"ქურდული სამყაროს ნათლიები საქართველოდან არიან. გავიხსენოთ ონიანი, კალაშოვი..." - როგორ მუშაობს "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი საქართველოსა და მსოფლიოში - კვირის პალიტრა

"ქურდული სამყაროს ნათლიები საქართველოდან არიან. გავიხსენოთ ონიანი, კალაშოვი..." - როგორ მუშაობს "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი საქართველოსა და მსოფლიოში

"კანონის გამკაცრება ცუდი არ არის - ზოგი კანონი, როგორც პრევენცია, მომხდარ ფაქტს სჯობია. ზოგჯერ გადაჭარბებული სამართლებრივი დევნის მექანიზმები ამართლებს... ჩვენ თუ ძალიან დიდი დემოკრატები გავხდებით, დანაშაულის ზრდა გვემუქრება, ვინაიდან ბევრია ისეთი, ვისაც დემოკრატია ესმის, როგორც ანარქია", - გვიხსნის "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინოლოგიის პროფესორი გიორგი ღლონტი, რომელიც ავტორია მონოგრაფიისა "კანონიერი ქურდები საქართველოში".

- როდის შეიქმნა "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი და რამ შეუწყო ამას ხელი?

- ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტი XX საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა. იყო ჭიდილი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის, სამოქალაქო ომი... შედეგად, უამრავი ადამიანი გაუშვეს ე.წ. ლაგერებში. მათი ნაწილი მდიდარი, ე.წ. ცისფერსისხლიანი, რეჟიმის მსხვერპლი იყო, ნაწილი - კრიმინალი. ციხეში გაჩნდა შიდა დაჯგუფებები და ჩამოყალიბდა ქურდების დინასტია. "ლაგერებში" მონური შრომა იყო და ისინი სხვა პატიმრებს აიძულებდნენ, მძიმე სამუშაო შეესრულებინათ. კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლებას - უარყოფდნენ პასპორტს, არ იღებდნენ ხელისუფლების იდეოლოგიას, ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ, უგულებელყოფდნენ სახელმწიფო კანონებს...

მათ შექმნეს თავიანთი დაუწერელი კანონები: ქურდმა ქურდს ნებისმიერ კონფლიქტში მხარი უნდა დაუჭიროს, ქურდს არა აქვს უფლება, ჰქონდეს ოჯახი, ქონება და ა.შ. ქურდი არჩევს საქმეებს და ქურდულ შემოსავალს სხვა პატიმრებსაც უნაწილებს, ანუ ქურდი გახდა "რაინდი", რომელიც მდიდარს ართმევდა და დაჩაგრულს აძლევდა.

- "კანონიერები" რატომ დაირქვეს?

- ქურდებს თავიანთი კანონებით უნდა ეცხოვრათ. მათი მთავარი კანონი იყო "დუმილის კანონი", ე.წ. ომერტა, რომელიც იტალიურ მაფიაში დამკვიდრდა - ქურდებს არ ჰქონდათ უფლება, გაეცათ ინფორმაცია. ვინც დუმილის კანონს დაარღვევდა, ისევე ისჯებოდა, როგორც იტალიაში ომერტას კანონის დამრღვევი. ამ კანონებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი საზოგადოება ჩამოაყალიბა, რომელსაც "კანონიერი ქურდები" მართავდნენ. მათი მეორე მისია იყო, "ლაგერში", ციხეში თუ გარეთ, ქურდული საზოგადოების გაკონტროლება და მართვა. სტალინის რეჟიმის დროს მკაცრი კანონმდებლობა იყო და მილიონობით ადამიანი დახვრიტეს, მაგრამ "კანონიერ ქურდებს" მაინც ჰქონდათ თავიანთი არაფორმალური ორგანიზაცია.

- ამ ინსტიტუციამ ყველაზე კარგად საქართველოში რატომ მოიკიდა ფეხი?

- საბჭოთა კავშირში სტალინს უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი ეთნიკური წარმოშობის გამო ქართველები რუსეთში ავტორიტეტით სარგებლობდნენ. სტატისტიკა მეტყველებს, რომ 50-იანებში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების რიცხვი აღემატებოდა სხვა ეროვნების ავტორიტეტებს - ქართველი იყო სსრკ-ში "კანონიერი ქურდების" 40%.

ქართველების მეორე უპირატესობა ის იყო, რომ ყოველთვის ლიდერები იყვნენ. დღესაც მთელ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულები ქართველები ან საქართველოდან წასული სხვადასხვა ეროვნების ქურდები არიან. ძალიან მაღალი რანგის ლიდერები, რომლებიც ბოლო პერიოდში ქურდული სამყაროს ნათლიები იყვნენ, საქართველოდან არიან. გავიხსენოთ ონიანი, კალაშოვი, უსოიანი... ქურდები თავს იყრიან ყველა დიდ ქალაქში და ერთ-ერთი ლიდერი ან ქართველია, ან სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე.

აშშ-ში ჩავატარეთ "კანონიერი ქურდების" შესახებ კვლევა. კვლევის ნაწილი იყო ქურდების ქართული ფენომენის იტალიელ, უფრო ზუსტად, კორსიკელ და სიცილიელ მაფიოზებთან შედარება. ქართული ფენომენი სიცილიის მაფიის წარმოშობა-განვითარებას ჰგავს, ერთი განსხვავებით - ქართველები სსრკ-ში ამ საზოგადოებას ეროვნული პრინციპით არ მართავდნენ, მასში ყველა ეროვნების წარმომადგენელი შეიძლებოდა ყოფილიყო, სიცილიურ მაფიაში კი აუცილებლად უნდა იყო სიცილიელი, მათი ოჯახის წევრი და ა.შ.

საბჭოეთის ნგრევის შემდეგ გამოჩნდნენ ჩეჩნური დაჯგუფებები, მაგრამ ისინი "კანონიერი ქურდები" კი არა, უფრო ყაჩაღები და გამტაცებლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნები დიდ გავლენას ახდენდნენ სსრკ-ის კრიმინალურ სამყაროზე, ჩეჩნეთში ცოტაა "კანონიერი ქურდი" - შეიძლება 5-10 კაცი იყოს.

- 2005 წელს შემოღებული კანონი "ქურდული სამყაროს შესახებ" ხელისუფლებამ უფრო გაამკაცრა. ეს შეამცირებს ორგანიზებულ დანაშაულს?

- თანამედროვე ქურდული საზოგადოება რადიკალურად განსხვავდება ძველისგან. დღეს ქურდებს აქვთ სიმდიდრე, არიან მაფიოზური ტიპის კრიმინალები, აქვთ წილები ლეგალურ ბიზნესში, აღარ თვლიან აუცილებლად კრიმინალურ ბიოგრაფიასა და სპეციფიკურ ატრიბუტიკას... რაც შეეხება კანონს, ის სააკაშვილმა 2005 წელს შემოიღო და კი არ გამკაცრდა, გაფართოვდა და მასში კონკრეტული ცვლილებები შევიდა. მხოლოდ იმის თქმა, კანონიერი ქურდი ვარო, არ არის საკმარისი, რომ ადამიანი დააკავო ან დევნა დაუწყო.

ჩვენი კანონმდებლობით, მან უნდა ჩაიდინოს დანაშაული ან რაღაც ცუდი მოიმოქმედოს. სამართალდამცველებში არსებობს ლეგენდაც, თითქოს "კანონიერ ქურდს" არა აქვს უფლება, სტატუსი დამალოს, რაც სისულელეა.

"კანონიერი ქურდი" მხოლოდ ქურდებსა და კრიმინალურ საზოგადოებასთან არის პასუხისმგებელი და სტატუსის გამჟღავნება სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ ციხეში მოხვდება, რადგან იქ უნდა იყოს პრივილეგირებული, მაგრამ პოლიციელთან ეს ვალდებულება არ აკისრია. კანონი დღეს მკაცრია: ისჯება ქურდული სამყაროს წევრობა, ლიდერობა, მხარდაჭერა, ხელშეწყობა, ფულის აკრეფა, ე.წ. სხოდკებისა და გარჩევების გამართვა, მაგრამ დღეს ამ ყველაფრის დამტკიცება იოლია, რადგან ყველას მობილური აქვს, ინტერნეტი არსებობს და ყველგან ვიდეოკამერებია.

- მათთვის დანაშაულის დამტკიცება, სიფრთხილის გამო, მაინც რთულია...

- დიახ, მაგრამ გაიოლებულია. მტკიცებულებების შეგროვება და დანაშაულის დამტკიცება სამართალდამცავი სისტემის უმთავრესი ამოცანაა. თუ სტატისტიკა დასჭირდათ, შეიძლება ჩაუდონ ნარკოტიკი, იარაღი, მოიყვანონ ყალბი მოწმეები და ზეწოლით ათქმევინონ ქურდს ყველაფერი...

დღეს საქართველოში "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი სახელმწიფოს ვერ დაანგრევს. ქართველი ქურდები, ძირითადად, უცხოეთში არიან, რადგან მათთვის აქ ხელსაყრელი გარემო არ არის - საქართველო ღარიბი ქვეყანაა, არც დიდი ბიზნესები არსებობს. ვინც აქ არის, უმრავლესობა ციხეშია.

ქურდების ცხოვრება არ არის იოლი. ზოგი უდროოდ კვდება, ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ვინც 50-60 წელს გადასცდა, "ქურდულ პენსიაზეა" გასული და საქმეებში აღარ ერევა. ბევრ მათგანს ნოსტალგია ეძალება, ბრუნდება საქართველოში, ქონებას ყიდულობს და მშვიდად ცხოვრობს. ასეთების დევნა უაზრობაა.

- აშშ-მა 1970 წელს მაფიოზების წინააღმდეგ მკაცრი, "რიკოს კანონი" მიიღო...

- XX საუკუნის 50-60-იან წლებში ამერიკა "კოზა ნოსტრას" გავლენაში მოექცა - ქვეყანას მაფიოზური ოჯახები მართავდნენ. ისინი 30-იან წლებში ძალიან გამდიდრდნენ და ჩაებნენ სათამაშო ბიზნესში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში. საჭირო გახდა მტკიცებულებების მოპოვება და მათი გასამართლება, ვინაიდან ლიდერები თვითონ არასოდეს იყვნენ საქმეებში გარეული. განგსტერი და მაფიოზი ალ კაპონე, რომელსაც ასამდე მკვლელობის ორგანიზებას აბრალებდნენ, საბოლოოდ ხუთი წლით გაასამართლეს გადასახადების გადაუხდელობის გამო, რადგან არ ჰქონდათ მტკიცებულებები. ამიტომაც შეიქმნა აშშ-ში 70-იან წლებში მკაცრი და გასამხედროებული კანონი მაფიოზების წინააღმდეგ.

"რიკოს" კანონმდებლობაში"იყო რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ჩვენს კანონშიც ასახულია. პირველია მოწმის დაცვა - ვინაიდან მაფია ომერტით, ანუ დუმილით იმართებოდა, ძნელი იყო მოწმის მოძიება, თუმცა კანონმა დაუშვა ასეთი რამ: თუ მაფიოზს დანაშაული ბრალდება, მაგრამ მან დანაშაულზე უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასცა, დევნისგან თავისუფლდება და მას, როგორც მოწმეს, სახელმწიფო დაიცავს. ამის შემდეგ ბევრი მაფიოზი, რომლებსაც 20-25-წლიანი ციხე ემუქრებოდათ, ალაპარაკდა. თუ სამართალდამცველებს უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიდნენ, მათ ახალ პასპორტს აძლევდნენ და მალავდნენ.

"რიკოს" მეორე პრინციპი ის იყო, რომ არ სჭირდებოდა მაფიოზური დაჯგუფების ლიდერის საქმიანობის მტკიცებულება. ლიდერი პირდაპირ არასდროს არავის ავალებდა, ეს მოკალით, ის აწამეთო, ამბობდა, საქმეს მიხედეთო და დანარჩენს შემსრულებლები აკეთებდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ბრძანების პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, როგორც ორგანიზატორი, მაინც მიდიოდა ციხეში. ის პასუხისმგებელი იყო შემსრულებლებზეც.

"რიკოს" მესამე პრინციპით ქურდების ქონების კონფისკაცია შემოიღეს. "რიკოს" კანონმდებლობამ უამრავი კრიმინალი გაუშვა ციხეში, ისევე როგორც იტალიურმა კანონმდებლობა "ანტიმაფიამ". მკაცრი კონფისკაცია, დევნა, მოწმეების დაცვა და მაფიოზების სახელმწიფოს მოღალატეებად გამოცხადება იყო "რიკოს" პრინციპები. როგორც ამბობენ, ჩვენი კანონმდებლობა "რიკოს" ემსგავსება. სააკაშვილმა რამდენიმე ნორმა შეიტანა კანონში და ზოგ "კანონიერ ქურდს" ქონებაც ჩამოართვა.

- რას იტყვით კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე ჩვენს ქვეყანაში?

- ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა ძალიან დაბალია. თქმულება "კანონიერი ქურდის" რაინდობაზე წარსულს ჩაჰბარდა. ქურდებში რამდენიმე ფერი მიუღებელია: წითელი, ცისფერი... ახალგაზრდობა ადრე სულ შავებით რომ დადიოდა, ეს ქურდული მენტალიტეტის გავლენა იყო. დღეს აღარ არის ქურდების თემა პოპულარული, დრო მოჭამა.

- ქურდების დევნა თუ აზრს კარგავს და ისინი საშიშნი აღარ არიან, რატომ დაიწყო ხელისუფლებამ ისევ ამ კანონზე მუშაობა და მისი გამკაცრება? - აქ ჩანს პოპულიზმის ელემენტებიც - როცა კანონს ამკაცრებენ, თვლიან, რომ კარგად მუშაობენ და პრინციპულად ებრძვიან დანაშაულს. აშკარაა ისიც, რომ მუდმივი კონკურენციაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. ისინი ერთმანეთს აბრალებენ დანაშაულს, კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას. პოლიტიკური ჭიდილი ხშირად იწვევს ასეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, თუ თქვენ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობა შეიმუშავეთ, მე ის გავართულე და ზომები გავამკაცრეო.

იხილეთ ასევე: "უწინ ქურდი ქურდობდა და ყაჩაღი – ყაჩაღობდა. ქურდი ყაჩაღობაზე არ მიდიოდა. დღეს ვერ გაიგებ, ვინ რას სჩადის..."