი წერია. ან რა აზრი აქვს გამოსათხოვარი წერილის დატოვებას, როცა გვერდით არავინ გეგულება!

ჰყავდა თუ არა კაკაჩიას გულშემატკივრები, კაკაჩიას ზმკ-ას მეზობლებმა არ იციან. ისინი მხოლოდ სიტუაციას აღწერენ: "ხათუნა მშვენიერი ხასიათის იყო. არაფერი ეტყობოდა რომ ფანჯრიდან გადახტებოდა. როცა მიწაზე დაცემულს დავხედეთ, სახეზე ყველა ძვალი ჩამტვრეული ჰქონდა, თავის ქალა კი გადახსნილი. როცა საავადმყოფოში მოვიკითხეთ, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი ვერ მოგვცეს. წინა დღეს სასწრაფო ჰყავდა გამოძახებული. გვეუბნეოდა, - ოც-ოცი თეთრი შემიგროვეთ, ფილტვები მტკივა და წამალი უნდა ვიყიდოო. იმ ღამით ფანჯრიდან გადახტა. ჩვენს პირობებში ეს გასაკვირი არ არის. არაფერი გაგვაჩნია, წყალიც კი სამასი მეტრით დაშორებული "კალონკიდან" მოგვაქვს, კუჭი გვეწვის, საჭმელი არ გვაქვს და კედელზე დახატულ საჭმელებს მივჩერებივართ. ფანჯრიდან გადმოხტები, მთელი დღე თუ მშიერმა დახატულ ხინკალს უყურე, აბა რას იზამ? ".

ამ ლაპარაკისას აზრს ჰკარგავს ლოგიკური კითხვები, - თუ ასეა, თვითონვე რატომ აირჩიეს ეს პირობები საცხოვრებლად და სხვის კუთვნილ შენობაში რატომ შეიჭრნენ? ამაზე ისინი ასე გპასუხობენ: - ჩვენ სხვა სახლ-კარი არ გაგვაჩნია, აქამდე ბინა დაქირავებული გვქონდა, მაგრამ უკვე ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდიდით, სადმე ხომ უნდა წავსულიყავით, ამიტომაც როცა ვნახეთ შენობა, რომელიც დაკეტილი არ იყო, შევედითო!

მსგავს სიტუაციებში ლოგიკურად მხოლოდ ის ჩანს რომ ეს ადამიანები თუ ამ არაადამიანურ პირობებს უძლებენ ან ყველაფერს დაუპირიპირდებიან (მათ შორის, სასამართლოსაც) ან აღარაფერს, - ხათუნა კაკაჩიასავით თავის მოკვლას ამჯობინებენ. რომელია "უმჯობესი" საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის ამაზე ორივე მათგანი დუმილს ამჯობინებს. ასეთი დუმილი კი, როგორც წესი, კარგად არ მთავრდება.

დღეს გამოკვეთილი მხოლოდ ის არის, რომ კაკაჩიას უბედურებაში მისი ზმკ-ელი "მეზობლები" სახელმწიფოს ადანაშაულებენ: "ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია. მისმა ყველა მთავრობამ ერთად მიიყვანა თავისი მოქალაქეები ამ დონემდე, რომ ფანჯრებიდან გადახტნენ!" აცხადებს "ზმკ-ას" შტაბის "საზოგადოებასთან ურთიერთობის" "მენეჯერი" გიორგი მარჯანიძე, რომელიც წარმოშვებით ქარელიდან არის. ის სხვებივით თბილისში ითხოვს თავშესაფარს და დასძენს, - კარგად რომ მეცხოვრა, ქარელიდან ხომ არ წამოვიდოდი?! ესე იგი, ყველგან ერთი და იგივე უბედურება მჭირს, თუმცა ბრძოლა თუა, ჯობია თბილისში ვიბრძოლო თავშესაფრისთვის და არა ქარელშიო!

რა ჯობია კაკაჩიასთვის, ამან მისთვის უკვე აზრი დაკარგა. ახლა ჯერი იმაზეა, რა ჯობია სახელმწიფოსთვის, - კაკაჩიასავით თავიდან "უმტკივნეულოდ" მოიშოროს ათასობით მბრალდებელი, თუ მათი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)