"მე და ოთარ ბერძენიშვილი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით" - რა თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე? - კვირის პალიტრა

"მე და ოთარ ბერძენიშვილი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით" - რა თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დაიწყო. პირველ სხდომაზე  საქმის პროკურორმა ელენე ჩხაიძემ ბრალდება წაიკითხა და განაცხადა, რომ პაპიძის პირადი ჩანაწერი, რომელიც დედამთილმა იპოვა და გამოძიებას გადასცა, კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სწორედ მაგდა პაპიძის გაკეთებულია. (იხილეთ: "მკვლელობამდე მაგდა პაპიძე ხვდება ოთარ ბერძენიშვილს, გადასცემს თავის ოქროულობას და აფრთხილებს, რომ იმ დღეს არ დაურეკოს")

სასამრთლოს მიმართეს ბრალდებულის ადვოკატებმა, მათი თქმით, ისინი სასამართლო პროცესზე დაამტკიცებენ მაგდა პაპიძის უდანაშაულობას. განცხადება გააკეთა მაგდა პაპიძემაც. გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი სიტყვიდან:

"მე თავს არავის ვაცოდებ, გულწრფელად ვლაპარაკობ, ჩემი შვილი მიწაშია, დიდ ხანს მეგონა რომ ის ცოცხალი იყო, ბავშვი ხელში თბილი მყავდა. მე და ომარი სიყვარულით დავქორწინდით, რაც შეეხება ჩვენს დედა-შვილობას, თორნიკე ჩემი პირველი შვილი იყო, შვიდთვიანი დაიბადა, გულის უკმარისობით ტემპერატურის ვარდნით, ინკუბატორში უნდა გადაეყვანათ...

არსებობს ფოტოები, სადაც კარგად ჩანს როგორ წევს ბავშვი ჩემს გულზე, ექიმს ვთხოვე ტემპერატურის ასაწევად ინკუბატორში წაყვანამდე ჩემს მკერდზე დაეწვინათ. ზუსტად 2 წუთში აეწია ბავშვს ტემპერატურა. ჩემი თორნიკე, ფაქტობრივად, ჩემს მკერდზე გაიზარდა. ამის თვთმხილველია ჩემი დედამთილი. ბავშვს ალერგიული ფონი ჰქონდა გაზაფხულზე და არანაირი ასთმა არ ჰქონია. მის განვითარებასა და განათლებაში ბევრი ინვესტიცია ჩავდე... მე და თორნიკეს უბრალო დედაშვილობა არ გვქონია. 2 თვე გვერდიდან არ მოვცილებულვარ, ჩემ შვილს ჩემ ნაშიერს ვეძახდი...

რაც შეეხება ჩემ გამომწვევ ფოტოებს სოციალურ ქსელში, რაზეც აპელირებენ, ეს ჩემი ქმრის გადაღებული ფოტოებია. მე პარალელურად სარეკლამო სააგენტოებში ვმუშაობდი და პიარისთვის მჭირდებოდა...

ცოლ-ქმარს იდეალური ურთიერთობა გვქონდა, მართალია პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, მაგრამ ეს ოჯახში არ გამოუხატავს.

იდეალური და ვაჟკაცური მამაკაცი იყო, ფიზიკურად ძლიერი.

რაც შეეხება უროს, მისი ყიდვა ჩემმა ქმარმა დამავალა.

მე ხარჯთაღრიცხვას ყოველთვის ვაკეთებდი, შესაბამისად ამ რვეულის მოძებნა თვითონ ვთხოვე გამომძიებელს, მასში აღმოჩენილი ჩანაწერი მე არ მეკუთვნის.

ჩემ ქმარს 1000 ლარამდე თანხა მოქონდა ყოველთვე შინ, მისგან 500 ლარამდე მიდიოდა საბანკო ვალდებულებებში, მეც ვმუშაობდი იმიტომ, რომ თორნიკეს წამალი არ მოკლებოდა, მას სასუნთქი გზების პრობლემების გამო სულ წამლები სჭირდებოდა.

მოვითხოვ, ჩემზე ძაალადობის ფაქტის გამოძიებას... გაჩვენებდით ჩემს მუცელს, სადაც დღემდე მეტყობა წიხლის კვალი, მაგრამ მერიდება. ვერ აღვწერ რა ფიზიკური და მორალური ძალადობა გადავიტანე.

მე და ოთარ ბერძენიშვილი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და არ ვაპირებდით ერთად ცხოვრებას, ამას ალბათ ისიც იტყვის სასამართლოზე, ამ თემასთან დაკავშირებით ვეღარ ვაზროვნებ, ჩვენ კარგი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, რაც შეეხება ნივთებს მე მას მივეცი და ვუთხარი, რომ 2 კვირაში გამოვართმევდი. მე არაფერი დამიგეგმავს".

შემდეგი სასამართლო სხდომა ჩაინიშნა 13 ივნისს 11:00 საათზე.

იხილეთ ასევე: "ახლა მოუნდა ბერობა?"

იხილეთ ასევე: "ლანა ცხედრებთან იდგა და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო"