"იბრაჰიმ-ბეის ფულით აშენებულ ეკლესიასა და კოშკს ვპატრონობ" - ეგვიპტის ბოლო მმართველი ქართველი მამლუქის დღემდე უცნობი პორტრეტი, რომელიც პირველად ქვეყნდება - კვირის პალიტრა

"იბრაჰიმ-ბეის ფულით აშენებულ ეკლესიასა და კოშკს ვპატრონობ" - ეგვიპტის ბოლო მმართველი ქართველი მამლუქის დღემდე უცნობი პორტრეტი, რომელიც პირველად ქვეყნდება

"აბრამმა მეფე ერეკლეს წერილი, გაწვრთნილი მამლუქები და ფული გამოუგზავნა. სწერდა, მეფეო, ამ ფულით ქვეყანას უპატრონე, იარაღი შეიძინე, მამლუქები სამსახურში ჩაიყენე და თუ ორიოდე გროში დაგრჩეს, ჩემს მოხუც დედას ეკლესია აუშენე მარტყოფშიო..."

mamlukze-1677760652.jpg
ფოტო იბეჭდება პირველად! - "ეს ფოტო ინგლისის ერთ-ერთი პრინცის კუთვნილება იყო, საიდანაც, სავარაუდოდ, ლონდონის მუზეუმში მოხვდა. ფოტოზე ევროპელი მხატვრის ნახატია აღბეჭდილი"

საქართველოდან XVI საუკუნიდან XVIII-ის ჩათვლით, სულ მცირე, მილიონი ქართველი ქალ-ვაჟი გაიყიდა მონად. ეგვიპტელი ისტორიკოსების ცნობით, ქართველი ტყვე ქალების სილამაზით მოხიბლული დიდგვაროვნები თანამემამულეებზე აღარ ქორწინდებოდნენ და ქართველ ტყვეებთან ქმნიდნენ ოჯახებს. სამაგიეროდ, მონობიდან გათავისუფლებულმა ქართველებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდებით იძიეს შური. ქართველი მამლუქი ბეგები ეგვიპტეს XVII საუკუნის დასაწყისიდან მის მიწურულამდე მართავდნენ. ეგვიპტის ბოლო მმართველიც სწორედ ქართველი მამლუქი - მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი, აბრამ შინჯიკაშვილი იყო. მწარე მამლუქობამ მას დიდება მოუტანა, რომელიც მწარედვე დამთავრდა - სამშობლოდან და ბოლოს ეგვიპტიდანაც დევნილ და შვილმოკლულ იბრაჰიმ-ბეის მარტოობაში ამოხდა სული. აბრამ-იბრაჰიმის ხსოვნას მარტყოფში მისი შთამომავლები სათუთად ინახავენ. ამ ისტორიისა და იბრაჰიმ-ბეის ახალაღმოჩენილ პორტრეტზე გიამბობთ - ჯერ გამოუქვეყნებელი ფოტო მარტყოფში გელა შინჯიკაშვილმა გადმომცა.

გელა შინჯიკაშვილი: - შინჯიკაშვილები მარტყოფში სამოცი ოჯახი ვართ. აბრამი მღვდლის შვილი იყო. მამამისი სიონის ტაძარში წირავდა და აბრამთან ერთად კიდევ სამი შვილი ჰყავდა, ორი ვაჟი - გიორგი, ბასილი და ერთი ქალი, ნინო. ღვთის წყალობით მღვდელს ის სამი შვილი გაუმრავლდა და მე გიორგის შთამომავალი გახლავართ. თავად აბრამს ცოლად ასევე ტყვე ქართველი ქალი ჰყავდა. ასე რომ, ვიდრე შინჯიკაშვილები ცოცხლები ვართ, მის ხსოვნას არასოდეს დავკარგავთ.

მარტყოფში იბრაჰიმ-ბეის ფულით აშენებულ ეკლესიასა და კოშკს ვპატრონობ. ჩემმა შვილმა, გიორგი შინჯიკაშვილმა, რომელიც მოჭიდავეა, ეკლესია ააშენა იმ ადგილების ახლოს, საიდანაც აბრამი გაიტაცეს. შვილსაც მისი სახელი დაარქვა. პაპაჩემი სულ იმას გაიძახოდა თურმე, შინჯიკაშვილები დიდი წინაპრის პატრონი ვართ, ეგვიპტეში მამლუქების ამოხოცვისას მარტო ის გადახტა კოშკიდან ცხენითო.

'ამ კოშკს ახლა შიშით შევყურებ, რადგან მთავრობა შეკეთების ნებას არ მაძლევს, კულტურის ძეგლია და ჩვენ უნდა ვუპატრონოთო. არადა, არც თვითონ აკეთებენ, კოშკი კი ინგრევა და ლპება' პატარა ვიყავი, ჩვენს სოფელში პროფესორი გოჩა ჯაფარიძე რომ მოვიდა და აბრამ შინჯიკაშვილის შესახებ იკითხა. წლების შემდეგ ის ეგვიპტეში ელჩი გახდა და იქ მამლუქების ისტორია შეისწავლა. ბატონმა გოჩამ გადმომცა იბრაჰიმ-ბეის ის სურათი, რომელიც არც ისე დიდი ხანია აღმოაჩინეს ინგლისში. 15 წლის აბრამი პურის ყანიდან გაიტაცეს, როცა სამკალში იყო. ვიღა უპატრონებდა, კავკასიის მთებზე მარბიელებს ვინ დაეწეოდა?!

- წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდა მისი ოჯახი - შვილი 15 წლამდე გაზარდეს, მერე კი მოვიდა ვიღაც, მოსტაცა, სხვად გაზარდა, რჯული შეაცვლევინა...

- ეტყობა, გულით ქრისტიანი იყო, თორემ სამშობლოს ასე არ დაეხმარებოდა.

იმ დროს მარტყოფიდან თბილისამდე ურმით ან სულაც ფეხით მიდიოდნენ. აბრამის მამაც, ალბათ, ხშირად ფეხით დადიოდა თბილისში წირვის ჩასატარებლად, სადაც უეჭველად აბრამი და სხვა შვილებიც მიჰყავდა.

აბრამი სიონში, ალბათ, მეფე ერეკლესაც ხედავდა, რომელიც მასზე მხოლოდ 15 წლით უფროსი იყო და იქნებ იცნობდა კიდეც, რადგან ეგვიპტის მმართველობაში მისვლიდან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მასთან.

აბრამი ეგვიპტის მმართველი 40 წლის ასაკში, 1775 წელს გახდა და 1778 წელს მეფეს წერილი, გაწვრთნილი მამლუქები და ფული გამოუგზავნა. სწერდა, მეფეო, ამ ფულით ქვეყანას უპატრონე, იარაღი შეიძინე, მამლუქები სამსახურში ჩაიყენე და თუ ორიოდე გროში დაგრჩეს, ჩემს მოხუც დედას ეკლესია აუშენე მარტყოფში, შორს დადის სალოცავადო. მეფემ ეკლესია ქართლ-კახეთში ცნობილ ხუროთმოძღვარ გლახო ზაზიაშვილს ააშენებინა. ამ ეკლესიაში პირველად აბრამის ძმა, გიორგი დაიკრძალა 1816 წელს, პირადად ჩემი წინაპარი და მეფე ერეკლის მცველთა უფროსი, ლეკმარბიელთა რისხვა. მანამდე გიორგი და მისი დის ქმარი ჩავიდნენ აბრამის სანახავად ეგვიპტეში და მათ ლეკთაგან დასაცავი საგვარეულო კოშკის ასაშენებელი ფული გამოატანა. ამ კოშკს ახლა შიშით შევყურებ, რადგან მთავრობა შეკეთების ნებას არ მაძლევს, კულტურის ძეგლია და ჩვენ უნდა ვუპატრონოთო. არადა, არც თვითონ აკეთებენ, კოშკი კი ინგრევა და ლპება. ჰოდა, გადაეცით მთავრობას, ან თავად მიხედოს, ან მე მიმახედვინოს - კოშკის გასამაგრებლად პაპაჩემის პაპის სახლი დავშალე და უძველესი აგური და ქვა მოვზიდე!

'მარტყოფში იბრაჰიმ-ბეის ფულით აშენებულ ეკლესიასა და კოშკს ვპატრონობ. ჩემმა შვილმა, გიორგი შინჯიკაშვილმა, რომელიც მოჭიდავეა, ეკლესია ააშენა იმ ადგილების ახლოს, საიდანაც აბრამი გაიტაცეს. შვილსაც მისი სახელი დაარქვა' - ეგიპტის ძლევამოსილი მმართველი მარტყოფში არასოდეს ჩამოსულა? - ეს რომ ექნა, ყველაფერს დაკარგავდა, რაც სისხლით და ცრემლით მიიღო - აღმოსავლელ მბრძანებელთა ტახტი ღალატით იყო სავსე. მაგალითად, ის ეგვიპტეს თბილისიდან გატაცებულ ქართველთან, მამლუქ მურად-ბეისთან ერთად მართავდა. ამ მურად-ბეიმ მოკლა საკუთარი ხელით ეგვიპტის წინა, ასევე ქართველი მმართველი ალი-ბეი. მურადს მისი ცოლი მოსწონდა, ამიტომ ალი-ბეისვე დის ქმარს, ასევე ქართველ მამლუქს მუჰამედ-ბეი აბუზაჰაბს შეეკრა. აბუზაჰაბს ძალაუფლება სურდა, მურადს კი ლამაზი ქალი, ამიტომაც სიცოცხლეს გამოასალმეს ეგვიპტის ისეთი მმართველი, რომელმაც ეგვიპტე თურქების მონობისგან გაათავისუფლა. სხვათა შორის, ალი-ბეიც სამურზაყანოელი მღვდლის შვილი იყო, რომელიც 13 წლის ასაკში გაიტაცეს. მოღალატე აბუზაჰაბის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ 2 წელიწადში გარდაიცვალა, მის ნაცვლად კი ეგვიპტის მმართველი იბრაჰიმ-ბეი გახდა.

იბრაჰიმს მაშინ მოუწია ეგვიპტის მართვამ, როცა ეგვიპტის დასაპყრობად ერთმანეთს ოთხი სახელმწიფო ეჯიბრებოდა: თურქეთი, ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი. იბრაჰიმ-ბეი ნაპოლეონთან ბრძოლაში დამარცხდა. სხვათა შორის, ნაპოლეონმა ბრძოლის წინ ეგვიპტელ ხალხს მიმართა, რამდენი ხანია კავკასიაში ნაყიდი მონები გმართავენ და მათგან უნდა გაგათავისუფლოთო, მერე კი ბრძოლა მოიგო და ეგვიპტე გაძარცვა. ამის შემდეგ ეგვიპტეში მამლუქთა შინაომები დაიწყო და ერთ ღამეს ეგვიპტეში შეჭრილმა თურქებმა მამლუქები მოტყუებით ამოხოცეს. მათ შორის იყო იბრაჰიმის ვაჟიც, რომელიც დახოცილ მამლუქთაგან ერთადერთი დაიკრძალა ადამიანურად - იბრაჰიმის ცოლი ფაშასთან მივიდა და ფეხებში ჩაუვარდა, შვილი ადამიანურად დამაკრძალვინეთო და ფაშამ შვილის ცხედარი გამოატანა. ამ ქალს კიდევ ერთხელ მოუხდა მისვლა ფაშასთან, როდესაც ეგვიპტიდან გაქცეული იბრაჰიმი გარდაიცვალა, ქმარიც დამაკრძალვინეთ შვილთანო, და ფაშამ ისევ ნება დართო. სამწუხაროდ, მამა-შვილის საფლავები დაკარგულია. 2006 წელს გიორგი კალანდიას გავყევი ეგვიპტეში მამლუქებზე ფილმის გადაღებისას და მარტყოფიდან წაღებული მიწა სხვა მამლუქების საფლავებს მოვაყარე.

ეს ფოტო, სადაც იბრაჰიმი ორ ქალთან ერთად არის, ინგლისის ერთ-ერთი პრინცის კუთვნილება იყო, საიდანაც, სავარაუდოდ, ლონდონის მუზეუმში მოხვდა. ფოტოზე ევროპელი მხატვრის ნახატია აღბეჭდილი. როდესაც ბატონმა გოჩამ ის ჩამომიტანა, მამლუქების ისტორიის მკვლევარი ამერიკელი ქალი ახლდა. მას ვაჩვენე აბრამ შინჯიკაშვილის ქანდაკება. წლების წინ მის ჩამოსასხმელად 10 შინჯიკაშვილი შევკრიბე და მოქანდაკეს ვთხოვე, თუ შეძლებ, ქანდაკებაში ჩვენი საერთო ნიშნები აღბეჭდე-მეთქი. როდესაც ამერიკელმა მკვლევარმა იბრაჰიმ-ბეის სურათი და ქანდაკება ერთმანეთს შეადარა, გაოგნდა - ქანდაკებისა და ფოტოზე აღბეჭდილი იბრაჰიმ-ბეის სახე წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთსო. როგორ უნდა ამეხსნა, რომ ეს შინჯიკაშვილების სისხლის დამსახურება იყო. სწორედ ის მავალებს, რომ დიდი ქართველის ხსოვნას საკუთარი შვილივით ვუპატრონო.

იხილეთ ასევე: "ნუ დამივიწყებთ" - ერაყის მმართველი, ქართველი მამლუქის, დაუდ-ფაშას წერილი დედას