"ქალის სიცოცხლე მაგისვე ძმამ "გამოისყიდა"... მაგრამ ახლა ნაწამები კაცის ნათესავები ემუქრებიან სიკვდილით" - კვირის პალიტრა

"ქალის სიცოცხლე მაგისვე ძმამ "გამოისყიდა"... მაგრამ ახლა ნაწამები კაცის ნათესავები ემუქრებიან სიკვდილით"

სოფელ ყარაჯალაში, სადგურ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზარელი დანაშაული მოხდა - 42 წლის მამაკაცს 15-მდე თანასოფლელი სასტიკი ცემით გაუსწორდა, შემდეგ კი შამპანიურის ბოთლით გააუპატიურა.

მომხდარის გამოძიება წამების, 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. თანასოფლელთა განცხადებით, დანაშაულის მიზეზი დაზარალებული მამაკაცისა და მისივე თანასოფლელი 27 წლის ქალის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. როგორც მამაკაცი, ასევე ქალი დაოჯახებულები არიან. სხვა თანასოფლელებთან ერთად სწორედ ამ უკანასკნელის ქმარი და ძმა გაუსწორდნენ 42 წლის მამაკაცს.

ერთ-ერთი ვერსიით, ორი შვილის დედა თანასოფლელ მამაკაცთან ერთად ქალაქ რუსთავში გაიქცა, საიდანაც საღამოს 5 საათზე შინ მოულოდნელად დაბრუნდა, რის მერეც მამაკაცი მისმა ოჯახის წევრებმა დაიჭირეს და აწამეს. ის უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულის ოჯახი ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ უმძიმეს სასჯელს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულში მონაწილე პირების ლიკვიდაციით თავადვე იმუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა, მათგან ორი პატიმრობაში დატოვა, დანარჩენები კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. მომხდარის შესახებ ყარაჯალის ერთ-ერთი მკვიდრი გვესაუბრა. მისი თქმით, სოფელში დიდი ვნებათაღელვაა, რის გამოც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- ერთ კაცს 15 კაცი აწამებდა, თან ამ წამებას ტელეფონზე იღებდნენ. დღეს სოფელში ტელეფონი ყველა ბავშვს აქვს, წამებისა და გაუპატიურების ვიდეოს ერთმანეთს უგზავნიან და უყურებენ. ამის შემდეგ ეს ბავშვები როგორები უნდა გაიზარდონ?! ჩემს შვილებს ტელეფონები ამ ფაქტის გამო ჩამოვართვი, მაგრამ ამას აზრიც არ აქვს, - ვინმე აუცილებლად ჩაურთავს და აჩვენებს.

არ ვიცი, რამ მიიყვანა ეს ხალხი ამ დონემდე… ის ბიჭი, რომელიც აწამეს, აქამდე სოფელში ყველას სჭირდებოდა, - "მალიარად" მუშაობდა და მთელი სოფელი იცნობდა. ის ადრეულ ასაკში დაოჯახდა, უკვე შვილიშვილიც ჰყავს; ადრეულ ასაკში დაქორწინდა ქალიც...

ნაადრევი ქორწინების გამო ჩვენთან ბევრი დანაშაული ხდება, - დრო რომ გადის, ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ მოსწონს და სხვას ეძებენ. თუმცა, მე ვერაფერს დავადასტურებ, არ ვიცი რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში, სოფელში ჭორი და მართლა ერთმანეთშია არეული.

როგორც ჰყვებიან, დანაშაულის დილას ქალი სახლიდან გაქრა; ბავშვებმა რომ ვერ ნახეს, მამას შეატყობინეს, მამამ კი ცოლის დედ-მამას, მაგრამ ვერსად იპოვეს. ბოლოს თვითონ დაურეკავს მშობლებისთვის და უთქვამს, ამა და ამ მამაკაცთან ერთად ვარო. საღამოს, დაახლოებით 5 საათზე კი მშობლების სახლში მოულოდნელად დაბრუნებულა.

ქალის ქმარი შეძლებული კაცია, მანქანა ჰყავს, რაღაც საქმეებზე ჩალიჩობს და ცხადია, ბევრი აჰყვა, რომ მისთვის ესიამოვნებინათ. კაცი დაიჭირეს, ჩასვეს მანქანაში და სოფელში ჩამოატარეს ყვირილით, - აი, დავიჭირეთო. რამდენიმე ბიჭი ჩაიხანიდანაც გამოვარდა და მანქანებით კოლონას უკან გაჰყვა. ბოლოს სოფლის თავზე, ტყეში ავიდნენ და იქ აწამეს კაცი.

- ასეთ სიტუაციაში გასაკვირია, რომ ქალს არაფერი დაუშავეს…

- ქალის სიცოცხლე მაგისვე ძმამ "გამოისყიდა" - სიძეს თავადაც გაჰყვა და ყველაზე დიდ როლს ასრულებდა წამებაში. მაგრამ ამ ქალის საქმე მაინც ცუდად არის, - ახლა ნაწამები კაცის ნათესავები ემუქრებიან, - მოგკლავთო. ამიტომ სახლს პოლიცია იცავს, ღამესაც კი ათევენ მაგის სახლთან.

- ნუთუ, წამებისას ამდენი ხალხიდან ვინმე არ გამოჩნდა, მსხვერპლი რომ დაეცვა...

- ვიდეოში ჩანს, ზოგიერთები იძახიან, დავანებოთ თავიო, მაგრამ ისე იყვნენ აზარტში შესულები საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

დაკავებულია, როგორც ქალის ქმარი, ასევე ძმა.

ქალის მშობლები კი ძალადობის მსხვერპლზე აცხადებენ, რომ ის მათ შვილს სექსუალურ კავშირს აიძულებდა და ძმის და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა.

თავის მხრივ, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, თუ დაშავებული ვერ გადარჩება, ისინი შურს იძიებენ და ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველა იმ პირს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც ჯგუფურ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას.

ოჯახი იმ ახალგაზრდა ქალის დასჯასაც მოითხოვს, ვისთან კავშირიც 42 წლის მამაკაცზე ძალადობის მიზეზი გახდა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)