"ჩატაევი გამოცდილი მებრძოლი იყო და "მისიას", რომელიც საქართველოში უნდა განეხორციელებინა, ასეთ გამოუცდელ ახალგაზრდებს ანდობდა?" - კვირის პალიტრა

"ჩატაევი გამოცდილი მებრძოლი იყო და "მისიას", რომელიც საქართველოში უნდა განეხორციელებინა, ასეთ გამოუცდელ ახალგაზრდებს ანდობდა?"

"თუკი გამოძიებას რაიმე მტკიცებულებები აქვს, რომლის გასაჯაროებაც ხელს არ შეუშლის გამოძიების შემდგომ პროცესს, აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი, რათა როგორც პანკისის ხეობის, ისე დანარჩენი საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს რამდენად სწორად აქვთ ბრალი წაყენებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირებს"

"ვფიქრობ, რომ ჩატაევის ჯგუფის უკან, სულს სხვა კატეგორიის ადამიანები დგანან"

26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის განცხადებით, დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს აჰმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

სუს-ის ცნობით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული აჰმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა. (იხილეთ: "ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა")

სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მთავარმა პროკურატურამ მისი ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და დაჭრილი ახალგაზრდის საქმეზე სოფელ დუისში უხუცესთა საბჭო შეიკრიბა, მოგვიანებით კი დუისის პოლიციასთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებსა და ჩატაევის სავარაუდო გეგმებზე "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსს, ნინო ბურჭულაძეს ვესაუბრეთ.

- მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში საკმაოდ რთული სიტუაციაა, დღეს დუისში შეკრებილი მოსახლეობისა და უხუცესთა საბჭოს მიმართვაც მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს კარგად უნდა ჰქონოდათ გააზრებული, რომ ხეობაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, ამ შემთხვევაში დაკავების სპეცოპერაციას ვგულისხმობ, ელემენტარული გადაცდომაც კი, ხეობის მიერ ძალიან სენსიტიურად იქნებოდა აღქმული. მითუმეტეს, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთამდე ძალიან მძიმეა, ამიტომაც მიმაჩნია, თუკი გამოძიებას რაიმე მტკიცებულებები აქვს, რომლის გასაჯაროებაც ხელს არ შეუშლის გამოძიების შემდგომ პროცესს, აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი, რათა როგორც პანკისის ხეობის, ისე დანარჩენი საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს რამდენად სწორად აქვთ ბრალი წაყენებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირებს.

გარდა ამისა 21-22 ნოემბერის სპეცოპერაციის შემდგომ თვეზე მეტია გასული, წესით, გამოძიებას კარგად არგუმენტირებული მკიცებულებები უნდა გააჩნდეს. რადგან მათ შესაბამისი სასამართლო განჩინების მიღებისას (თუ კი, რა თქმა უნდა, ის არსებობს) უნდა შეძლებოდათ მოსამართლე დასაკავებელი პირების ბრალეულობაში დაერწმუნებინათ.

- სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს რამდენად შეიძლება კავშირი ჰქონოდათ ჩატაევთან?

- ჩემთვის, როგორც ამ თემებზე მომუშავე ჟურნალისტისთვის, ისინი იმდენად "უცხონი" იყვნენ, რომ არ დაგიმალოთ, გამიკვირდა კიდეც. დიდი ხანია ამ თემებზე ვმუშაობ და თვალთახედვის არეში არასდროს მომხვედრია არცერთი პირი.

ერთადერთი მეცნო ომალოელი ჩოფანაშვილი, რომელიც ვეფხია მარგოშვილის ახლო ნათესავია. ვეფხია მარგოშვილი, რომლის ნამდვილი გვარი ჩოფანაშვილია, ყველას გვახსოვს იმ დროიდან, როდესაც პანკისი, ფაქტობრივად, კრიმინალური ანკლავი იყო, ვეფხია მარგოშვილი კი,  როგორც ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, იმ დროისთვის საკმაოდ შავ-ბნელ საქმეებში იყო გახვეული. გუშინ დაკავებული ჩოფანაშვილი თავის დროზე ვეფხია მარგოშვილის, ანუ მისი ნათესავის გამო იყო დააკავებული და თუ არ ვცდები, რამდენიმე წელი ციხეშიც იჯდა. თუმცა წლების წინ ციხეში ჯდომა, არ ნიშნავს, რომ დღეს მაინცდამაინც ტერორისტების ხელშემწყობი ყოფილიყო. გარდა ამისა, დაკავებული კიდევ სამი პირი იმდენად ახალგაზრდები არიან, არ მჯერა, რომ მაჩალიკაშვილს, ალდამოვს და ა.შ. შეეძლოთ მსოფლიოში ერთ-ერთი საშიში ტერორისტის თურქეთიდან გადმოყვანა, საქართველოში უსაფრთხოდ შემოყვანა, დაბინავება, იარაღის მოძიება და ა.შ.

ამისთვის სხვა გაქანების ადამიანები იყო საჭირო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩატაევის ჯგუფის უკან, სულს სხვა კატეგორიის ადამიანები დგანან. ესენი შეიძლება არც იყვნენ ხელისუფლების ან ძალოვანების წარმომადგენლები, მაგრამ იყვნენ გამოცდილი და დიდი კავშირების მქონენი, ეს ჩემი ვარაუდია იქიდან გამომდინარე, რომ ჩატაევი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი იყო და თავს და იმ "მისიას", რომელიც საქართველოში უნდა განეხორციელებინა, ასეთ გამოუცდელ ახალგაზრდებს ნამდვილად არ ანდობდა.

- რაც შეეხება ნოემბრის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს, რა ინფორმაცია გაქვთ მათზე?

- რაც შეეხება აჰმედ ჩატაევთან ლიკვიდირებულ პირებს, ისინი თან ახლდნენ ჩატაევს როგორც სირიაში, შემდგომ თურქეთშიც. ერთ-ერთი - ასლანბეგ სალტახმედოვი იყო მისი მარჯვენა ხელი, ჯგუფში ყველაზე დაახლოებული ჩატაევთან ის იყო. ერთი თვის განმავლობაში ვცდილობდით ჩატაევის ჯგუფთან დაკავშირებული დეტალების გარკვევას. ჩვენი ინფორმაციით, სიტუაცია დაახლოებით ასეთი იყო - ვიცით, რომ ისლამურ ხალიფატს, რომელიც დამარცხების შემდეგ ტერიტორიებს, ფაქტობრივად, აღარ ფლობს, სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი რეპუტაციის აღდგენა შემდგომში, ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიებისთვის. ეს უნდა ყოფილიყო გარკვეული აქტივობები, ტერაქტების სახით. ჩვენ გვახსოვს "ისლამური ხალიფატის" განცხადება, სადაც ის მსოფლიოსთვის ახალი წლის "მისალოცად" ემზადება. სავარაუდოდ, თურქეთში მყოფმა ჩატაევმა ხალიფატის ლიდერებს უპატაკა მზადყოფნა, რომ ის შეძლებდა ტერაქტების ორგანიზებას თურქეთსა და საქართველოში და რომ საქართველოში მას გარკვეული კავშირები და ხალხი ჰყავდა... არ არის გამორიცხული მას ტერაქტები ჩრდილოეთ კავკასიაშიაშიც დაეგეგმა, სადაც საბოლოოდ გადასვლასაც აპირებდა.

რაც შეეხება იარაღს, რა თქმა უნდა, აჰმედ ჩატაევი თავად არ მივიდოდა იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ კავკასიის ემირატის მებრძოლების მიერ დატოვებული თუ გადანახული ტყვია-წამალი იყო, თუმცა იარაღი, სავარაუდოდ, სწორედ ჩატაევის მიერ მითითებული ადგილიდან წამოიღეს...

თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდია და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ საქმეზე ობიექტურ გამოძიებას შეუძლია.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)