"პოლიციაში რომ არ მისულიყვნენ, იქნებ თაკო ცოცხალი ყოფილიყო..." - კვირის პალიტრა

"პოლიციაში რომ არ მისულიყვნენ, იქნებ თაკო ცოცხალი ყოფილიყო..."

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

17 აპრილს ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა თემურ ბაქრაძესაც, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. ის ვეფხია ბაქრაძის ნათესავია.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამის, ზვიად გამრეკელაშვილის თქმით, მისი შვილის მკვლელობა არის მაგალითი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასჯელი გაამკაცროს და მსგავს შემთხვევებში ეფექტურად იმოქმედოს: "გაგვამწარა, შვილი მოგვიკლა. კაცი, რომელიც ქალს ეუბნება შენთვის სიკვდილი შვებაა და შვილს მოგიკლავ გასამწარებლადო, ასეთი პიროვნება სამუდამოდ უნდა გამოამწყვდიო ციხეში. ეს კაცი საზოგადოებისთვის საშიშია".

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი და დედამისი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდნენ და დახმარება ითხოვეს. ამბობდნენ, რომ მოძალადე მათ მოკვლით ემუქრებოდა. პოლიციამ დედა-შვილს ჩვენება ჩამოართვა. ვეფხია ბაქრაძეს ყოფილ ცოლთან ერთი თვის განმავლობაში მიახლოებაც აეკრძალა, თუმცა, როგორც ჩანს, შემაკავებელმა ორდერმა ის ვერ შეაჩერა და განრისხებულმა გერის ძებნა დაიწყო, რადგან ოჯახის დანგრევაში, თურმე, მას ადანაშაულებდა. მანამდე კი ცოლი გაუფრთხილებია, თუ არ შემირიგდები, გაგამწარებო.

გოგონა პოლიციიდან დედაზე ადრე გამოვიდა და ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში მივიდა. მოძალადეს კარი ბავშვებმა გაუღეს. ის ყვირილით შევარდა სახლში და 4 და 7 წლის ბავშვებს დედა თვალწინ მოუკლა. ბავშვებმა ბებიის ქმარი იცნეს და სამართალდამცავებს მაშინვე უთხრეს დამნაშავის ვინაობა.

"ბავშვების ტირილი გავიგონე. კარი რომ არავინ გამიღო, სალონში ჩავედი და ვთხოვე, გამომყოლოდნენ. ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო. ვიფიქრეთ, რომ თაკო გადახტა. ეზოში რომ ვერავინ ვნახე, ამოვბრუნდი და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გოგონა იყო გარდაცვლილი", - გვითხრა მეზობელმა, რომელმაც მომხდარი პოლიციას აცნობა.

ვეფხია ბაქრაძე 1991-1992 წლებში არასაუწყებო დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

1972 წელს დაბადებულ ვეფხია ბაქრაძისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. ნათია გობაძეს კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

- ქმარი ხშირად სცემდა. განსაკუთრებით ბოლო დროს გამწვავდა მათ შორის ურთიერთობა. ვეფხია ერთი წელია, რაც ციხიდან გამოვიდა. ის მაშინაც ნათია გობაძეზე ძალადობისთვის გაასამართლეს და ორი წელი იჯდა. ციხიდან გამოსულმა ბათუმში ჩააკითხა ნათიას, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა და მისთვის ყვავილები მიუტანია. სთხოვდა, ზღვაზე გავისეირნოთო. ქალი რომ არ გაჰყვა, თავი ქვით გაუტეხა, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

- ნათია ამბობდა, მეშინია, შვილების მოკვლით მემუქრებაო. ამიტომ დაშორდა ქმარს, მაგრამ კაცი სახლში აკითხავდა, ეჩხუბებოდა. მეზობლებსაც ხშირად უნახავთ ნაცემი. ვეუბნებოდით, პოლიციისთვის მიემართა. გვეგონა, თუ განაცხადებდა, უფრო დაცული იქნებოდა. ეტყობა, ვეფხიამ რომ გაიგო, შემაკავებელი ორდერი გაიცა, შურისძიება განიზრახა. პოლიციაში რომ არ მისულიყვნენ, ეს გოგო იქნებ ცოცხალი ყოფილიყო... მითხარით, ვის იცავს ორდერი? ახლა რა ეშველება მის ორ პატარას, - ამბობს მოკლულის ახლობელი. (იხილეთ სრულად)