"ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჩემი შეცდომის ახსნას ვერ ვპოულობ... არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ!" - კვირის პალიტრა

"ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჩემი შეცდომის ახსნას ვერ ვპოულობ... არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ!"

"როდესაც ხალხი ითხოვდა ახსნა-განმარტებას ჩემგან, მე არაფერს ვამბობდი, რაც აიხსნებოდა იმით, რომ ორი დღის განმავლობაში  ვცდილობდი გამეცა პასუხი კითხვაზე, - რა მოხდა?"

"ვიდრე მე ვინმე მეტყოდა რომ მეშლებოდა, თვითონ მივხვდი, თუმცა თითქმის მაშინვე ჩემი მეგობარი და კოლეგა, დათო მინაშვილი შემოვიდა კომენტატორის კაბინაში და მითხრა, რომ მეშლებოდა."

ცნობილი ქართველი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სამსახურიდან დაითხოვა. ამის მიზეზი 31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის დროს მის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა, როდესაც რამდენიმე წუთის განმავლობაში მან ქართველი და პორტუგალიელი ფეხბურთელები ერთმანეთისგან ვერ განასხვავა. რამდენად ელოდა თავად კომენტატორი ხელმძღვანელობის ასეთ გადაწყვეტილებას და რა გახდა შეცდომის მიზეზი, ამაზე კომენტარი თავად სანდრო ცნობილაძეს ვთხოვეთ:

- გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან გაშვების თაობაზე იყო სრულიად მოულოდნელი. არ ვიძახი რომ შეცდომა არ დამიშვია, ცხადია, რომ დავუშვი, რომელზე რეაგირების მოხდენაც აუცილებელი იყო, მაგრამ არა ასეთი ფორმით, როგორც მოხდა.

- ანუ თქვენ დილით ჩვეულებრივ მიხვედით სამსახურში და ხელმძღვანელობამ გითხრათ რომ თავისუფალი ხართ?

- ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელებიც  "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობენ, მათ დამირეკეს და შემატყობინეს ეს ამბავი. არხის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მილაპარაკია.

- როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს შეცდომა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

- მიჭირს რამის თქმა, რადგან არ ვიცი ფორმულირება იმ მიზეზისა, თუ რატომ გამომიშვეს სამსახურიდან. სანამ არ გავიგებ ოფიციალურ პოზიციას, თუ რატომ გამიშვეს, რამე კონკრეტულის თქმა ძალიან გამიჭირდება.

- ბატონო სანდრო, თქვენ ხართ ძალიან გამოცდილი კომენტატორი, როგორ მოგივიდათ ასეთი დიდი შეცდომა?

- პირველ რიგში მინდა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დამიდგა, დიდი მადლობა გადავუხადო. ეს შეეხება იმათ ვინც შეცდომისთანავე ამომიდგნენ გვერდში და მამხნევებდნენ და იმათაც, ვინც გუშინდელის შემდეგ მიცხადებენ სოლიდარობას. რაც შეეხება თავად შეცდომას,  როდესაც ხალხი ითხოვდა ახსნა-განმარტებას ჩემგან მომხდარზე, მე არაფერს ვამბობდი, რაც აიხსნებოდა იმით, რომ ორი დღის განმავლობაში  ვცდილობდი გამეცა პასუხი კითხვაზე, - რა მოხდა? დაბეჯითებით ვამბობ, რომ არავის და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ, რაც შემიძლია ნებისმიერ ადგილას დავამტკიცო. გულწრფელად გითხრათ, ჩემი შეცდომის ახსნას ვერ ვპოულობ. ცხადია, რომ არავინა არაფრისაგანაა დაზღვეული. წარმოიდგინეთ მილიარდების მფლობელი კომპანიაა "გუგლი,"  მაგრამ ზოგჯერ მასაც ემართება აბოსოლუტურად აუხსნელი რაღაცები. ჩემი შეცდომა იყო წმინდა წყლის ადამიანური ფაქტორით გამოწვეული, მომენტალურად გავითიშე, რაც დარწმუნებული ვარ ბევრს მოსვლია. ეს შეცდომა მათთვის ვისაც პირდაპირ ეთერში წაუყვანია გადაცემა, კარგად გასაგებია. ისე არ გაიგოთ, რომ თავს ვიმართლებდე. ვამბობ, რომ დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა, რომელზეც აუცილებელი იყო რეაგირება, მაგრამ არა ამ ფორმით

- ყველა რეპორტაჟს ჰყავს რეჟისორი, რომელიც რეპორტაჟის მსვლელობისას იძლევა მითითებას, გარდა რჟისორისა, არის პროდიუსერიც და სხვ. რეპორტაჟისას ამ ადამიანებმა არაფერზე მიგითითეს?

- ისევე, როგორც ვერ ვხსნი იმას, რაც მე დამემართა, ვერ ვხსნი იმ ადამიანების საქციელსაც, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ. ვიდრე მე ვინმე მეტყოდა რომ მეშლებოდა, თვითონ მივხვდი, თუმცა თითქმის მაშინვე ჩემი მეგობარი და კოლეგა დათო მინაშვილი შემოვიდა კომენტატორის კაბინაში და მითხრა, რომ მეშლებოდა. წმინდა სატელევიზიო მომენტია, რომ პროდიუსერმა ან რეჟისორმა ე.წ. ყურში უთხრას წამყვანს და მითითება მისცეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

- უამრავმა ადამიანმა გამოგიცხადათ სოლიდარობა და არხის ხელმძღვანელობას თქვენი სამსახურში დაბრუნება მოსთხოვა. თუ ამ სოლიდარობამ შედეგი გამოიღო, დაბრუნდებით?

- პირველ რიგში უნდა გავიგო მიზეზი, თუ რატომ გამომიშვეს სამსახურიდან, ვიდრე ამაზე არ მექნება სრული წარმოდგენა, მანამდე გამიჭირდება ამაზე ლაპარაკი. მას შემდეგ, რაც მე გავიგებ თუ რა მოხდა, მივიღებ ჩემს შემდგომ სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილებას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "სანდროს პროფესიონალიზმი აუთვისებელი არ დარჩება, აი, მაშინ იკბინონ იდაყვზე." - სანდრო ცნობილაძე სამსახურიდან გაუშვეს