ყოფილი სიდედრის მესიჯების გამო მამაკაცმა 3 ადამიანი დაჭრა - კვირის პალიტრა

ყოფილი სიდედრის მესიჯების გამო მამაკაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ყოფილი ცოლის ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მცხოვრები, 53 წლის გია დონაძე ძალოვნებმა გასულ კვირას დააკავეს. როგორც გამოძიება ირწმუნება, ყოფილ ცოლსა და სიდედრზე განაწყენებული დონაძე ინდირა კოსტავას საცხოვრებელ სახლში თავისი ავტომანქანით მივიდა და სანადირო თოფიდან გასროლით, ერთდროულად სამი ადამიანი დაჭრა: ყოფილი სიდედრი, მეორე ქორწინებიდან ინდირას 5 თვის შვილი და მათი მეზობელი ქალბატონი. სამივე დაჭრილი ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ დონაძემ ყოფილ სიდედრს საფანტის ტყვია ფეხში ესროლა და ამ ტყვიის ნამსხვრევებით დაიჭრნენ მასთან მყოფები. დაჭრილებს სათანადო დახმარება ექიმებმა გაუწიეს. ამჟამად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე სტატია მომაზადა ჟურნალმა "გზამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ბრალდებულ გია დონაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ადვოკატის, რეზო გობრონიძის თქმით, დონაძეს ბრალი 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი. მისი თქმით, ბრალდებულს ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა:

- საქმის დეტალების განხილვას არ დავიწყებ, ერთს გეტყვით, დონაძე ამბობს, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა, რადგან ის გამაღიზიანებელ მესიჯებს სწერდა. მაგალითად: კარგი კაცი რომ ყოფილიყავი, ცოლი არ გაგექცეოდაო. გამოძიებას აქვს ბრალდებულის ტელეფონი და იქ არის მიმოწერები. ძალოვნები გაარკვევენ, რა შინაარსის მესიჯებს სწერდა ის დონაძეს.

ბრალდებული ცნობს თავს დამნაშავედ იმაში, რომ ყოფილი სიდედრის შეშინება სურდა. მოკვლა რომ ნდომოდა, ამას უპრობლემოდ გააკეთებდა, ტყვიას თავში ესროდა და არა - ფეხებში.

ბრალდებულის მეზობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან გვიამბო:

- ეს ბიჭი მსხვერპლია და იძულებული გახადეს, დანაშაული ჩაედინა. ინდირასთვის არავის დაუძალებია, გიას ცოლად გაჰყოლოდა. გამოჰყვა და სამი შვილი გააჩინა. ვერ წარმოიდგენთ, გია ცოლს როგორ ეხმარებოდა. მეზობლებს გვიკვირდა კიდეც, კაცი ამდენ რამეს როგორ ახერხებდა. ის ბავშვებსაც უვლიდა და თან, "ტაქსაობდა", რათა შვილებისთვის არაფერი მოეკლო. ოჯახს შემოსავალი არ ჰყოფნიდა და ამიტომ, თურქეთში დაიწყო სამუშაოდ სიარული. თითო თვით დადიოდა ხან ჩაის და ხანაც, თხილის საკრეფად, ფული კი უკანასკნელ თეთრამდე ოჯახში მოჰქონდა. იმ დაბრუნებაზეც ცოლს 1. 000 ლარი ჩამოუტანა, მაგრამ თავზარდამცემი ამბავი გაიგო: ცოლი გათხოვილი დახვდა, შვილები - სახლიდან წაყვანილი. სიდედრთან რომ მივიდა, უთხრეს, - ცოლი აღარ გყავსო! ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ გაიგო, მისი ცოლი თავისი ძმაკაცისგან იყო ფეხმძიმედ.

თანაც კაცი მესიჯებითა და ზარებით გააგიჟეს.

მეზობლის მონათხრობს აბსურდულს უწოდებს გია დონაძის ყოფილი მეუღლე, ინდირა კოსტავა:

- მისგან სულ იყო მუქარები, მოკვლითაც მემუქრებოდა, ამიტომ პოლიციამ ხელწერილი დააწერინა და საქმე სასამართლომდეც მივიდა. ჩვენ ოფიციალურად გაყრილები ვართ, მე მეორე ოჯახი შევქმენი. 5 თვის შვილი მყავს მეორე მეუღლესთან. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ ჩერდებოდა და საქმე აქამდე მივიდა.

...

- მართლა თქვენი ქმრის მეგობარს გაჰყევით ცოლად?

- მეგობარი არა, მისი ნაცნობი იყო. გიასგან გავიცანით ერთმანეთი. ქუჩაში მხვდებოდა, ბავშვები რამდენჯერმე წამაყვანინა მანქანით ბაღში. გიასგან წამოსული ვიყავი და ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა, გავხდით ცოლ-ქმარი.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება... (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 7 სექტემბრის ნომერში)

იხილეთ ასევე: "ამბობენ, მეორედ გათხოვების შემდეგ ყოფილ ცოლს ემუქრებოდა, რაც გააკეთე, არ გაპატიებო!"

თეა ხურცილავა