"ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას პირში გემო და თავში ჭკუა არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას პირში გემო და თავში ჭკუა არ აქვს"

"ბრიტანელმა რა უნდა გვასწავლოს, ჩაის პუდინგს ატანენ"

”ცოტა ხანში თავად მიუცუცქდება ხინკალს და შეგვეხვეწება, მაჭამეთო”

"კულტურული ადამიანი ასეთ რამეს არ დაწერდა"

ბრიტანელმა ჟურნალისტმა უილიამ დანბარმა ქართული სამზარეულო დაგვიწუნა:

”ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია. ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები ლამაზი და საჭმელიც გემრიელი - ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ ქართველი ხალხით არის სავსე. ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას- იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია?” - კითხულობს ულიამ დანბარი და ხინკალსა და სხვა ქართულ კერძებს მეტად ხატოვნად და ირონიულად ახასიათებს, - "ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ ალბათ საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა” - დასძენს ბრიტანელი, რომელიც თავს ”მარტივი სამზარეულოს” ქვეყნის შვილს უწოდებს და არც იმის თმა ერიდება, რომ ქართულ სამზარეულოში არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია.

”ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?.. . აი ღვინოზე კი, გადაკრული სიტყვა არ დამცდება..."- წერს დანბარი.

ბრიტანელი ჟურნალისტის მხრიდან ქართული სამზარეულოს გაკიცხვა-გაკრიტიკების მიმართ, ქართული საზოგადოება გულგრილი ვერ დარჩა. გია კორკოტაშვილის (”კორკოტა”) თქმით, თუ ბრიტანელს ქართული კერძები არ მოსწონს, დაე ნუღარასდროს მიირთმევს მათ...

გია კორკოტაშვილი:

- მართალია, გითხრათ, გული დამწყდა ამ სტატიის გამო... ბრიტანეთში, ამოდენა კონსერვატიულ ქვეყანაში მაინცდამაინც ერთი გამოდგა აცუნდრუკებული, ისიც ჩვენთან ჩამოვიდა და ჩვენი ხინკალისა და სხვა კერძების დაცინვა დაიწყო. თუ მოსწონს, მიირთვას, თუ ძალიან მოსწონს, სადამდეც მოსწონს, იმდენი მიირთვას და არ მოსწონს, დაგვანებოს თავი, რა... დააძალა ვინმემ? გემოვნებას და სუფრას ქართველებს ვერავინ გვასწავლის, მით უმეტეს ბრიტანელები, ჩაიზეც რომ პუდდინგს ატანენ. რაღა იმ ინგლისელმა დაიწუნა ქართული სიფრა, ვისაც კი აქეთ შემოუდგამს ფეხი, ყველა გიჟდება და მაგას რით ვერ მოვაწონეთ თავი. ჩვენი დედების, დებისა და მეუღლეების მომზადებული კერძები ჯერ არავის გაუკრიტიკებია, ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას არც პირში აქვს გემო და არც თავში ჭკუა. ასეთი კაცის აზრს კი ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნებისაც უნდა იყოს. ინდონეზიელია, ინგლისელი თუ სერბი, ასეთი კაცი ქართულ სუფრას ვერ შეაფასებს. უბრალოდ, დონე არ ეყოფა ამისთვის. კულტურული ადამიანი ასეთ რამეს არ დაწერს, რადგან ბევრ ქვეყანაში, ჭიაყელას, ბაყაყსა და ბეჰემოთს ჭამენ, მაგრამ ამის გამო მათ არავისნ აკრიტიკებს და განიკითხავს, ვისი რა საქმეა?..

- მან თქვა, ქართველები რუსებმა გაათამამეს, რადგან მათ სამზარეულოს ქართული გაცილებით ჯობიაო...

- კარგით რა, ჩვენ არავის გასათამამებელი არაფერი გვჭირდა... 54 წლის კაცი ვარ და რა იერარქიის რუსიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივი უბრალო მოქალაქე თუ მაღალი თანამდებობის პირი, ქართულ სუფრაზე კი არ გიჟდებოდნენ, უბრალოდ ცუდად ხდებოდნენ. როგორ შეიძლება, გურმანი ადამიანი ქართულ სუფრასთან დაჯდეს და იქედან აღფრთოვანებული არ ადგეს?.. და რა აქვთ თვითონ ინგლისელებს ასეთი, ჩვენსას რომ უბზუებს ცხვირს?

- თქვენ რამდენად იცნობთ ბრიტანულ სამზარეულოს?

- ექსპერტობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაღაც გადასარევი რომ ჰქონდეთ, არ გამიგია... სენდვიჩი და პუდინგი თუ ჯობია ხინკალს, არ ვიცი... მართლა ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვიღაცას მწვადი, ხინკალი და ხაშლამა არ მოსწონს... მან კი, ვისაც თურმე მობეზრდა ქართული სამზარეულო, თავის ქვეყანაზე, თავის სამზარეულოზე იფიქროს და მიხედოს. ჩვენთვის ეს კულტურული მემკვიდრეობის ტოლფასია. მოგვწონს ქართველებს და ”აპეტიტს” ვიღაც ერთი ინგლისელი ვერ შეგვიცვლის. გარდა ამისა, ერის კულტურის ასე ერთი ხელის მოსმით შეფასებისთვის საჭირო დონე ვერ დავინახე მაგ ადამიანის გონების ნაჟურში და იქნებ, დაეტიოს თავის ტყავში. კერძი არის მენტალობის განმსაზღვრელი. ჩურჩხელა, ისე ჰაერზე არ გამოუგონია ქართველს და მხოლოდ იმიტომ არ შეუქმნიათ, რომ ნუგბარი იყო. მას ლაშქრობისას იყენებდნენ. ნიგოზი ზეთოვანია და თათარა გლუკოზას შეიცავს. ეს ჩვენი ქვეყანა ყველას მოსწონს და უყვარს და რაღა ამ ინგლისელს არ მოვეწონეთ?.. ნუ ჩამობრძანდება ბატონო და როდესაც ჩამობრძანდება, ნუ გავუმასპინძლდებით და იყოს თავისთვის... როგორ შეიძლება ხინკალზე თქვა, ცომში გახვეული ხორციაო, დამიჯერეთ, ცოტა ხანში თავად მიუცუცქდება და შეგვეხვეწება, მაჭამეთო და აღარ ”ვენდისი” გაახსენდება და არც სხვა რამე..

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე იხილეთ:

რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა