"არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს" - რას აცხადებს სუს-ის უფროსი? - კვირის პალიტრა

"არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს" - რას აცხადებს სუს-ის უფროსი?

კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა 22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა.

"არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია. იყო ოპერატიული ინფორმაციები და მასშტაბური საფრთხეები ავიცილეთ თავიდან", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა.

მან იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ გაამახვილა ყურადღება, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად თავიდან არის აცილებული. როგორც გომელაურმა "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარე.

აღნიშნული კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა 22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა. მან ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ასევე, გაწეული სამსახურისთვის სპეცრაზმელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, შს სამინისტროს თანამშრომლებს, ექიმებსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დილიდან ტაძრის ტერიტორიაზე იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები. გარდაცვლილ ივანე გოლოშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"