"უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას" - მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

"უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას" - მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებამ და მრევლმა ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო 17 იანვარს პროტესტი გამოთქვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საპროტესტო განცხადება ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 16 იანვარს მათთვის ცნობილი გახდა, ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის ფაქტი.

განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას იწვევდა. განცხადების ავტორები რეაგირებისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდნენ. (იხილეთ: "არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია")

21 იანვარს, სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბითხარიბი) ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა მეუფე სერაფიმეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო.

მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ; დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.

ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას“, - აცხადებს მიტროპოლიტი სერაფიმე.

"ინტერპრესნიუსი"