რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე და ქონებრივი დეკლარაციის შევსების რა დარღვევისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე და ქონებრივი დეკლარაციის შევსების რა დარღვევისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით?

როგორც ცნობილია, საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს, მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო ყოველ წელს ატარებს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. მათი ინფორმაციით, 2018 წელს შემოწმებას დაექვემდებარა დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.

2018 წლის განმავლობაში შემოწმდა 448 დეკლარაცია. შემოწმებული დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია, მათ შორის არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა 31 დეკლარაციაში და დეკლარანტს მიეცა გაფრთხილება, 347 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, ხოლო ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში, დადებითად შეფასდა 59 დეკლარაცია, 10 დეკლარაციაზე შეწყდა წარმოება.

უარყოფითად დასრულებულ დეკლარაციებს შორისაა სააპელაციო სასამართლოს უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლის, ლევან მურუსიძის დეკლარაცია. რა ინფორმაცია არ შეიტანა დეკლარაციაში ლევან მურუსიძემ და დაჯარიმდა თუ არა მოსამართლე, ამისათვის კითხვებით საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მივმართეთ.

მათი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები:

სახელფასო საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის ცდომილება; საკრედიტო საბანკო ანგარიშის დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ინფორმაციის წარუდგენლობა; დეკლარაციაში არ იყო ასახული კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული გასავლები ცალ-ცალკე, რომლის ოდენობაც თითოეულ შემთხვევაში აღემატებოდა 1500 ლარს.

ლევან მურუსიძის ქონებრივი დეკლარაცია მურუსიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 29 ივნისს შეავსო. ის ფლობს 100,03 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2009 წელს 40 000 დოლარად შეიძინა, ასევე 5 000 დოლარად ნაყიდ ავტოფარეხს. ის ფლობს 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელშიც 2017 წელს 10 500 დოლარი აქვს გადახდილი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა "მერსედეს ბენცი", რომელიც 2017 წელს 24 500 დოლარად შეიძინა.

საანგარიშო პერიოდში, ლევან მურუსიძეს "თიბისი ბანკის" სახელფასოზე ერიცხებოდა 11678 ლარი, "საქართველოს ბანკის" საკრედიტოზე 9636 ლარი, იმავე ბანკის "სოლო" ბარათზე კი 991 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ხელფასიდან დანაზოგის სახით ნაღდი ფული ჰქონდა 2000 ევრო და 3 000 დოლარი.

2017 წელს 12 თვის განმავლობაში ლევან მურუსიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე აიღო 80 500 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძეს ჰქონდა რამდენიმე სესხი, რომლის ოდენობაც დეკლარაციაში აღნიშნული არ არის, თუმცა ამ სესხების ჯამური გასავალი იყო 84,210 ლარი და 3191 დოლარი.

2017 წელს სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურების შედეგად ლევან მურუსიძემ შემოსავლის სახით მიიღო 10761 ლარი.

ჩვენს კითხვაზე, დარღვევების გამოვლენის შემდეგ თუ ეცნობა ეს ლევან მურუსიძეს, როგორც საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის შედეგები მურუსიძეს ეცნობა, მან კი საპასუხოდ შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

კითხვაზე, დაჯარიმდა თუ არა დარღვევის გამო ლევან მურუსიძე, საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს:

"ლევან მურუსიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2018 წლის 15 მარტს, რა დროსაც მოქმედი რედაქციით საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდებოდა 1000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან მურუსიძეს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით."

იხილეთ ასევე: "სამართლის" 10 მაფიოზი"

(სპეციალურად საიტისთვის)