რა სპეციალურ იარაღს იყენებდნენ პოლიტიკური მკვლელობების საბჭოთა "ოსტატები" - კვირის პალიტრა

რა სპეციალურ იარაღს იყენებდნენ პოლიტიკური მკვლელობების საბჭოთა "ოსტატები"

იხილეთ პირველი ნაწილი

ლაბორატორია "X" -სთვის 1947 წელი, რატომღაც, ძალზე დატვირთული იყო. ქვემოთ კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან, რომელიც თავად ერთ-ერთმა შემსრულებელმა, გენერალმა სუდოპლატოვმა აღიარა. 1947 წლის ზაფხულში "X"-ის "სპეცსაკანში" უნგრეთიდან "სმერშის" (სამხედრო კონტრდაზვერვის განსაკუთრებული დანაყოფი, იშიფრება, როგორც: "სმერტ შპიონამ") მიერ მოტაცებული შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი მიიყვანეს და ვითომდა მკურნალობისთვის გათვალისწინებული ინიექცია გაუკეთეს. "ლუბიანკის" ციხის მედპერსონალი, რომელიც ოპერაციის კონსპირაციულობის გამო, არ იყო ინფორმირებული ამ სასიკვდილო ინიექციის შესახებ, სიკვდილის ნამდვილ მიზეზს ვერ მიხვდა და ვალენბერგის გულის შეტევით გარდაცვალება დააფიქსირა. როგორც უკვე ითქვა, სტალინის და ბერიას გარდაცვალების შემდეგ, 1954 წელს ხრუშჩოვმა, თავად "ყელამდე" სისხლში გასვრილმა, საბჭოთა სპეცსამსახურების სტრუქტურებში არსებული სპეცაქციების (ანუ საბჭოთა კავშირის ან პირადად მისი ხელმძღვანელებისათვის არასასურველი პირების ლიკვიდაციის) დანაყოფები ვითომდა გააუქმა, სინმდვილეში კი, ეს ფუნქციები უშიშროების სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მე-13 განყოფილებას გადაეცა და კვლავ აგრძელებდა პოლიტიკურ მკვლელობებს, როგორც საბჭოთა იმპერიის შიგნით, ასევე - უცხოეთში. იმ წლებში პოლიტიკური მკვლელობების შემკვეთი და, ფაქტობრივად, მთავარი ტერორისტული ორგანიზაცია საბჭოთა პოლიტბიურო და პირადად ნიკიტა ხრუშჩოვი იყო.

ტერორისტული აქციები კვლავ საბჭოთა კავშირის ფარული საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად რჩებოდა. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1950-იანი წლების შუა პერიოდში პოლიტბიურომ კა-გე-ბეს ემიგრანტული ორგანიზაციების ლიდერების: გიორგი ოკოლოვიჩის, სტეპან ბანდერას და ლევ რებეტის ფიზიკური ლიკვიდაცია დაავალა. "კილერების" კანდიდატურებიც უმაღლეს პარტიულ ინსტანციაში - პოლიტბიუროში მტკიცდებოდა. საერთაშორისო სკანდალების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა "სპეცღონისძიების" შესრულების იარაღს, რათა მკვლელობა მაქსიმალურად "ბუნებრივი" ყოფილიყო. 1954 წლის თებერვალში კა-გე-ბეს კაპიტან ნიკოლაი ხოხლოვს ანტისაბჭოთა გამოსვლებით ცნობილი, ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი ოკოლოვიჩის ლიკვიდაცია დაევალა. ხოხლოვი, გაემგზავრა რა დასავლეთ გერმანიაში ოპერაციის შესასრულებლად, ყველასგან მოულოდნელად სახლში ესტუმრა მომავალ მსხვერპლს - ოკოლოვიჩს და ყველაფერში გამოუტყდა. იმავე წლის 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ხოხლოვმა საჯაროდ ამხილა საბჭოთა კავშირი პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაში. ეს უკვე კა-გე-ბეს პირდაპირი გამოწვევა იყო და მალევე საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელებმა თავად ხოხლოვის ლიკვიდაციის საიდუმლო ბრძანება გასცეს. 1957 წლის 15 სექტემბერს ფრანკფურტში კა-გე-ბეს გაქცეული კაპიტანი ხოხლოვი ქიმიური ნივთიერება თალიუმით მოწამლეს. ის ვერ გადარჩებოდა, რომ არა დროული სამედიცინო ჩარევა და მრავალთვიანი მკურნალობა აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალში. გიორგი ოკოლოვიჩი და ნიკოლაი ხოხლოვი

დასავლეთ გერმანიაში მოქმედი უკრაინის ეროვნული ორგანიზაციის ლიდერების ლიკვიდაციისათვის სპეციალურად შეარჩიეს "კილერი" - ასევე უკრაინელი, ოცდახუთი წლის ბოგდან სტაშინსკი, რომელიც იმ დროისათვის კა-გე-ბეს ლვოვის განყოფილების ფარული თანამშრომელი იყო. სათანადო შემოწმებისა და სპეციალური მომზადების შემდეგ მისი კანდიდატურა სკკპ ცკ-ში განიხილეს და დაამტკიცეს. 1957 წლის 13 ოქტომბერს მიუნჰენის გაზეთები იუწყებოდნენ ცნობილი უკრაინელი ანტისაბჭოთა მოღვაწის, ლევ რებეტის მოულოდნელ გარდაცვალებას, დიაგნოზი: "გულის მწვავე უკმარისობა". ზუსტად ორი წლის შემდეგ იმავე ქალაქში, ასევე მოულოდნელად, გარდაიცვალა უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი სტეფან ბანდერა. დიაგნოზი ანალოგიური იყო. უკვე საბჭოთა კავშირში დაბრუნებული, ორივე მკვლელობის ავტორი ბოგდან სტაშინსკი 1962 წლის შემოდგომაზე ფარულად გადავიდა დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე და პოლიციაში აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას რვა წლით პატიმრობა მიესაჯა. მკვლელობის ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის იარაღი, რომელიც კა-გე-ბეში სპეციალურად ამ "სპეცღონისძიებისათვის" იყო დამზადებული.

ეს იყო მცირე ზომის, მსუბუქი ლითონისაგან დამზადებული, ცილინდრის ფორმის ორი მილი (წონა-200გ; დიამეტრი-0,75 სმ, სიგრძე-7სმ), რომლის "ვაზნას" წარმოადგენდა ჰერმეტიულად დახუფული პლასტიკური ამპულა, შიგნით მოთავსებული უფერო და უსუნო ციანიდის შხამით. სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით მილში სკდებოდა ციანიდის ამპულა და გამოიფრქვეოდა თხევადი შხამის ჭავლი. მსხვერპლისგან დაშორება არ უნდა ყოფილიყო 45 სმ-ზე მეტი. სახეში მისხურების შემდეგ შხამი ხვდებოდა რა სასუნთქ გზებში, მსხვერპლს ეწყებოდა სისხლძარღვების მკვეთრი და ძლიერი შევიწროვება, რაც სპაზმებსა და რამდენიმე წუთის შემდეგ - სიკვდილს იწვევდა. შხამიანი აირი ორთქლდებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ამ აირის მფრქვეველი იარაღის მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ მალევე სისხლძარღვები პირვანდელ ფორმას უბრუნდებოდა და გამოცდილ პათოლოგანატომსაც კი გაუჭირდებოდა სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენა. თავად მკვლელობის შემსრულებელი თავდასხმის წინ  სპეციალურ აბებს იღებდა, რათა შხამისგან დაცული ყოფილიყო... დავუბრუნდეთ მაირანოვსკის მძიმე ხვედრს. 1951 წელს ლაბორატორია "X"-ის ხელმძღვანელი მაირანოვსკი დააპატიმრეს სხვა ებრაელ "ჩეკისტებთან" (ეიტინგონი, რაიხმანი, მათუსოვი, ანდრეი სვერდლოვი და სხვ.) ერთად. მათ ბრალდებად ტოქსიკური ნივთიერებების და შხამების უკანონო შენახვა (?!) წაუყენეს, რომლითაც, როგორც "საბჭოთა უშიშროების სისტემაში სიონისტური შეთქმულების მონაწილეებს", თითქოს, სტალინი და სხვა ხელმძღვანელები უნდა მოეწამლათ. სასტიკი წამების შედეგად მაირიანოვსკიმ ყველაფერი "დეტალურად აღიარა" და 1953 წლის თებერვალში მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ ცოდვიანი პროფესორის ტანჯვა-წამება ამით არ დასრულებულა. სახელმწიფო გადატრიალების და ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა დიდი რეპრესიები დაიწყო. მისი უშუალო მითითებით, მაირანოვსკი აიძულეს, ჩვენებები მიეცა უშიშროების ყოფილი მინისტრების - აბაკუმოვის და მერკულოვის (რომლებიც შემდეგ დახვრიტეს), ასევე - პოლიტბიუროს წევრების (უპირველესად, მოლოტოვის) წინააღმდეგ. მისჯილი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ მაირანოვსკი გაათავისუფლეს, თუმცა სულ მალე, 1964 წელს, იგი ფრიად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამედიცინო დიაგნოზი - "გულის უკმარისობა" ბევრ კითხვას ბადებს, რადგანაც პროფესორმა ძალზე ბევრი იცოდა საბჭოთა ლიდერების დანაშაულებრივ ბრძანებებზე.

"დიდი მოაზროვნისა და ჰუმანისტის" - იური ანდროპოვის კა-გე-ბეს ხელმძღვანელობის პერიოდში პოლიტიკური მკვლელობების იარაღი განსაკუთრებით "დაიხვეწა". კვალის მაქსიმალურად დასაფარად მკვლელობების, დივერსიებისა და ტერაქტების ჩატარებას უკვე კა-გე-ბეს "ს" სამმართველოს (არალეგალური დაზვერვა) მე-8 განყოფილება აწარმოებდა, ხოლო სპეციარაღის დამზადებას რესპექტაბელური -"ახალი და სპეციალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის" "შირმას" ამოფარებული "სპეცლაბორატორია" აგრძელებდა. ამ პერიოდში საყოველთაოდაა ცნობილი ორი ბულგარელი დისიდენტის: მარკოვის მკვლელობისა და კოსტოვის მძიმედ დაჭრის ფაქტები. ცნობილი ბულგარელი მწერალი და შემდგომ - დისიდენტი, ტოდორ ჟივკოვის რეჟიმის მთავარი კრიტიკოსი გიორგი მარკოვი ინგლისში, ემიგრაციაში ცხოვრობდა და ბი-ბი-სის რედაქციაში მუშაობდა. ბულგარელებმა მის ლიკვიდაციაში დახმარება კა-გე-ბეს სთხოვეს. მთავარი ამოცანა იყო, თავიდან აეცილებინათ საერთაშორისო სკანდალი და სიკვდილი მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო. ოპერაციას, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაიგეგმა და შესრულდა, გენერალი ოლეგ კალუგინი ხელმძღვანელობდა. მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: კა-გე-ბეს რეზიდენტმა ვაშინგტონში - დიმიტრი იაკუშკინმა რამდენიმე ჩვეულებრივი ქოლგა შეიძინა და მოსკოვში გაგზავნა. იქ სპეცლაბორატორიის "ჯადოქრებმა" ქოლგის თავზე ქინძისთავის ზომის საჩხვლეტი დაამონტაჟეს. ქოლგით ჩხვლეტის შემდეგ შხამშემცველი "მინიკაფსულა" სხეულში აღწევდა და ორ-სამ დღეში მსხვერპლი "გულის შეტევისა და ინფარქტის მიზეზით" იღუპებოდა. ამ იარაღით 1978 წელს მარკოვი ლონდონში მოკლეს, ხოლო კოსტოვი - პარიზში დაჭრეს. პოლიტიკური მკვლელობების მომზადება მიხეილ გორბაჩოვის პერიოდშიც მიმდინარეობდა, რასაც შემდეგი ფაქტი ადასტურებს. გენერალ სუდოპლატოვის მოგონებებიდან ირკვევა, რომ 1988 წელს მას სახლში ესტუმრა კა-გე-ბეს მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი შადრინი, რომელსაც აინტერესებდა 30-50-იან წლებში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ლიკვიდაციის მეთოდები და ხერხები. სუდოპლატოვის სიტყვებით, მან უარით გაისტუმრა შადრინი. "ვეტერანი ლიკვიდატორის" ვარაუდით, ეს ვიზიტი გორბაჩოვის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის - ბორის ელცინის ნეიტრალიზების გეგმის დამუშავებას ემსახურებოდა.

რუსეთის დღევანდელი მმართველის - ვ. პუტინის პერიოდში განხორციელებულ პოლიტიკურ მკვლელობებზე კი შემდეგ მოგითხრობთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს