ვინ იყვნენ პირველი მეხანძრეები თბილისში, რატომ ეძახდნენ მათ "ხანძარჩებს" და მეხანძრე ქალთა რაზმის ამბავი - კვირის პალიტრა

ვინ იყვნენ პირველი მეხანძრეები თბილისში, რატომ ეძახდნენ მათ "ხანძარჩებს" და მეხანძრე ქალთა რაზმის ამბავი

თბილისში 1825 წელს ჩამოყალიბდა პირველი მეხანძრეთა რაზმი, რომელშიც 25 მეხანძრე იყო, დღეს კი, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ჩვენთან შეიძლება რობოტი მეხანძრეც გამოჩნდეს. სახანძრო სამსახურის ტექნიკური მუზეუმის ხელმძღვანელი ლაურა ოზაშვილი გვიამბობს, განვითარების რა ეტაპები გაიარა მეხანძრის პროფესიამ და სახანძრო სამსახურმა.

პირველი სახანძრო ბრიგადა

ვიდრე სახანძრო რაზმი შეიქმნებოდა, ხანძრის ჩაქრობას თბილისში ყარაჩოხელთა ამქარი ცდილობდა. ამ მოხალისეებს თბილისელებმა "ხანძარჩი" "შეარქვეს, რაც თურქულად ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს.

პირველ მეხანძრეთა რაზმს ბრანდმეისტერი ხელმძღვანელობდა. პირველი ბრანდმეისტერი ალექსანდრე კალმიკოვი იყო. მეხანძრეთა ბრიგადა პოლიციის შემადგენლობაში შედიოდა. შემთხვევის ადგილზე ცხენებით მიდიოდნენ, წყალი ტიკებითა და რუმბებით მიჰქონდათ, ინფორმაციის დროულად გავრცელებისთვის კი კოშკურები ააგეს. დღისით ხანძრის დანახვისთანავე მორიგეები უბნების მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ, ღამით კი ქალაქს ხანძრის ამბავს კოშკურიდან ფარნებით ატყობინებდნენ.

თბილისის ბრიგადა რეგიონებშიც აქრობდა ხანძრებს. ხშირად ჩნდებოდა ხანძრები დასავლეთ საქართველოში, სადაც ხის შენობები იდგა. 1904 წელს მთლიანად დამწვარა სოფელი ლაილაში. მასშტაბური ყოფილა 1928 წელს ქუთაისის ხანძარიც - მთლიანად დამწვარა ებრაელთა უბანი.

თბილისში მომხდარი ყველაზე გახმაურებული ხანძრებიდან ორი ოპერის თეატრს უკავშირდება. მაშინდელი ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) იდგა ევროპაში განთქმული ოპერის თეატრი (მას ალექსანდრე დიუმა აღწერს "კავკასიაში", ასეთი სილამაზის თეატრი არ მინახავსო). პირველ სართულზე მაღაზიები ყოფილა, მათ შორის, ვაჭარ თამამშევისაც... ფართლეულის მაღაზიის მფლობელ ლაზარევს საკუთარი მაღაზია ჯერ დაუზღვევია დიდ თანხად, შემდეგ კი გადაუწვავს და ხანძარი მთელ შენობას მოსდებია.

დიდი სამამულო ომის დროს, 1942 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ქალაქის ქალთა რაზმი, რომელიც იცავდა იმჟამინდელ კიროვის რაიონს, 50 კაცის შემადგენლობით და 2 სახანძრო ავტომანქანის შეიარაღებით. მათ გამოაჩინეს მამაცობა ხანძრის ქრობისას ტყავის ქარხანაში, ნადიკვარის ქ.N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცელულოიდის და სამკერვალო ფაბრიკებში და მრავალი სხვა. რაზმის უფროსი იყო ზინაიდა კუზნეცოვა.

მეორედ ხანძარი რუსთაველის გამზირზე აგებულ ოპერის თეატრში 1973 წელს გაჩნდა. დაიწვა პარტერი, სცენა, გასული საუკუნის 60-იან წლებში სერგო ქობულაძის მოხატული ფარდა, რომელიც ახლახან აღადგინეს... ახლა ოპერის შენობაში არის ავტომატური ცეცხლსაქრობი მოწყობილობა, შეტყობინების სისტემა და რკინის სახანძრო ფარდა, რომელიც 18, 5 ტონას იწონის, წუთ-ნახევარში ეშვება და ცეცხლს პარტერში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.

აფროამერიკელი შამბე

აფროამერიკელი ბაშირ შამბე რუს თავადს უყიდია და ქართველი თავადისთვის უჩუქებია. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად გაქცეულა, შამბე კი თბილისში დარჩა და სახანძრო სამსახურში ღრმა მოხუცებულობამდე იმსახურა. ის საბჭოთა კავშირის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი პირველი მეხანძრეა.

რობოტი მეხანძრე

2019 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე რობოტს შეიძენს. ის ამოქმედდება განსაკუთრებულ ვითარებაში, მაგალითად, თუ აფეთქების რისკი მაღალია და ხანძრის ეპიცენტრთან მიახლოება - განსაკუთრებით საშიში. რობოტს მეხანძრე მაშველი ჯოისტიკით მართავს. ის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ღირს და შესაძლოა, მის შეძენაში ევროპელი პარტნიორები დაგვეხმარონ.

გმირი მეხანძრეები

ივანე ქსოვრელმა 70-იან წლებში ცეცხლმოკიდებული საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვი გამოიყვანა, შებრუნდა, ვინმე ხომ არ დარჩაო და... ჩამოშლილი შენობის ნანგრევებმა იმსხვერპლა.

ზურა მუზაშვილი 2015 წელს 13 ივნისის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მან 7 ადამიანის გადარჩენა მოასწრო.

სერგო ბაიდაშვილი თბილისის ომის დროს კიტოვანის შტაბში გაჩენილ ხანძარს აქრობდა, როდესაც ესროლეს და მოკლეს.

იხილეთ ასევე: "შავკანიანი მეხანძრე ქართველებისთვის თავს სწირავდა"

ეკა სალაღაია