"საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ მიმოწერას, მათ სექსუალურ ურთიერთობას" - მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლოში ოთარ ბერძენიშვილს ჰკითხავენ - კვირის პალიტრა

"საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ მიმოწერას, მათ სექსუალურ ურთიერთობას" - მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლოში ოთარ ბერძენიშვილს ჰკითხავენ

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. სასამართლო პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის დაგვიანება იყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება მაგდა პაპიძის მეგობარი ოთარ ბერძენიშვილი და გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური.

იხილეთ ასევე: "მე და ოთარ ბერძენიშვილი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით" - რა თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე?

ამასთან, პროკურორმა ბერძენიშვილის დაკითხვის ნაწილში სხდომის დახურვა მოითხოვა: "ვინაიდან საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ მიმოწერას, მათ სექსუალურ ურთიერთობას, აქ უნდა გაიშიფროს მათი შეტყობინებები და დეტალები, ამიტომ ვითხოვთ ოთარ ბერძენიშვილის ნაწილში დაიხუროს სასამართლო სხდომა".

პროკურორის მოთხოვნას დაეთანხმა ბრალდებულ პაპიძის ადვოკატი და მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე მიიჩნევს, რადგან საქმე პირად ცხოვრებას ეხება და ბერძენიშვილს არ სურს ამის საჯაროდ გამოქვეყნება, ამ ნაწილში სხდომა დაიხურება.

ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვას, რომელიც საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმეა, მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებულის მხარეები დაესწრებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მეუღლე და შვილი ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მოკლა.

ოთარ ბერძენიშვილის შემდეგ, დაიკითხება ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური.

იხილეთ ასევე: "მკვლელობამდე მაგდა პაპიძე ხვდება ოთარ ბერძენიშვილს, გადასცემს თავის ოქროულობას და აფრთხილებს, რომ იმ დღეს არ დაურეკოს"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)