"მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, უნდა თუ არა მის შვილს დაბოლილი მასწავლებელი ასწავლიდეს"
"მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, უნდა თუ არა მის შვილს დაბოლილი მასწავლებელი ასწავლიდეს"
რამდენიმე კვირის წინ კი, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

ამიერიდან მარიხუანის მოხმარებისთვის სს წესით აღარავინ დაისჯება და მომხმარებელს პასუხისმგებლობა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაეკისრება. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეები ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას არ მიესალმებიან და თვლიან, რომ ის მომხმარებელთა რაოდენობას ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდის. დეკრიმინალიზაციის მოსალოდნელ რისკ-ფაქტორებზე kvirispalitra.ge პარლამენტარ გიგა ბუკიას ესაუბრა.

- როდესაც საუბარია რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, დღეს მოქმედ კანონში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში წერია, რომ ადამიანს თუ დაუდგინდება მარიხუანას მოხმარება, ნებისმიერ შემთხვევაში მას ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. აქედან
გამომდინარე ის, რომ მარიხუანას მოწევისთვის ხალხს ციხეში სვამენ, ლოგიკურად სიცრუეა, კანონით ამის უფლება არავის აქვს. მეორე - როცა ამბობენ, მცირე რაოდენობა მარიხუანის აღმოჩენაზე იჭერენ, მოქმედი კანონის მიხედვით, არ შეიძლება პირს აღმკვეთი ღონისძიება მიესაჯოს, თუ მას აქვს 70გრ. ან ნაკლები მარიხუანა, ეს სადღაც 150 შეზავებული ღერი, ანუ 150 ადამიანის დოზაა.

ასეთი ადამიანი ყოველ დღე რომ დაიჭირონ და თქვას, ჩემთვის მინდა მარიხუანაო, დამაჯერებელია? ეს ნაღმი კანონში გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩადო და მოგვცეს ასეთი რეალობა. ახალი კანონპროექტის ინიციატორებისთვის პორტუგალიის მაგალითია მისაბაძი და ამ დროს, იქ დაშვებულია 25გრ.
მარიხუანა. ანუ პორტუგალიას ჩვენ სამჯერ გავუსწარით. ჰოლანდიაში კი დეკრიმინალიზებულია 5გრ. გამოდის, რომ ადამიანი 70გრ-ით უნდა დადიოდეს და მოსამართლეს არ აქვს დისკრეცია, თქვას, ეს მომხმარებელია, თუ რეალიზატორი.


პირი თუ რეალიზაციის ფაქტზე არ დააკავეს, ვერც ერთ შემთხვევაში დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. მოქმედი კანონმდებლობით, 70 გრამამდე მარიხუანაზე პირს აღმკვეთი ღონისძიება არ ეფარდებოდა, ეს დანაშაული სისხლის სამართალში გადიოდა, მაგრამ მოსამართლე წყვეტდა, დაეჯარიმებინა, თუ დაეპატიმრებინა პირი. ადრე თუ მარიხუანას მეორე, მესამე მოხმარებაზე დგებოდა სს პასუხისმგებლობა, საკონსტიტუციომ თქვა, ასეთებს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროთ. მარიხუანას ყველა მოხმარებაზე ჯარიმა იქნებაო. იმ შემთხვევაშიც, თუ დღიურ დოზაზე მეტი აღმოგაჩნდა, აღმკვეთ ღონისძიებას ვერ მოგისჯიან. ადამიანს თან თუ აქვს 70გრ. მარიხუანა, ზედიზედ ათჯერ რომ დააკავონ, მოსამართლე ათჯერვე ჯარიმას დაუწესებს. გგონიათ, ეს ადამიანები ჯარიმას გადაიხდიან და ბიუჯეტი შეივსება? დიდი ნაწილი არაფერსაც არ გადაიხდის, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მას ჯარიმა ჩამოეწერება. არ გადავიხდი და ფეხებს ვერ მომჭამენ - ეს დამოკიდებულება გაუჩნდებათ მომხმარებლებს და შეუძლიათ თან ატარონ 70 გრამამდე მარიხუანა. 70 გრამზე მეტი თუ აღმოგაჩნდა, განმეორებითი შემთხვევების დროს ჯარიმების რაოდენობა იზრდება, დანაშაული სისხლში გადადის, მაგრამ თავისი შინაარსით მაინც ადმინისტრაციულში რჩება, ანუ პირს აღმკვეთი ღონისძიება არანაირი ფორმით არ შეეფარდება.


რაც ეხება მძიმე ნარკოტიკს, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მძიმე ნარკოტიკის მოხმარებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ციხეში არავის უშვებენ, თუ სხვა დანაშაულთა ერთობლიობა არ არის. როცა ამბობენ ნარკოდანაშაულზე დააკავესო, იქ იგულისხმება ნარკოტიკული თრობის ქვეშ ჩადენილი დანაშაულები - ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, ნარკორეალიზაცია და ა.შ. თუმცა ამბობენ, ნარკოდანაშაულისთვის ზისო და ამით მანიპულირებენ. რეალობა გვაქვს ასეთი, რომ კანონი, არც ისე რეპრესიულია. საფრანგეთში მარიხუანას მოხმარებაზე კანონით პირდაპირ ციხეა გათვალისწინებული, მაგრამ არ იყენებენ. ჩვენთანაც ეს პრაქტიკა იყო გავრცელებული.

გაეროს კონვენციით, მარიხუანაც საშიში ნარკოტიკია და ვალდებულებებიც გვაქვს, რომ მის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. ჩვენ ვედრებით იმ ქვეყნებს, სადაც 5 გრამია დეკრიმინალიზებული, ჩვენთან 70 გრამია. ჩვენ არ ვითვალისწინებთ ჩვენს რეგიონალურ, სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ნარკოინდუსტრიები აქვთ და საქართველოში წლიურად 7-დან 10 ტონამდე მარტო ჰეროინი მოიხმარება, სხვა ნარკოტიკზე რომ არაფერი ვთქვათ.

- როგორც კანონპროექტის მესვეურები ამბობენ, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს მზრუნველობითი, არა - სადამსჯელო ...
- ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის მუშაობს მეტადონის პროგრამა, რომელშიც 7 000-მდე ადამიანია ჩართული. ისინი ყოველდღიურად უფასოდ ღებულობენ მეტადონს, რათა ნარკოშიმშილი დაიკმაყოფილონ. ამისათვის ყოველწლიურად 9 მილიონი იხარჯება. ყველა ჩვენგანი ყოველთვიურად ვიხდით ფულს, რათა ამ ადამიანებს უფასოდ მივცეთ წამალი, ვმკურნალობთ და ესაა სახელმწიფოსგან რეპრესიული ნარკოპოლიტიკა? ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ არ გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა.

- ანუ თვლით, რომ დეკრიმინალიზაცია თავისთავად ნიშნავს გაზრდილი ოდენობის ნარკომომხმარებელს?
- ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც დეკრიმინალიზაცია მოხდა, მომხმარებელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. მაგ. პორტუგალიაში პირველ 8 წელიწადში მათი რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. როცა მომხმარებელი იზრდება, იზრდება მიწოდებაც და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ჯამში იწვევს კრიმინალის ზრდას, ვინაიდან ნებისმიერი ნარკოტიკი არაადეკვატურს ხდის ადამიანს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ჩამოყალიბდა, თითქოს მარიხუანა უვნებელია. ზრდასრულისთვის შეიძლება მართლა არაფერი იყოს, თვეში ერთხელ თუ გააბოლებს, მაგრამ ახალგაზრდა თაობა, ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებულნი, მათ მშობლებს არ აქვთ ისეთი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, რატომ ვხდით მათთვის ამ უბედურებას ხელმისაწვდომს? ყველა ხარისხის საქონელს თავისი მომხმარებელი ჰყავს. მაგ. ბაზარზე იყიდება ძვირიანი და იაფიანი ნარკოტიკი და ძვირს ყველა ვერ შესწვდება. სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიღაცა მოიხმარს ძვირიანს, მაგ. ჰეროინს, ვიღაცა იაფფასიანს - ვინტს, ჯეფს, ან "კრაკადილს". რა ლოგიკაა, ხელმისაწვდომი თუ გახდება, ცუდს არ გავიკეთებთო? ცუდის გაკეთება თუ არ გინდა, ჩაეწერე მეტადონის პროგრამაში და უფასოდ გაიკეთე. ამაზე მეტი რა უნდა ქნას სახელმწიფომ? ნარკოტიკის გარეშე თუ ვერ ცხოვრობ და ვერ კმაყოფილდები, არსებობს ალტერნატივაც - არის ოფიციალურად რეგისტრირებული კერძო სტრუქტურები, სადაც შეგიძლია ფული გადაიხადო და უფრო ძვირიანი და მეტი დოზა მიიღო.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, მარიხუანაზე ადმინისტრაციული სასჯელიც გაუქმდეს, დროთა განმავლობაში კი ლეგალიზაციამდეც მივიდეთ?

- ვინაიდან მარიხუანა არის "კარიბჭე მძიმე ნარკოტიკისაკენ" და ადვილად მოხმარებადი, მეც ეს მაშფოთებს. თამბაქოსთან ერთად მარიხუანას მოხმარება არის მარტივი პროცედურა, რომელსაც როცა ხელმისაწვდომია, ბევრი გაუსინჯავს გემოს. როცა ნარკოტიკს ეჩვევა, მათი დიდი ნაწილი დეგრადირდება, არის ეიფორიაში, კარგავს ყველაფრის ინტერესს... ის, რომ ადამიანს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს როგორ იცხოვროს, ეს ერთია, მაგრამ ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ახალგაზრდები ამ მავნე პროცესისაგან დაიცვას. ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, ჩვენ ვართ ჩემპიონები. ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებსაც უწევს ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლა, იქაცაა პრობლემები, მაგრამ იქ ჯერ განათლების, სპორტის, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე იზრუნეს. ნარკომომხმარებლებს ჯერ ვუმკურნალოთ და მერე ვიფიქროთ ლიბერალიზაციაზე. საგანგაშოა, რომ დღეს ახალგაზრდები მიტინგს აწყობენ მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით იმის მაგივრად, რომ მათ სხვა ფასეულობები და ღირებულებები აწუხებდეთ. დღეს მარიხუანა, ფაქტობრივად, ჰეროინზე უფრო ძლიერი ნარკოტიკი გახდა. სავარაუდოდ, საქართველოშიც შემოვა მძიმე მარიხუანა და 70 გრამი თავისი აგრესიული ბუნებით შეიძლება 1,5-2კგ. მარიხუანას ედრებოდეს. აქამდე თუ "რელაქსაციისთვის" ერთი ღერი იყო საკმარისი, ახლა შეიძლება ერთი ღერი უკვე 15 კაცს ეყოს.

საკონსტიტუციომ პარლამენტს არ დაუტოვა დისკრეციის უფლება და პირდაპირ გადაჭრა საკითხი, ასეთი რამ არ შეიძლება. მაგალითად, დეკრიმინალიზაციაზე იტალიაში რეფერენდუმი ჩატარდა, მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, უნდა თუ არა მის შვილს დაბოლილი მასწავლებელი ასწავლიდეს, ან დაბოლილ ექიმთან მივიდეს კონსულტაციაზე, ან ოპერაციაზე. ბოლო დროს თბილისში, მარიხუანას თრობის ზეგავლენით რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლებიც მსხვერპლით დამთავრდა. ასეთი ტრაგედიები შეიძლება იმდენად მასშტაბური გახდეს, რომ მერე გვიან იყოს თავში ცემა.


ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)
xxx
15 იანვარი 2018 00:04
ნარკოტიკები საწამლავი და სიკვდილია,გზა ჯოჯოხეთისკენ
gio19
14 იანვარი 2018 01:42
mase bavshvebis didi natsili isurvebda rom religiurma mastsavlebelma ar astsavlos da ra amit religia unda aikrdzalos? ra shuashia bavshvs kitxo? bavshvebis chkuaze virbinot?
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები