"რა უბედური ვყოფილვარო" - ამ გოდების დროს დარბაზი ხარხარებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს არავის გაუცინია..." - მსახიობი, რომელსაც ცხოვრებამ ბევრი სიმწარე არგუნა - კვირის პალიტრა

"რა უბედური ვყოფილვარო" - ამ გოდების დროს დარბაზი ხარხარებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს არავის გაუცინია..." - მსახიობი, რომელსაც ცხოვრებამ ბევრი სიმწარე არგუნა

ფოტოგალერეა

დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, ქუჩაში რომ აღარ ეტეოდნენ, ხეებზე ადიოდნენ და იქიდან უყურებდნენ პროცესიას. განცალკევებით იდგა სპარტაკ ბაღაშვილი. აღელვებული ბოლთას სცემდა და თავისი გამორჩეული ხმით ბუბუნებდა: - დაგრჩათ, მაიმუნებო, თეატრი?! გიორგი შავგულიძეს ასაფლავებდნენ. კაცს, რომელიც ასე უყვარდა ხალხს... მაინც რა უიღბლო იყო გიორგი... იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტრამვაის ქვეშ რომ ჩავარდა და ასე ტრაგიკულად დაიღუპა, ცხოვრებამაც ბევრი სიმწარე არგუნა.

მარჯანიშვილის თეატრიდან რომ გამოასვენეს, ერთ ცნობილ მსახიობს სთხოვეს, სიტყვა თქვენ თქვითო. იუარა - ყბები მტკივა და ვერ ვიტყვიო. დიდუბის პანთეონში არ კრძალავდნენ, საზოგადოებრივ საქმეში არ მონაწილეობდა და პანთეონში რა უნდაო. ერთადერთს ქალაქკომის მდივანს გიორგი გეგეშიძეს უთქვამს: - არა გრცხვენიათ, ასეთი ხალასი ნიჭის ადამიანი თუ არა, აბა, ვინ უნდა იყოს პანთეონშიო... მედეა ჯაფარიძე რომ არა, არც დაკრძალავდნენ. მან შეაწუხა დეპუტატები, ქვეყანა შეძრა და, როგორც იქნა, თანხმობა ათქმევინა.

ჰოდა, სპარტაკ ბაღაშვილი გალიაში გამომწყვდეული ლომივით ბრდღვინავდა. ბევრი ტკივილი ჰქონდა საერთო გარდაცვლილ მეგობართან.

"გიორგი სააკაძეში" მას სააკაძის როლი უნდა ეთამაშა, გიორგი შავგულიძეს - ლუარსაბისა... უკანასკნელ წუთს შეიცვალა ყველაფერი. მაშინ იყო, რომ მრისხანება ვეღარ დაიოკა და ცხელ გულზე ისე დალია, მერე ვეღარ აკავებდნენ...

უკვე სნეული და უარყოფილი (თუ უარყოფილი და ამიტომ სნეული) კრემლში მიიწვია სტალინმა... ეს ძალიან ცნობილი ამბავია: როგორ უსმენდა აცრემლებული ბელადი სპარტაკის წაკითხულ ლექსებს, მერე როგორ შევიდა ღამე მის ოთახში და საბანი როგორ შეუსწორა... მოსკოვიდან დაბრუნებულმა კი უთხრა თავის მეგობარს, შავგულიძეს: - ჩემს წინ 6 კაცი იჯდა, კობამ მკითხა: - რამე ხომ არ გჭირდებაო. ექვსივეს გადავხედე... შემეძლო დედა მეტირებინა ყველასთვის და მეთქვა, - იცით, თბილისში რომ ჩავალ, ამ პიჯაკს გამხდიან, იმიტომ, რომ ჩემი არ არის... ვერ ვთქვიო.

ეგეთები იყვნენ, უქონლობაზე ლაპარაკი ძალიან უჭირდათ.

გიორგი შავგულიძე მიწურში ცხოვრობდა. იმ დროს სამსახურებში სიები დგებოდა და თანამშრომლებს ბინებს აძლევდნენ. ასეთ სიაში შეიტანეს შავგულიძეც... მერე რა მოხდა, არავინ იცის... წაშალეს შავგულიძე და ჩაწერეს პიერ კობახიძე... ორი არტისტი ერთდროულად მოვიდა სატვირთო მანქანაზე დაწყობილი ბარგით ერთსა და იმავე ბინაში შესასახლებლად... გიორგიმ არც იცოდა, რომ მას აღარ აძლევდნენ ბინას.

ისე გარდაიცვალა, ვერც სახალხო არტისტობას მოესწრო, რომ ხელფასი მაინც გახდომოდა 150 მანეთი... 80 თუ 90 მანეთი ჰქონდა, ეს იყო და ეს.

იმ კორპუსში, სადაც შავგულიძეს ბინა უნდა მიეღო, ცხოვრობდა გენერალი შადური. გააოგნა ნანახმა. როცა ბინიდან გადასვლა გადაწყვიტა, დაურეკა ცეკას მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს: - ისეთი უზნეო რამ ვნახე, გთხოვთ ჩემი ბინა გიორგი შავგულიძის ოჯახს გადასცეთო...

ოროთახიანი ბინა სასახლედ ეჩვენებოდა სიდუხჭირეში მცხოვრებ ოჯახს. გიორგი ოთახიდან ოთახში დადიოდა და ვერ იჯერებდა: - ორივე ოთახი ჩვენია, კაცო?! მეუღლე, ლიზა, ვეჯინელი თავადის, კონსტანტინე ვაჩნაძის ასული იყო. 1924 წელს ლიზიკოს მშობლები დააპატიმრეს და პატარა გოგონა, თავის სამ დასთან ერთად, ფეხით ჩამოვიდა თბილისში. მათი მეურვეობა დეიდამ - თამარ ანდრონიკაშვილმა იკისრა.

გიორგი შავგულიძე მეუღლესთან, ლიზა ვაჩნაძესთან ერთად

1932 წელს მსახიობი ლიზიკო ვაჩნაძე რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, იქ გაიცნო შავგულიძე. სპექტაკლში, "ყვარყვარე თუთაბერი", გიორგი და ლიზიკო შეყვარებულებს თამაშობდნენ. 1934 წელს დაქორწინდნენ და მიწურ, უსარკმლო ოთახში დასახლდნენ...

თამარ ანდრონიკაშვილი ეხუმრებოდა სიძეს, - რომ გაგიცანი, მესტვირეს ჰგავდიო. შავგულიძეც ხუმრობდა, - ლიზა შინ გაცილების უფლებას არ მაძლევდა. პაპიროსს თვალებში შევიბოლებდი და ცრემლები წამომივიდოდა - ასე ვაცოდებდი თავს და ხომ დავიყოლიე ცოლობაზეო.

გრიშა კოსტავასთან სიყრმის მეგობრობა აკავშირებდა. ერთად მოიტაცეს ულამაზესი მედეა ჯაფარიძე. გიორგის ეცოდებოდა მედიკო, გაუშვიო, - სთხოვდა. მაგრამ გრიშა გაუტეხელი იყო, ოღონდ არ იფიქროთ გულქვაც. როცა პოლიტიკური მოტივით დაიჭირეს, თავად სთხოვა მედეას, არ დამელოდო, გათხოვდიო... დაბრუნებულმა კი დიდსულოვნად: თუ უხერხულობას გიქმნი, ნურც მომესალმებიო.

კადრი ფილმიდან 'ქეთო და კოტე'

გიორგი შავგულიძე თავისი ზნეობის გამო უყვარდა ყველას. კიდევ იმიტომაც, რომ არც ერთ ინტრიგაში, რომელსაც თეატრში ხლართავდნენ, არ გარეულა. არც ის კაცი გახლდათ, საჩივრები ეწერა, არც ვინმეს საამებლად დაიწყებდა კოჭის გორებას. ამიტომაც მისი არც ეშინოდათ და როლებსაც ძუნწად აძლევდნენ. ერთადერთ სპექტაკლში ითამაშა მთავარი როლი - "კოლმეურნის ქორწინებაში". დანარჩენი - ყველა ეპიზოდური იყო, მაგრამ როგორ თამაშობდა!

ცნობილი ლენინგრადელი რეჟისორი ლეონიდ ვარპახოვსკი ჩამოვიდა. გააცნეს შავგულიძე. იმ საღამოს ბევრი იხუმრეს, იცინეს. ის დრო იყო, როცა იღებდნენ ფილმს "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", შავგულიძეს პატარა როლი ჰქონდა - პაპა აპარეკასი. მეორე დღეს ვახტანგ ტაბლიაშვილისთვის უთქვამს ვარპახოვსკის: - გიორგი შემხვდა, არ მომესალმა. მეწყინა, არადა გუშინ ერთად ვიყავით, ნუთუ ვერ მიცნო-მეთქიო. კინოსტუდიის დერეფანი ჩაიარა. რომ მობრუნდა, შევხედე - ბერიკაცი იყო. მივხვდი, როლზე მუშაობდა. გავოგნდი, ყველაფრის გარეშე როგორ გარდაისახა!

ამის მერე ვარპახოვსკის მარჯანიშვილის თეატრში მოუთხოვია: - თუ "რიჩარდს" დავდგამთ, მთავარ როლში შავგულიძე ითამაშებსო. თეატრის დირექტორმა, ვანო გვინჩიძემ: - რას ბრძანებთ, თეატრი დამენგრევა თავზეო! ჩაიშალა... ასეთ დამოკიდებულებას ძალიან განიცდიდა. განცდას ღვინოში კლავდა. მაგრამ დიდი ვერიკო ამბობდა, - არ მახსოვს, თეატრში ნასვამი მოსულიყოო...

მარჯანიშვილს ძალიან უყვარდა შავგულიძე, - ვიცი, ეგ რომ დონ კიხოტს ითამაშებს, განუმეორებელი იქნებაო. შეეძლო, თანაბარი დამაჯერებლობით ეთამაშა ბრძენიც და კინტოც... 26 წლისამ განასახიერა ჭყონდიდელი.

უიღბლობა სდევდა თან... სპექტაკლში "ხეები ზეზეულად კვდებიან" მაურისიო იყო. შემოდიოდა, სულ ორი სიტყვა ჰქონდა სათქმელი. ფულს სთხოვდა ბაბუას... შემოდიოდა სცენაზე და ხეს მოეფერებოდა. ამას რატომ აკეთებო, - ჰკითხეს. ამ ხეზე ბავშვობაში მაურისიო დაცოცავდაო. ინგრეოდა თეატრი ტაშით. როლიდან მოხსნეს - სხვა გჯობიაო.

დიდებულად ითამაშა "დავით გურამიშვილში". იოსებ თუმანიშვილმა აიტეხა, - აუცილებლად ლაურეატობა უნდა მივცეთო. აკაკი ხორავამ ხმა "პაგანინის" მისცა, ასე რომ, "გურამიშვილი" დარჩა განზე...

"ბერლინის დაცემაში" მელიტონ ქანთარია უნდა ეთამაშა. უარი უთხრეს - მამა და სიდედრ-სიმამრი რეპრესირებული ჰყავდა... მიხეილ ჭიაურელი წუხდა, - მე შავგულიძის ცეკვაზე მქონდა გათვლილი ეპიზოდი, ყველაფერი გამიფუჭეთო...

მსახიობზე ზოგჯერ მწარედ ჩაიქირქილებდნენ, - განათლებაც კი არ აქვს მიღებულიო... მართლაც, სულ პატარა იყო, მარჯანიშვილმა რომ ქუთაისიდან პირდაპირ თეატრში მიიყვანა... მაგრამ განა დიპლომები ქმნიან და აყალიბებენ ადამიანებს?!

შვილების - ნურადინისა და ჯუანშერის ნათლიები პეტრე ოცხელი და ნიკო გოცირიძე იყვნენ. ძველქართული სახელებიც მათ შეურჩიეს...

ნუკრის (ნურადინს) დაამახსოვრდა, როგორ მოდიოდა მათთან უკვე სნეული პეტრე ოცხელი და როგორ ერიდებოდა ბავშვს, - სენი არ გადაედოსო... ერთხელ მისი ჭიქისათვის წამოუვლია ბიჭს ხელი და: - არ დალიო, ჩემი ჭიქიდან არ დალიოო, - აყვირებულა...

გიორგის სათქმელი ბევრი ჰქონდა დაგროვებული, მაგრამ სად ეთქვა, მხოლოდ მეგობრებთან და კიდევ... როლებშიც ახერხებდა. მოდიოდა შინ გულგახეთქილი და ვაჟას კითხულობდა. ჩართავდა ბახს და ფიქრობდა...

ბოლოს, სულ აღარ აძლევდნენ როლებს. ძალიან განიცდიდა. - ლიზიკო, რა მაგიჟებს, იცი? რა ჰგონიათ, ბებერ კაცსაც ვერ ვითამაშებო? - წამოსცდებოდა ნასვამს მეუღლესთან.

საპატიო სუფრაზე რომ მიიწვევდნენ - უარს იტყოდა. იმ პატივცემულ საზოგადოებაში ჩემს სამყაროში არ ვარ. ცხოვრებაში თამაში არ მინდა და არც შემიძლიაო...

P.S. დაკრძალვის დღეს ხალხის ზღვა მიაცილებდა, სწორედ ამით ითქვა ყველაზე მთავარი სათქმელი...

საბედისწერო დღე

გიორგი შავგულიძეს დიდუბის პანთეონში სიარული ჰყვარებია და ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. მისი ვაჟი მაშინ სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა. მამას შინ პლასტილინისგან ნაძერწი ფიგურა უნახავს და აღფრთოვანებულა, - ჩემი ძეგლი ეს უნდა იყოსო, სათუთად შეუნახავს და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეც გამოუტანია... იმ საბედისწერო დღეს ახალი, სეზონისთვის შეუფერებელი პერანგი ჩაუცვამს და როცა ცოლს საყვედური უთქვამს, - რა დროს მაგის ჩაცმააო, ასე მოუგერიებია, - აბა, კუბოში ხომ არ ჩამაცმევო...

გიორგი შავგულიძის საფლავი დიდუბის პანთეონში

მისი მეუღლე იმ დროს სცენაზე იდგა, როდესაც გიორგი ტრაგიკულად დაიღუპა. სპექტაკლში თანამდებობის პირის ცოლს თამაშობდა, რომელიც მოთქმით გოდებდა: "რა უბედური ვყოფილვარო". ამ გოდების დროს დარბაზი ხარხარებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს არავის გაუცინია...

გიორგი შავგულიძე 49 წლის გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "უსაზღვროდ შეუყვარდა ვაჩნაძის ქალი, მაგრამ თქმით ვერაფერს უბედავდა" - გიორგი შავგულიძის ცხოვრების სიყვარული

ლელა ჯიყაშვილი