"ჩემს ბიჭს იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, გამორიცხულია ეს ორ კაცს გაეკეთებინა" - კვირის პალიტრა

"ჩემს ბიჭს იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, გამორიცხულია ეს ორ კაცს გაეკეთებინა"

ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არაა და რამდენიმე ცივი იარაღია გამოყენებული.

როგორც ზაზა სარალიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც ლევან დადუნაშვილი არ ყოფილან. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, მეგობარს დასახმარებლად გაჰყვა, ხოლო მეორე დაღუპული - ლევან დადუნაშვილი კონფლიქტში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.

"რეალურად რომ ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, რომ გამორიცხულია ეს ორ კაცს გაეკეთებინა. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა და კიდევ შვიდი, რაც ორი დანით გამორიცხულია. ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდა. შიშველი ხელით ვერც ერთი ვერ მოერეოდა. მისი ყველაზე დიდი მინუსი იყო, რომ ძალიან ძლიერი იყო და მაგის გამო იყო, რომ იარაღი იხმარეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დაღუპული მოსწავლის მამა ამბობს, რომ არ იცის კონკრეტულად ვინ იღებდნენ ჩხუბში მონაწილეობას. მისი თქმით, ის, თუ რა მოხდა, ძალიან ბუნდოვანია და იმედი აქვს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

"მოუთმელნად ველოდებით გამოძიების შედეგს. მინდა დაველოდო გამოძიებას და იმედი მაქვს, გამოძიება ყველაფერს ისე დაადგენს, როგორც საჭიროა. ჩემი შვილის მეგობრებს ვეუბნები: - ბიჭებო წყნარად იყავით, არაფერი გულში არ ჩაიდოთ. მოვუწოდებ, რომ წყნარად იყვნენ და ცხელ გულზე ერთმანეთში კიდევ დაპირისპირება ამ მოხდეს", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.