"ჩვენს თვალწინ გაიზარდა, უწესიერესი ბავშვი იყო" - ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა? - კვირის პალიტრა

"ჩვენს თვალწინ გაიზარდა, უწესიერესი ბავშვი იყო" - ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა?

როგორც ირკვევა, თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა ანა ნაცვლიშვილია. ის სტუდენტი გახლდათ, პედაგოგიურ განათლებას იღებდა.

გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას მეზობელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებზე არაფერი იცის და შემთხვევის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო.

"უწესიერესი ბავშვი იყო, პედაგოგიურზე სწავლობდა. ჩემი მეზობელი იყო, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ზუსტად არ ვიცი, რა დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. უკონფლიქტო ბავშვი იყო, დაბადებიდან აქ ცხოვრობდა", - განუცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ჟურნალისტებს.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გოგონა სახლიდან წუხელ გაიყვანეს.

"როგორც თქვეს, დაურეკია ვიღაცას და ჩასულა, ხალათით იყო შინიდან გასული", - აღნიშნა კიდევ ერთმა მეზობელმა.

ამბობენ, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავდა, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მას კონფლიქტი სწორედ შეყვარებულთან ჰქონდა, თუმცა ამას კატეგორიულად გამორიცხავენ გოგონას მეგობრები.

იხილეთ ასევე: 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა დაასახელა შსს-მ მკვლელობის მოტივად?