მუზეუმი მიწის ქვეშ - კვირის პალიტრა

მუზეუმი მიწის ქვეშ

შუაგულ თბილისში, ფიქრის გორაზე, ანანურის N11-ში "მინიატიურული საქართველოს" სანახავად გეპატიჟებით

ქუჩიდან ვიწრო კიბით საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ჩავდივარ. რკინის კარს ვაღებ, სართულს მიშენებულ ოთახში შევდივარ და... კლდოვანი კედლები, ჯაჭვები, ხეები, ძველებური ჭურჭელი, ცხოველ-ფრინველთა ფიტულები...

ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი, 70 წლის ზაურ ტყეშელაშვილი მეგებება...

ყველაფერი ასე დაიწყო

- ამ სახლში საცხოვრებლად 1977 წელს გადმოვედი. აქ ადრე საქვაბე იყო, სახლის საძირკველი, კედლები - დამსკდარ-დაბზარული დაგვხვდა... მეზობლებმა მთხოვეს, იქნებ რამე უშველოო. დავიწყე საქვაბის გაწმენდა, მერე სარდაფის ქვეშ მიწა გავთხარე და საოცრებაც მოვიდა. ადამიანი იმიტომ ცხოვრობს, რომ რაღაც დაუტოვოს შთამომავლობას, მე ეს ავირჩიე მომავალი თაობისთვის...“

ვაჟა-ფშაველას კუთხე და 18-მეტრიანი ჭა

- ვაჟა-ფშაველას კუთხეში ვაჟას ბუხარია, ორიგინალთან მიახლოებული. ეს კი მეგობრობის კუთხეა, სადაც სასმისები, ტაბლა და სკამებია, - მიამბობს ბატონი ზაური, - ვაჟა-ფშაველას კუთხესთან ჭა 1977 წელს იმერელ ოსტატებს ამოვათხრევინე. 18 მეტრის სიღრმიდან ამოდის გემრიელი წყალი. ეს ჭა ფიქრის გორაზე კი არა, მგონი, ვერაზე ერთადერთია.

მასპინძელი მაჩვენებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპულთა კუთხეს, სადაც მათი სულების მოსახსენებლად ხშირად ანთებს სანთელს. ცენტრში მოთავსებული მეტალის ლომის თავიდან ღვინო გადმოდის.

ტბა, ჩანჩქერი და თევზები

კლდეში გამოკვეთილი კარით ტბაზე გავდივართ. ეს ეშერის წყალსაცავის იმიტაციაა და ჭის წყლით მარაგდებაო, - მეუბნება მასპინძელი. ტბაში, რომელშიც ჩანჩქერი ეცემა, ამჟამად ოთხი დიდი თევზი ბინადრობს. ეს ყოველივე მინუს მეორე სართულზეა...

სამლოცველო

მისაღები ოთახიდან ოვალური კიბით მინუს პირველ სართულზე ჩავდივართ. როგორც ყველგან, კედლები აქაც კლდოვანია. კიბის ქვეშ სამლოცველოა.

- სპორტს ბავშვობიდან მივდევდი. 1960-იან წლებში ქუთაისში კალათბურთის ბუმი იყო. ქუთაისელი მოსწავლეები რამდენიმეჯერ გავხდით საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები ჭაბუკთა შორის. ამ წარმატებებს საოცარი მწვრთნელისა და აღმზრდელის სულიკო თორთლაძის მზრუნველობით მივაღწიეთ. მეამაყება, რომ ახალგაზრდობაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას გვერდით ვთამაშობდი. ბატონ სულიკოს ძალიან უყვარდა ნიკო ფიროსმანი. მოგეხსენებათ, ფიროსმანი კიბის ქვეშ, სარდაფში გარდაიცვალა. ეს სამლოცველოც სწორედ კიბის ქვეშ მოვაწყვე, გარედან კი ფიროსმანისა და ბატონი სულიკოს კუთხეა. მას მთელი გუნდი ხშირად დავყავდით ტაძარში. ეს ეკლესია ამ ორი ადამიანის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა...

კიბის მარჯვენა მხარეს მარანია

- ღვინის სარდაფიდან ვარაზისხევამდე გვირაბი უნდა გავჭრა და შიგ ქართული ქვევრის მუზეუმი გავხსნა, - მეუბნება  მასპინძელი.

ამავე სივრცეშია კედლებზე განთავსებული მწერლებისა და პატრიარქის ფოტოები, ბიძინა ივანიშვილის ფოტოც. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩოხა-ახალუხშია გამოწყობილი და მასზე გაკეთებული წარწერა, "ჩოხოსანთა ოცნება", ჯერ კიდევ 2010 წელს არის გაკეთებული.

სოხუმისა და გაგრის  ვერანდა, სათაფლიის კიბის გავლით

მინუს მეორე სართულიდან სათაფლიის მღვიმის კიბის გავლით სოხუმის ვერანდაზე ავდივართ. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალევის სანახავად და ეს კუთხეც ბავშვობის დროინდელი ერთ-ერთი მოგონებააო, - მეუბნება მასპინძელი. ქართული კრამიტით ნაშენ კედლებში ჩამაგრებულია ალუმინის გრავიურები, რომლებიც შარშან ჩამოუტანეს გაგრიდან, ოდესღაც იქაურ პარკს ამშვენებდა. გალიდან და გაგრიდან ჩამოუტანეს ყველა ის მცენარე, რომელიც ამ ვერანდაზეა. ეს ვერანდა, პირობითად დაკარგული ტერიტორიაა, რომელსაც ღვთის წყალობით მალე დავიბრუნებთ. “ნახევრად გადახურული ვერანდიდან, სადაც ხელოვნური წვიმა ნებისმიერ დროს შეიძლება  წამოვიდეს, რკინის კარით მეორე სართულზე შევდივართ. ვერანდასა და ოთახს ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმი ყოფს.

ამ პაწია ოთახში ეტევა ყველა ის აუცილებელი ნივთი, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის სჭირდება ადამიანს. ეს არის კუთხე, რომელსაც ჩემი სამფლობელო ვუწოდე. ამ კედელზე გამოფენილი იარაღის კოლექცია საკმაოდ საინტერესოა. მაგალითად, ეს არის გენერალ მაღლაკელიძის იარაღი, რომელიც მას ჰიტლერმა აჩუქა.

- საიდან მოხვდა ეს ნივთი თქვენთან?

- დედაჩემი მაღლაკელიძეა, გენერალ მაღლაკელიძის შვილიშვილმა მომცა.

- დანარჩენი ნივთები როგორ  მოიძიეთ?

- მთელი მშრალი ხიდი მიცნობს და რაიმე საინტერესო ნივთი თუ ჩაუვარდათ ხელში, მირეკავენ.

პატრიარქის დარბაზი

- საგანგებოდ უწმინდესის პატივსაცემად მოვაწყვე პატრიარქის დარბაზი, სადაც დგას მისი მოჩუქურთმებული ტახტრევანი, კედელზე ხეში გამოკვეთილი ხატებია განთავსებული...“პატრიარქის დარბაზში უჩვეულო სიმყუდროვეს პატეფონზე აჟღერებული დები იშხნელების გაუხუნარი სიმღერა, "ჩემო ციცინათელა" არღვევს.

ჩოხოსანი

ამ სახლს „ქართველ დიასპორელთა სამასპინძლო სახლი“ჰქვია. "ჩოხოსანთა" დასის წევრთან ხშირად მოდიან სტუმრად  სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, მშენებელი ზაურ ტყეშელაშვილი 1944 წლის 22 ივნისს ქუთაისში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს  ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად.

ამ "პატარა ქვეყანას" თამამად შეიძლება ვუწოდოთ მუზეუმი... ეს არის ადგილი, სადაც სამი საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ყველა ეპოქაში იმოგზაურებ...

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. www.palitratv.gე-ზე