"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ხეობის მოუშუშებელი ტრაგედია - კვირის პალიტრა

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ხეობის მოუშუშებელი ტრაგედია

"ყველა დედას მოვუწოდებ, გული ცუდს რომ უკარნახებთ, აუცილებლად მიენდონ გულისთქმას და ჩემსავით არ მოუვიდეთ შეცდომა..."

"საპატრიარქოში იმ ავარიას ცოცხლად გადარჩენილ თეონა ჭინჭარაულს შევხვდი, მამუკა იმ მომენტში სწორედ მას ჰყოლია ხელში. თეონამ მიამბო, ბერდომ სოფოს უთხრა, ცუდად ვარო და სოფომაც მე მომაჩეჩა ბავშვი, თან ჩანთაში წამალს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერაფერი მოასწრო, რადგან ბერდომ მინას მიადო თავი და ეგრევე ჩამოუვარდაო. ჩემმა ძმამაც მითხრა, ბერდია უკვე დაღუპული იყო, მდინარეში რომ ჩავარდა, რადგან წვეთი წყალი არ აქვს ჩაყლაპულიო."

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიხალის" არქივიდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:

მუცოს ხეობის ტრაგედია

გასახსენებლად მძიმეა, მაგრამ მაინც ვცადეთ და ბერდია არაბულის დედას, ქალბატონ ნინო წიკლაურს, რომელსაც დღემდე არავისთან უსაუბრია ამ ამბავზე, ბარისახოში დავურეკეთ.

- ქალბატონო ნინო, უკანასკნელად როდის ნახეთ თქვენი ვაჟი - ბერდია და მისი ცოლ-შვილი?

- ბერდო და მისი ცოლ-შვილი 4-5 დღით სიონში თეონა ქუმსიაშვილსა და გელა დაიაურს სტუმრობდნენ, მერე კი თბილისში წავიდნენ. ბერდომ დამირეკა, დედი, თბილისიდან გამოვედით, ჩემს ცოლ-შვილს ჩამოვაბარგებ ბარისახოში (ჩვენ ძველ სახლში ვცხოვრობდით, ბერდო, სოფო და ბავშვები - ცალკე, სკოლის ეზოში მდგარ ფინურ სახლში, სადაც ახლა მე და ბერდოს ვაჟები ვართ), ცოტას წავიქაქანებთ, გელას ცოლ-შვილს გადავიყვან შინ და ხვალ, შუადღეს გადმოვალ, ერთი დღე თქვენთანაც ხომ უნდა გავატარო, ძალიან მომენატრეთო. მერე, შაბათს, შატილში უნდა წასულიყო, იქ მუშაობდა...

სოფო და ბერდია შინ რომ მივიდნენ, უკვე სოფომ დამირეკა, ძალიან კი დავიღალეთ მე და მამუკა, მაგრამ ბერდო უჩემოდ არ მიდის და რა ვქნა, პატარას თან წავიყვან და უფროს ბიჭებს გამოგიგზავნი, რაო? - დავთანხმდი და დავაპირე, მეთქვა, მამუკაც დამიტოვე-მეთქი, მაგრამ ვერ შევბედე. ბიჭები ჩემმა მულმა ამომიყვანა, სოფომ კი გასვლისას კიდევ დამირეკა, არაფერზე ინერვიულო, ხვალ დავბრუნდებითო. ეს იყო უკანასკნელი საუბარი... იმ დღეს რატომღაც ძალიან ცუდად ვიყავი. თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა... ღამით, როდესაც ბერდოს ველოდებოდი, მანქანის ხმა გავიგე და მე და გაგამ, ბერდოს უფროსმა ვაჟმა მაშინვე გავიხედეთ ეზოში. გაგამ კი მითხრა, მამიკო მოვიდაო, მაგრამ მივხვდი, ჩემი შვილის მანქანის ხმას არ ჰგავდა. არ მესიამოვნა და მეუღლეს, ვუთხარი კიდეც, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი-მეთქი. მერე მეუღლე გავიდა და... მისი ღრიალი რომ შემომესმა, მივხვდი, ბერდოს თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა, აბა, მეორე შვილი და ბერდოს უფროსი ვაჟები შინ იყვნენ და... მერე აღარაფერი მახსოვს, თითქოს, ბერდოსა და მის ცოლ-შვილზე ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ, ისედაც გასაგები იყო... არც გონება დამიკარგავს... არ ვიცი, რა მჭირდა, ვერ გადმოგცემთ...

თეონა და სოფო

- ხანი რომ გავიდა და თქვენც რეალურად შეიგრძენით თავს დატეხილი უბედურება, რას გიამბობდნენ, რა მოხდაო?

- ჩემთან ყველა ერიდება ამაზე ლაპარაკს. როდესაც გელას ცოლ-შვილის გასვენებაში გადავედი მუცოში, ავთოს, რომლის სახლშიც დაღუპულები ესვენენ, ვკითხე, რა მოხდა, ნასვამი თუ იყო, რატომ დაჯდა ბერდია საჭესთან-მეთქი? არადა, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, სოფოს დიდი იმედი მქონდა, მჯეროდა, მთვრალ ბერდიას სოფო მანქანაში არ ჩაუჯდებოდა და, რა თქმა უნდა, არც თეონას ჩასვამდა. ეჭვი მაწვალებდა და სიმართლის გაგება მინდოდა, თუ მთვრალი ბერდოს მიზეზით გადავარდა მანქანა, რა მოხდა ისეთი, სოფო მანქანაში რომ ჩაუჯდა-მეთქი? იქვე გელას ბიძამ მითხრა: ქალბატონო, ცოდვას ნუ იტყვი, სიმთვრალის ბრალი არ იყო, შენს შვილს გული გაუსკდაო. გავიოცე, რას ჰქვია, გული გაუსკდა-მეთქი? მაგრამ მერე ამომიტივტივდა, გული რომ აწუხებდა, ერთხანს რომ მკურნალობდა კიდეც, მერეც, სიონში წასვლამდე, სამი დღის განმავლობაში რომ იწვა ლოგინში. ექიმებსაც უთქვამთ, ყურებისა და კეფის მხარე რადგან გაულურჯდა, ესე იგი, გულით დაიღუპაო. მერე საპატრიარქოში იმ ავარიას ცოცხლად გადარჩენილ თეონა ჭინჭარაულს შევხვდი, მამუკა იმ მომენტში სწორედ მას ჰყოლია ხელში. თეონამ მიამბო, ბერდომ სოფოს უთხრა, ცუდად ვარო და სოფომაც მე მომაჩეჩა ბავშვი, თან ჩანთაში წამალს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერაფერი მოასწრო, რადგან ბერდომ მინას მიადო თავი და ეგრევე ჩამოუვარდაო. ჩემმა ძმამაც მითხრა, ბერდია უკვე დაღუპული იყო, მდინარეში რომ ჩავარდა, რადგან წვეთი წყალი არ აქვს ჩაყლაპულიო. სოფოს კი საკმაოდ წყალი ჰქონდა ნაყლაპი. მეტი არაფერი ვიცი.

- ქალბატონო ნინო, ბერდიას და სოფოს ვაჟები თქვენთან იზრდებიან. როგორი ბიჭები არიან და თუ ახსენებენ ხოლმე მშობლებს?

- გაგა 8 წლისაა, დაჩი - 7-ის, იმ ტრაგედიის მომენტში კი პატარები იყვნენ. ბავშვებთან რომ არაფერი შემშლოდა, ორჯერ ვიყავი ფსიქოლოგთან. თავიდანვე სიმართლე ვუთხარით და თუ რაიმეს მეკითხებიან, ახლაც სიმართლეს ვეუბნები. იციან, რომ დედიკო და მამიკო ახლოს არიან და ყოველთვის გვხედავენ. ერთადერთი, მიწაში რომ დავმარხეთ, ვერაფრით ვუთხარი, მხოლოდ ის იციან, რომ ანგელოზებთან წავიდნენ.

ტრაგედიაზე სასაუბროდ სიონშიც დავრეკე და ინტერვიუ თეონა და ნათია ქუმსიაშვილების დედას - ქალბატონ ანასტასია ხიმშიაშვილსაც ვთხოვე:

თეონა, ნათია და ნათიას ქალიშვილი თამარი - ჩემი შვილები და შვილიშვილები უკანასკნელად 21 ივლისს ვნახე, ხატობაზე წასასვლელად ემზადებოდნენ. თეონას რატომღაც დიდად არ უნდოდა წასვლა. წინა დღეს ბერდია არაბულსა და გელას დაულევიათ და თეო მეუბნებოდა, წასვლის მეშინია, ვაითუ ბერდიამ კიდევ დალიოსო. კი ვუთხარი, თუ გეშინია, შინ დაჯექი-მეთქი, მაგრამ გელას უთქვამს, უნდა წავიდეთო და რაღას იზამდა? სხვათა შორის, ორი კვირით ადრე ეს უბედურება გულმა მიკარნახა: თეონა ეზოში სარეცხს ჰფენდა, ჯარჯის კი იქვე ეტლში ეძინა. ჩემს გოგოს თითქოს თვალები ჰქონდა არეული და გულში გამკრა, ვაიმე, ახლა ამათ რომ რაიმე მოუვიდეთ, რა ვქნა-მეთქი? მერე, ნათია რომ ჩამოვიდა თბილისიდან, თეონას დემეტრეზე გავიფიქრე მსგავსი რამ. ძალიან ვნანობ, ჩემს გულისთქმას რომ არ დავუჯერე და რაიმე არ ვიღონე. პირიქით, შემეშინდა - ხატში, სალოცავში მიდიოდნენ და ამ ჩემი ფიქრებით გზა არ ამერია და არ დამეთარსა. ნათიას კი ეზარებოდა წასვლა, მეც ვუთხარი, დედი, შენ ნუღარ წახვალ-მეთქი, მაგრამ თეო ორ ბავშვს როგორ მიხედავსო? - და გაჰყვა. ერთგულების გულისთვის დაიღუპა ჩემი ნათია და ამას არავინ აღნიშნავს. ისეთი იმედი მქონდა გელასი, ისეთი დარწმუნებული ვიყავი, რომ მასთან ყოფნით ჩემს შვილსა და ბავშვებს არაფერი დაუშავდებოდათ, ავარიის ამბავი რომ გავიგე, ვიფიქრე, უბრალოდ თუ გადაბრუნდა მანქანა და მსუბუქად დაიმტვრნენ-მეთქი. არადა, რა უბედურება დაგვიტრიალდა... ალბათ, ბედისწერაც იყო. საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ, ხმამაღლა რომ არ ამოვთქვი ჩემი ფიქრები. ყველა დედას მოვუწოდებ, გული ცუდს რომ უკარნახებთ, აუცილებლად მიენდონ გულისთქმას და ჩემსავით არ მოუვიდეთ შეცდომა...

- ნათიასაც ჰყავდა ოჯახი?

- როგორ არა, ერთი ქალიშვილი დარჩა, თამარ ქამუშაძე. დედის ასლია, ულამაზესი.

- ღვთის წყალობით უმცროსი ვაჟი, თორნიკე გადაურჩა იმ ავარიას.

- რომ იცოდეთ, ყველაზე ძალიან მას უჭირს, მას უნდა თანადგომა.

- როგორ განაგრძობთ ცხოვრებას თქვენი გოგონების, პატარა დემეტრესა და ჯარჯის გარეშე?

- რახან არ დავიხოცენით, გრძელდება... ჩემი უფროსი ვაჟის - კახაბერის პატარა თეო-თეო ქუმსიაშვილი მყავს დიდ იმედად... კახასა და მე ერთი კედელი გვყობს. მაგათ მხარეს რომ გავდივარ, ვგრძნობ, სულ სხვა სამყაროში ვხვდები, მეორე მხარეს რომ ვბრუნდები, სულ სხვა სამყაროში ვარ (ცრემლი მოერია)... ბავშვები სადაც არიან, ის სამყარო მირჩევნია...

ირმა ხარშილაძე

იხილეთ ასევე: "ერთი მაინც გადამრჩენოდა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი. მას მივუძღვნიდი სიცოცხლეს"