"მე მკვდარი ვარ, თქვენ მომკალით" - ნინუების საზარელი მკვლელობა და 30-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ გამამართლებელი ვერდიქტი - კვირის პალიტრა

"მე მკვდარი ვარ, თქვენ მომკალით" - ნინუების საზარელი მკვლელობა და 30-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ გამამართლებელი ვერდიქტი

"დედამ კიდევ დიდხანს იცოცხლა, სანამ სისხლისგან არ დაიცალა"

"მინდა, თამაზ გოგიას შევხვდე, როგორც მეგობარს. იქნებ მისი მონათხრობი დამეხმაროს სიმართლის დადგენაში"

"მეგობრის მკვლელობას მაბრალებთ! რატომ აკეთებთ ამ ბოროტებას, ნუთუ შეიძლება სკამისთვის ეშმაკს ემსახუროთ, ეს ცოდვა თქვენს ოჯახზე რომ გადავა, იცით? ჩემთვის მთავარი სახელია. ქათამიც არ დამიკლავს და ორი ადამიანი ისე მოვკალი, კვალიც არ დავტოვე? მე მკვდარი ვარ, თქვენ მომკალით! აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მომისჯით, 65 წელს თუ 10-ს. მე თამაზ ნინუას მკვლელობის ბრალდება მანადგურებს…

ამას არასდროს ვაღიარებ. პროკურატურა მთავაზობდა, მეღიარებინა და 10 წელს მომისჯიდნენ, ციხეშიც კარგად მომივლიდნენ... ეკა ამბობს, რომ პანაშვიდებზე არ ვიყავი... როგორ მოვიდოდი, როცა სულ პროკურატურაში ვეგდე. მანქანით რესტორანთან მიმიყვანეს და მომიწყვეს, ვითომ დებოში ავტეხე, სხვა ბრალით ამიყვანეს, ეს ყველაფერი ინსცენირებაა.

საბოლოო სიტყვა თქვენია, მოსამართლევ, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით... მამაჩემი ექიმი იყო, 1937 წელს "ტროიკამ" გაასამართლა და 20 წელი მიუსაჯეს, ციმბირში გაუშვეს. მისი რეაბილიტაცია 1957 წელს მოხდა, დღეს ასეთი ბედი მეც მერგო, თქვენი "ტროიკის" წყალობით" - ეს სიტყვები სასამართლო პროცესზე 8 წლის წინ თქვა ბრალდებულმა თამაზ გოგიამ.

დღეს კი მთავარი პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცახდებაში.

შეგახსენებთ, მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება 2016 წლის 17 ოქტომბერს მიიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

თამაზ გოგიას ბრალად ედებოდა 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, ანგარებით, თამაზ ნინუას, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით, მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობები.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ეს საზარელი დანაშაული, რომელიც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ გასულ წელს მოექცა, როდესაც პროკურორი ვახტანგ ქირია სადისტურად მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი თბილისში იპოვეს და მკვლელობაში ბიძინა კუჭავა დაადანაშაულეს. ოფიციალური ვერსიით, დაკავებისას კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ სკანდალური განცხადება გააკეთა - ქირიას მკვლელობის შემდეგ გამოძიება კიდევ ოთხი საქმით დაინტერესდა. ესენია: ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება, კუჭავას გერის მკვლელობა, ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, გოჩა მაღალთაძის მკვლელობა. გამოითქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ბიძინა კუჭავას ჩადენილი იყო, თუმცა დღემდე ეს საქმეები კვლავაც ბურუსითაა მოცული.

იმჟამად ნინუების ქალიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აცხადებდა:

ეკა ნინუა:

- როცა ცნობილი გახდა, რომ ის იარაღი, რითაც ჩემი მშობლები დახოცეს, მაღალთაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა, ცხადი გახდა, რომ ყველაფერი დადგმული იყო. დღემდე გაუხსნელია მაღალთაძისა და ჩემი მშობლების მკვლელობის საქმეები. თუ ჩემი მშობლები გოგიამ იმ იარაღით დახოცა, რატომ არ წაუყენეს მაღალთაძის მკვლელობის ბრალიც...

... ორივე მკვლელობის ხელწერა სრულიად იდენტურია. ძალოვანებმა ძაღლის გამოყენება ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების გარშემო ყველგან დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კვალი გაქრა. გამათბობელი ჩართული იყო მამაჩემის ოთახშიც და მაღალთაძის ოთახშიც. გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წელს მაღალთაძის მკვლელობისას.

ექსპერტიზის დასკვნით, დედა მკვლელობის დროს გარდაიცვალა. მე ექიმი ვარ, შემთხვევის ადგილზე პირველი მივედი და იმ სისხლის რაოდენობა, რაც ოთახში ვნახე, მაფიქრებინებს, რომ დედამ კიდევ დიდხანს იცოცხლა, სანამ სისხლისგან არ დაიცალა. დედა გარდაცვლილია ჰემორაგიული შოკით, ექსპერტიზის დასკვნაში კი სხვა წერია... საქმეში ბევრი რამეა გადასახედი.

გამორიცხულია, თამაზ გოგია იყოს ჩემი მშობლების მკვლელი. პროფესიონალის ჩადენილია ეს მკვლელობა. წარმოუდგენელია, ეს ყოფილიყო თამაზ გოგია, დადგენილია, რომ მაღალთაძეს საერთოდ არ იცნობდა.

- დღეს თუ გაქვთ პასუხი, რატომ მოკლეს თქვენი მშობლები?

- არ ვიცი, არც ის ვიცი, რა დროს დახოცეს ისინი. ერთი მეზობელი ამბობდა, გავიგონე გასროლის ხმაო, მაგრამ ახლაც ითქვა სასამართლოზე, რომ ისეთი იარაღია გამოყენებული, ხმას ვერავინ გაიგონებდა. ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. მინდა, თამაზ გოგიას შევხვდე, როგორც მეგობარს. იქნებ მისი მონათხრობი დამეხმაროს სიმართლის დადგენაში.

30-წლიანი პატიმრობა უდანაშაულოსთვის?!

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე მოკლეს. თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრი იყო. რამდენიმე დღეში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და ნინუას მეგობარი ამხილეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ თამაზ გოგიას ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებასთან ერთად, თაღლითობა, თანხის მითვისება-გაფლანგვა, იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, კრედიტის უკანონოდ მიღება, გადასახადებისთვის თავის არიდება ჰქონდა წაყენებული.

გამოძიება თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბულ ბიზნესსაქმიანობას ასახელებდა. მოსამართლე ნინო სანდოძემ უამ-რავი ბრალდებიდან თამაზ გოგიას ორი მუხლი მოუხსნა, ცოლ-ქმრის მკვლელობის-თვის კი 17 წელი მიუსაჯა, ამას სხვა სასჯელებიც დაემატა და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამასთან, ჯარიმის - 17.500 ლარის გადახდაც დაეკისრა...

გოჩა მაღალთაძე

გოჩა მაღალთაძეს მამუკა გუგეშაშვილთან, მეტსახელად "გუგულასთან", ერთად თბილისში კაზინო ჰქონდა გახსნილი. მაღალთაძე 2007 წლის მაისში ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს. მისი სხეულიდან უიშვიათესი მასრა ამოიღეს. შემთხვევის ადგილზე ელექტროგამათბობელი იყო ჩართული, კვალის გასაქრობად ოთახში წიწაკა იყო მოყრილი. ამბობდნენ, რომ ბიძინა კუჭავას მაღალთაძესთან კაზინოში 50 000 დოლარი ჰქონდა წაგებული. მკვლელობის იარაღი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "რატომ უნდა მომეკლა უახლოესი მეგობარი, რისთვის ვიხდი სასჯელს?!"