"სავარაუდოდ, მკვლელი კახას უთვალთვალებდა, მოტოციკლი საპირისპიროდ გააჩერა და ერთი გასროლით მოკლა" - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, მკვლელი კახას უთვალთვალებდა, მოტოციკლი საპირისპიროდ გააჩერა და ერთი გასროლით მოკლა"

თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის პარკში, რომლის მოპირდაპირედაც მთაწმინდაზე ამავალი საბაგირო ტრამვაის სადგურია, მამაკაცს ყველას თვალწინ ესროლეს. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ადგილზე მყოფი უამრავი ადამიანი მომხდარის ერთნაირ ვერსიასაც კი ვერ ჰყვებოდა.

(ვიდეო)

თავდაპირველადვე ითქვა, რომ ჩაფხუტიანმა მოტოციკლეტისტმა გაისროლა, რის შემდეგაც, მყისიერად გაუჩინარდა. მიმდებარედ არაერთი ქუჩის სათვალთვალო კამერაა და სავარაუდოდ, მკვლელობა დაფიქსირებულია, რამდენად გამოადგება ეს სამართალდამცავებს, ძნელად სათქმელია, რადგან, ერთი შეხედვით, ყველაფერი შეკვეთილი მკვლელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის არაოფიციალურ მოტივად შურისძიება სახელდება.

მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვის, 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ე. ა; გარდაცვლილის მეზობელი:

- ჩვენი უბანი მჭიდროდ დასახლებულია. ამხელა უბანს ეს ერთადერთი პატარა პარკი გვაქვს, სადაც მკვლელობა მოხდა და ცხადია, სიცხეში მას ბევრი აფარებს თავს, განსაკუთრებით, ბავშვები, რომელთათვისაც სპეციალურადაა მოწყობილი სათამაშო სივრცე.

მკვლელობა დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე მოხდა, როცა პარკი სავსეა ხოლმე ბავშვებით, ამჯერადაც ასე იყო... გარდაცვლილი მკვლელობის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, პარკში ახალი გამოსული იყო, მანამდე ლუდი იყიდა, სკამზე ჩამოჯდა და ჩვენსავე უბნელ კაცთან ერთად სვამდა.

კიდევ კარგი, მკვლელმა იმასაც არ ესროლა და როგორც მოწმე, არ მოიშორა. როგორც ბავშვები ამბობენ, მკვლელს სახეზე მოტოციკლის ჩაფხუტი ჰქონდა ჩამოფარებული.

- რას გვეტყვით გარდაცვლილ მამაკაცზე, ვინ არის?

- კახა ძნელაძეა, წარსულში კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, ამიტომაც არსებობს ეჭვი, რომ ის, სავარაუდოდ, კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. საფუძვლიანად მიმაჩნია ვარაუდი, რომ მომხდარი შეიძლება ძველი პრობლემებით გამოწვეული შურისძიება იყოს... ადრე ნასამართლევიც იყო, თუმცა ბოლო ხანს ეკლესიურად ცხოვრობდა...

მარტო ცხოვრობდა, ცოლ-შვილი კი ჰყავს, სამი მშვენიერი გოგონა, მაგრამ ოჯახთან დაშორებული იყო. გარდაცვლილის მშობლები და და მოსკოვში ცხოვრობენ, ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე, ამ დღეებშიც ჩამოვიდნენ და ბახმაროში წავიდნენ დასასვენებლად.

- როგორც ამბობენ, გარდაცვლილს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლეს...

- ეს იმ ბავშვებმა დაინახეს, რომლებიც ამ დროს ზუსტად იმ სკამების ახლომახლო ტრიალებდნენ, სადაც კახა ძნელაძე ლუდს სვამდა. თორემ ისე ელვის სისწრაფით მოხდა ყველაფერი, გარშემო ხალხმა პირველად ვერც აღიქვა მომხდარი. როგორც ჩანს, მკვლელი კახას უთვალთვალებდა, ზუსტად იმ სკამების საპირისპიროდ გააჩერა მოტოციკლი, სადაც გარდაცვლილი იჯდა და სასიკვდილოდ ესროლა. ეს პროფესიონალის ნასროლია, - ერთი გასროლით მოკლა კაცი. ასე ჩვეულებრივი მსროლელი ვერ ისვრის. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მსროლელის სახე არავის დაუნახავს, იმ ადამიანსაც კი, ვინც გარდაცვლილთან ერთად ლუდს სვამდა. ამ უკანასკნელს ისე შეეშინდა, წამოვარდა და დაშოკილი გაიქცა იმ ადგილიდან, თავდაპირველად ბევრს ეგონა, რომ მან ესროლა გვერდით მჯდომს, თუმცა ეს ასე არ არის...

მკვლელობა მთაწმინდაზე - გასროლა სანადირო თოფიდან, მოკლულია 45-წლამდე მამაკაცი

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)