სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძრს საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძრს საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე ემსხვერპლა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე მალევე გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"