რუსეთის სპეცსამსახურები განათლების სფეროშიც მოქმედებენ: რამდენადაა დაცული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და მეცნიერება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან?
რუსეთის სპეცსამსახურები განათლების სფეროშიც მოქმედებენ: რამდენადაა დაცული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და მეცნიერება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან?
ფოტო:არნოლდ დეიჩი, თეოდორ მალი, მორის დობი
დღეს მკითხველს სამსჯელოდ ძალზე საჭირბოროტო თემა მინდა, შევთავაზო. ამ საკითხზე საუბარს რატომღაც ყველა გაურბის და ის ტაბუდადებულად ითვლება. ამ დროს კი - საფრთხე რეალურია.

სტუდენტობა ყველა დროსა და ქვეყანაში მმართველი ძალისთვის მეტად საშიში, მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოების ყველაზე ადვილად სამართავი ფენაა. შესაბამისი მიდგომისა და საჭირო "სიმების" ამოქმედების შემთხვევაში, სტუდენტობა და მთლიანად განათლების სისტემა ქვეყნის აღმშენებლობის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია, მაგრამ თუ ამ სფეროში უცხო ქვეყნების აგენტურის "ჩანერგვა" მოხერხდა, მაშინ ალბათობა იმისა,
რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ეს ქვეყანა "გავლენის აგენტებით" იმართებოდეს, ძალზე რეალურია. სპეცსამსახურების საქმიანობის ანბანის მცოდნემაც კი იცის, რომ, ზოგადად, ძალზე იოლია საზოგადოების ყველაზე "რევოლუციური ფენის" - სტუდენტობის გამოყენება შორსმიმავალი ოპერატიული ინტერესებისათვის. მრავალი მაგალითიც არსებობს, თუ როგორ მოახერხეს უცხო სპეცსამსახურებმა სხვა ქვეყანაში მათთვის არასასურველი ხელისუფლების
შეცვლა სტუდენტური გამოსვლების "აგორებით". XX საუკუნის ისტორიამ შემოგვინახა სპეცსამსახურების მიერ სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა წრეში ოპერატიული მუშაობის მრავალი მაგალითი. საბჭოთა სპეცსამსახურების შექმნის დღიდანვე მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება განათლების სისტემაში, უმთავრესად - უმაღლეს სასწავლებლებში ოპერატიული მუშაობა იყო. საბჭოთა საგარეო დაზვერვა უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ეძებდა მომავალ აგენტებს, რომლებიც შემდგომში "გავლენის აგენტებად" ან აგენტ-ინფორმატორებად იზრდებოდნენ. კა-გე-ბეს მეორე მთავარი სამმართველო (კონტრდაზვერვა) კი ქვეყნის შიგნით მთელ განათლების სისტემას "ოდეერებისა" და მრავალრიცხოვანი აგენტურის მეშვეობით აკონტროლებდა.

საბჭოთა საგარეო დაზვერვამ უცხოელი სტუდენტების გადმობირების ყველა რეკორდი მოხსნა ცნობილი აგენტურული ქსელის - ე.წ. კემბრიჯის ხუთეულის (ფილბი, მაქკინლი, ბერჯესი, ბლანტი და კერნკროსი) შექმნით. გასული საუკუნის 30 იან წლებში ინგლისის ხელისუფლებაში, არსებული საკადრო პოლიტიკის ანალიზის შედეგად, საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მომავალი აგენტურის მოსაძებნად კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები საუკეთესო ვარიანტი იყო. იმიტომ, რომ ძირითადად ამ უნივერსიტეტებიდან კომპლექტდებოდა ინგლისის საჯარო სამსახური, მათ შორის -  სპეცსამსახურებიც.

1930-იანი წლების დასაწყისში ლონდონის კემბრიჯის უნივერსიტეტი და მისი თრინითი კოლეჯი, ისევე, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტი (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის კონტრდაზვერვა - "მი-5" აქტიურად მუშაობდა განათლების სისტემაში სხვა ქვეყნების დაზვერვების შეღწევის თავიდან ასაცილებლად) საბჭოთა აგენტების "სამჭედლო" გახდა. ეს უმაღლესი სასწავლებლები შემთხვევით არ იყო შერჩეული - იქ განათლებას იღებდა
დიდი ბრიტანეთის მომავალი პოლიტელიტა, დიპლომატიური კორპუსი და სპეცსამსახურების "ჯეიმს ბონდები".
1934 წლის თებერვალში საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი, 30 წლის არნოლდ დეიჩი (კა-გე-ბეს კადრების სამმართველოში აღრიცხული იყო, როგორც სტეფან ლანგი, ავსტრიელი ებრაელი, ოპერატიული ფსევდონიმი "ოტო", "სტეფანი") საიდუმლო სადაზვერვო დავალებით ლონდონში ჩავიდა. მის წინაშე მეტად რთული ოპერატიული ამოცანა იდგა - დიდი ბრიტანეთის ინტელიგენციის ფენებში უნდა შეერჩია გადაბირების კანდიდატები და ძალზე ფრთხილი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მოეხდინა მათი გადაბირება "კომუნისტური ინტერნაციონალის" საფარქვეშ აგენტურული მუშაობისათვის. ერთი შეხედვით არისტროკრატიულ და კონსერვატორულ ინგლისში ამ ამოცანის შესრულება აბსურდულად ჩანდა, მაგრამ დეიჩმა ინგლისის ინტელიგენციასთან მუშაობის დიდი ნიჭი და ალღო გამოავლინა და წარმატებასაც მიაღწია.

სამეცნიერო და სტუდენტური სფეროს უკეთ შესწავლის მიზნით, პირველ ეტაპზე საბჭოთა აგენტი ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მსმენელად ჩაირიცხა, ხოლო 1936 წელს - ფსიქოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა, რის შემდეგ კი, უკვე თავად კითხულობდა ლექციებს. სულ ორ-სამ წელიწადში დეიჩმა გადაიბირა 20-ზე მეტი აგენტი. გარდა ამისა, მან ინგლისში საბჭოთა დაზვერვის არალეგალურ რეზიდენტ თეოდორ მალისთან ერთად "ნაყოფიერად იმუშავა" დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების მეორე ცენტრში - ოქსფორდში, სადაც მათ ლექტორებისა და სტუდენტებისაგან შექმნეს საბჭოთა აგენტების იმდენად ღრმად კონსპირაციული ქსელი, რომ მათი ვინაობა დღესაც უცნობია. საბჭოთა დაზვერვის ინტერესს, პირველ რიგში, იწვევდნენ ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც მომავალში შესაძლებელია, ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულიყვნენ.

უმაღლესი განათლების წრეებში მუდმივი ყოფნა (სტუდენტის ან ლექტორის სტატუსით) საბჭოთა აგენტებს საშუალებას აძლევდა, ახლოს გაეცნოთ სტუდენტები და ლექტორები, დაეფიქსირებინათ მათი სისუსტეები და მავნე ჩვევები (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი და ა.შ.), რაც ძალზე ძლიერი იარაღი იყო მათი დაშანტაჟებისა და გადმობირებისათვის. ჰომოსექსუალიზმი, რომელიც მაშინ ინგლისში მკაცრად ისჯებოდა, გახდა ახალგაზრდა კემბრიჯელი სტუდენტების დაშანტაჟების მთავარი ბერკეტი: ასე შეიქმნა "კემბრიჯის ხუთეული". საბჭოთა დაზვერვას ერთგული ხალხი ლექტორთა წრეშიც ჰყავდა. კემბრიჯის უნივერსიტეტის თრინითი კოლეჯის ეკონომიკის პროფესორი მორის დობი (1900-1976) აქტიურ კომუნისტურ აგიტაციას ეწეოდა სტუდენტებს შორის და საბჭოთა დაზვერვას გადაბირების პერსპექტიულ კანდიდატებზე ამომწურავ ინფორმაციას აძლევდა. აქედან კი, უკვე ერთი ნაბიჯი იყო აგენტობამდე. სამაგიეროდ, მორის დობის წიგნები ასი ათასობით ტირაჟით იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირში.

"კემბრიჯის ხუთეულმა" 4-5 წელიწადში უმნიშვნელოვანესი საკვანძო პოსტები დაიკავა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში - საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებში. მათ კარიერულ წინსვლას გეგმავდა და მაქსიმალურად ხელს უწყობდა საბჭოთა დაზვერვა. ამიტომაც ამ აგენტებმა შეძლეს რეკორდული დრო, 20-30 წელი აქტიურად ემუშავათ და "კრემლისთვის" მიეწოდებინათ 25 ათასზე მეტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. განათლებისა და მეცნიერების სისტემაში კა-გე-ბეს მუშაობის პრაქტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა. რუსეთის სპეცსამსახურები კვლავ ძველი მეთოდებით აწარმოებენ ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას ამ სფეროებში. კავშირზე ჰყავთ ძველი აგენტურაც და ძალზე შედეგიანად მუშაობენ ახლების "საპოვნელად". ამის დასადასტურებლად შორს წასვლა ნამდვილად არ დაგვჭირდება.
2012 წლის 31 მაისს დანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი, ფინელი ტიმო კივიმიაკი, რომელსაც ბრალი ედებოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. 49 წლის ფინელს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლომ ლმობიერება გამოიჩინა და მას ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოზე პროფესორმა აღიარა, რომ 2002 წლიდან დაწყებული, არაერთხელ შეხვდა რუს დიპლომატებს და მათთვის ანალიტიკურ მიმოხილვებს ამზადებდა. გამოძიების ვერსიით, კივიმიაკი დაკავების დროს აპირებდა იმ 15 სტუდენტის გვარ-სახელის გადაცემას, რომლებიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისათვის ინტერესს წარმოადგენდნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, ჯაშუშობისთვის პროფესორმა მთლიანობაში, დაახლოებით, 160 ათასი დანიური კრონა (21,5 ათასი ევრო) მიიღო.

"დაიცავით ახალგაზრდა პოლიტიკოსები და მეცნიერები რუსეთის დაზვერვისგან"! - ჯერ კიდევ 2009 წელს გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებმა ამგვარი მოწოდებით მიმართეს გერმანიის პოლიტელიტის, სამეცნიერო და ბიზნესწრეებს: ბუნდესტაგის წევრები და მათი თანაშემწეები, ახალგაზრდა პერსპექტიული პოლიტიკოსები და მეცნიერები, დამწყები ბიზნესმენები - ესაა არასრული ჩამონათვალი გერმანიის საზოგადოების იმ ფენებისა, სადაც რუსეთის დაზვერვა განსაკუთრებულ აქტიურებას იჩენს. გერმანული მასმედიისა და ექსპერტების მტკიცებით, ნებისმიერი გერმანელი, რომელიც პირადი, საქმიანი თუ ტურისტული მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდება, ეფ-ეს-ბეს ოპერატიული კონტროლოს ქვეშ აღმოჩნდება და იწყება მათი გადაბირების კარგად გათვლილი გეგმის განხორციელება. დღეისათვის "დავერბოვკების" ძირითად მეთოდებად კვლავ კა-გე-ბეს ძველი არსენალი: შანტაჟი და ფული გამოიყენება. არანაკლებ აქტიურობენ რუსეთის სპეცსამსახურები თავად გერმანიის ტერიტორიაზე. გერმანიის კონტრდაზვერვის მონაცემებით ამ ქვეყანაში აკრედიტებული რუსი დიპლომატებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი, რეალურად, რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვების თანამშრომლები არიან. ისინი თანხებს არ იშურებენ, რათა გადაიბირონ ახალგაზრდა, პერსპექტიული პოლიტიკოსები, მეცნიერები და ბიზნესმენები. რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული დაინტერესების მთავარი ობიექტი ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური (უპირველესად - ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების) პროგრამები და ნატოს საიდუმლო დოკუმენტებია.

ყოფილ მზვერავს, ამჟამად კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გერმანიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს - 1980-იანი წლების ბოლოს აღმოსავლეთ გერმანიაში ახლად გამოჩეკილი მზვერავი პუტინი ახალგაზრდა გერმანელების გადაბირებას ცდილობდა. წლები გავიდა და ახლა უკვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა პუტინის სამიზნე. ორიოდე დღის წინ გერმანიის პროკურატურამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც გერმანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. გერმანიის სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული უკანასკნელი ათი თვის მანძილზე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს და საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცა.

რამდენადაა დაცული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და სამეცნიერო სფერო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან? ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დარელი
22 ივნისი 2021 17:51
და იგივე თურქეთი რას აკეთებს საქართველოში თუ ვინმე მეტყვის? ეს ყველა დიდი ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი სპეციფიკაა, აქ ახალი არაფერია.
?!
22 ივნისი 2021 15:22
... და საქართველოში ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები