ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს - კვირის პალიტრა

ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს

ქობულეთში, რუსთაველის პირველ შესახვევში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, არჩილ დევრიშაძეს თავდაპირველად სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბრალდება ხულიგნობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

მისივე თქმით, დაკავებულის მონახულებას ერთ საათში აპირებს, რომელიც ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

"საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი განვაცხადე, ვინაიდან არ ვიცოდი რა ბრალი ედებოდა ჩემს დაცვის ქცეშ მყოფს. დაკავების განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს გასცა",- აცხადებს თეიმურაზ ქავშბაია.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ქობულეთში თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც რომან ქათამაძის მამამ განაცხადა, ქათამაძეების ოჯახს უცნობი პირები პროკურატურიდან განცხადების გამოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ”წამლის ჩადებით” ემუქრებოდნენ. თენგიზ ქათამაძე შინაგან საქმეთ სამინისტროს საქმეზე რეაგირებას სთხოვდა.

"რომან ქათამაძე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მეტალო-პლასმასის ქარხანაში მუშაობდა. მიზეზი არ განუმარტეს, ისე გაათავისუფლეს. ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ არის პოლიციის მხრიდან ზეწოლა. ჩვენთვის უცნობი პირი იყო მოსული და გვითხრა, რომ თუ განცხადებას არ გამოვიტანთ წამალს ჩაგვიდებენ, ან მე ან ჩემს შვილს. გაგვაწვალებენ ყველანაირად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვ, რომ აღნიშნული საქმე განიხილონ. დღისით ამოიღო იარაღი და ესროლა ჩემს შვილს. თუ საქმესთან დაკავშირებით რეაგირება არ იქნება, შიმშილობას დავიწყებ. პროკურატურიდან განცხადების გამოტანას არ ვაპირებ. დაისაჯოს ის პოლიციელი“,- განაცხადა თენგიზ ქათამაძემ.

იხილეთ ასევე: "თუ განცხადებას არ გამოვიტანთ წამალს ჩაგვიდებენ" - ქობულეთელი თენგიზ ქათამაძე შსს-ს დახმარებას სთხოვს