"ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა" - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულის დედის ჩვენება და ბიბილურიძის ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა" - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულის დედის ჩვენება და ბიბილურიძის ინტერვიუ

სასამართლოში კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურა ახალაიას ორ ეპიზოდს - გირგვლიანის წამებასა და ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალაიას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიმდინარე პროცესზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძის დედა, ციური თევდორაშვილი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ციხეში ყოფნისას 10 -ათასობით აშშ დოლარს გზავნიდა.

"როცა ჩემი შვილი დაიჭირეს, ვნახე, პაკეტი იდო - 10 000 დოლარი, შევინახე ეს პაკეტი. მერე, როდესაც ციხეში გადაიყვანეს, იქ ვკითხე ჩემ შვილს ფულზე და მითხრა, რომ დათა ახალაიამ მისცა ეს პაკეტი, რის საფასურად, არ ვიცი. შემდეგში გადაიყვანეს ციხეში და რომ შევდიოდი ხოლმე რამდენიმე თვეში ერთხელ, გვაძლევდა 10 000-ობით დოლარს და საბოლოოდ ამ თანხამ 100 000 დოლარი შეადგინა. ვხარჯავდით ჩვეულებრივ ფულს, გვჭირდებოდა. მანქანაც გვემსახურებოდა, ბაზარში იქ, აქ - ჩვეულებრივად, მისი დაჭერის მერე.

ერთხელ მოვიდა ჩემი შვილი ციხიდან სახლში, მაგრამ მე არ ვიყავი შინ, მერე კიდევ გამოვიდა ომიანობის დროს, მაგრამ სულ ფორმაში ჩაცმულები დადიოდნენ. ორი კვირა კი იყო სახლში, მერე ნერვიულობდა, თუ გამოგვიშვეს, შეწყალების ფურცელი რატომ არ გვაქვსო. მერე წაიყვანეს ისევ. საბოლოოდ, 2009 წლის დეკემბერში გამოვიდა", - განაცხადა ციური თევდორაშვილმა.

სანდრო გირგვლიანის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მოკლული სანდროს დედას ირინა ენუქიძეს დუმილის სანცვლოდ მილიონ ლარს სთავაზობდნენ.

"კვირის პალიტრის" არქივში იძებნება მიხეილ ბიბილურიძის ინტერვიუ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- კუდ-ში 2004 წელს დავიწყე მუშაობა. გია ალანია და სოსო თოფურიძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და არც ვიცოდი, თუ ისინიც კუდ-ში მუშაობდნენ. ერთხელ მოდულის კიბეებზე შემხვდა ალანია და რომ გაიგო, იქ დავიწყე მუშაობა, მითხრა, ჩემი ძმაკაცი, დათა ახალაია დაინიშნა დეპარტამენტის უფროსად, მე კი სამმართველოს უფროსადო და მკითხა, სად გინდა მუშაობაო. რა თქმა უნდა, მასთან მერჩივნა და პირველ სამმართველოში მეორე განყოფილებაში უფროს ოპერთანამშრომლად დავინიშნე.

- იქნებ გაიხსენოთ, რა მოხდა 2006 წლის 27 იანვრის ღამეს...

- იმ საღამოს შინ ვიყავი, გია ალანიამ რომ დამირეკა, სასწრაფოდ ეზოში ჩამოდი, შარვალი ლიფტში ჩაიცვიო. გია სამსახურის ML-ის ჯიპით დამხვდა, საჭესთან დათო ქოქიაშვილი იჯდა, რომელიც მეორე სამმართველოში მუშაობდა. ალანიას ერთი კი ვკითხე, რა ხდება, რამე ღონისძიებაა-მეთქი (ასე ვეძახდით აყვანის ოპერაციას)? მითხრა, არც მე ვიცი წესიერადო. თან ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და ეუბნებოდა, მოვდივარო.

ჩემი მეგობარი, ასევე კუდ-ის თანამშრომელი ავთო აფციაური იქვე, მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. მასაც გავუარეთ და ჩავისვით. ავთოც დაინტერესდა, რა ხდებაო? გიამ უთხრა, დათამ დარეკა, რაღაც ღონისძიებააო. მოდულის შენობასთან სოსო თოფურიძის "მერსედესში" გადავჯექით მე და ავთო აფციაური, ალანია და ქოქიაშვილი კი ჯიპით წავიდნენ. გაგებაში არ ვარ, რა ხდება. ბევრჯერ ყოფილა, უთქვამთ, ღონისძიებააო, მივუყვანივართ სამსახურში და არაფერი - დათას აინტერესებდა, ვინ რამდენ ხანში მოხვიდოდითო და ვიშლებოდით.

იქ ყველა ახალაიას მონა იყო, რომელიც სულ მთვრალი იყო და მის ხუშტურებზე დადიოდა ყველა. ეს ის პერიოდია, როცა ახალაია ზენიტშია და მისი სახელის ხსენებაზე თანამშრომლებს ცივი ოფლი ასხამთ. არადა, როცა კუდ-ში მოვიდა, სულ სხვანაირი ბიჭი იყო, პროვინციელი, ცოტა "სკრომნი", დადიოდა კაბინეტებში, ყველას ესალმებოდა და მოიკითხავდა. მერე "პალაჟენია" დაიყენა...

მოკლედ, მე და ავთო მივდევთ ML-ის ჯიპს, თუმცა პეკინზე რომ გავედით, თვალი ვეღარ მოვკარით. გიამ დაგვირეკა, თავისუფლების მოედნისკენ წამოდითო. მოკლე პასუხებით იფარგლებოდა და ეგრევე თიშავდა ტელეფონს... აკონტროლებდნენ, მთვრალი გირგვლიანი და ბუხაიძე როდის გამოვიდოდნენ ბარიდან და საით წავიდოდნენ... გიას დათა აძლევდა ინსტრუქციებს...

- ალექსანდრე ღაჭავა სად იყო, არ გიხსენებიათ...

- არ ვიცი, რატომ დაურეკა ალანიამ ღაჭავას და სად ჩაისვეს მანქანაში. ღაჭავა კოდუას ნათესავი იყო და თავის დროზე მან სოდ-იდან გამოაგდო, მერე კუდ-ში მოვიდა... გარწმუნებთ, სანამ სასაფლაოზე არ მივედით, არც ვიცოდი, რისთვის ვჭირდებოდი. რომ მცოდნოდა, რისთვის მივდიოდი, არ წავიდოდი, რომელი კილერი მე ვიყავი? მეც მსხვერპლი ვარ, იმათ ცხოვრება დამინგრიეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისე "მოტყდა" ორივე (ალანია და ღაჭავა), ერთი არ უთქვამთ, მივდივართო...

- დავუბრუნდეთ თემას... რა მოხდა შემდეგ?

- მოკლედ, ალანიამ ბოლოს გვითხრა, ოქროყანისკენ წამოდითო. როგორც იქნა, მე და აფციაური ავბობღდით იმ ძღინკიანი მანქანით. მერე ვნატრობდი, რა მოხდებოდა გაფუჭებულიყო, ან საბურავი გასძრომოდა, რომ ვერ ავსულიყავით-მეთქი.

ოქროყანაში 15 წუთსაც არ გავჩერებულვართ. გადმოვედით თუ არა მანქანიდან, ქოქიაშვილი დავინახეთ. მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო... ქოქიაშვილს ვკითხე, გია ალანია სად არის-მეთქი. ხელით დამანახა, იქითო... გია რაღაც სისულელეს ეუბნებოდა მიწაზე დაგდებულ ტიპს (ბუხაიძეს). რომ დავუძახე, მითხრა, სახელი არ დამიძახოო. გირგვლიანი, რომელიც ქოქიაშვილს და ღაჭავას ებარათ, ზევით ჰყავდათ, ფერდობზე, ბუხაიძე კი ალანიას ებარა ქვემოთ, ვაკე ადგილას... მერე ატყდა დიდი ჩხუბი (გაგრძელება).

იხილეთ ასევე: ლევან ბუხაიძე - "მას შემდეგ განახევრებული ვარ"