ტარიელ ონიანს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ, სად მოხდება კრიმინალის "გენერალსიმუსის“ დეპორტაცია და ატყდება თუ არა ახალი "ქურდული ომი"?
ტარიელ ონიანს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ, სად მოხდება კრიმინალის "გენერალსიმუსის“ დეპორტაცია და ატყდება თუ არა ახალი "ქურდული ომი"?
კრიმინალური სამყაროს "გენერალსიმუსად“ წოდებული ქართველი "კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. როგორც ცნობილია, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ  ვადაზე ადრე მოუწევს გათავისუფლება. რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

რუსული პრესა წერს, რომ კრიმინალური სამყარო ონიანის გათავისუფლებას დიდი ინტერესით და დაძაბულობით ელის, რადგან, სავარაუდოდ, ისევ დაიწყება ბრძოლა
პირველობისთვის.

2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების
დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართალდამცავები ცდილობენ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი შედეგები თავიდან აიცილონ, მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კია, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ კარცერშიც მოათავსეს.

"დაკავებული აღრიცხვაზე აყვანილია როგორც ლიდერი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. ის უარყოფითად მოქმედებს სხვა პატიმრებზე. არ ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებს. არარეგულარულად აქვს კონტაქტი ნათესავებთან. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იქცევა თავხედურად და არაკორექტულად. პიროვნულად გამოირჩევა სითავხედით, სიცბიერით, არის ნაკლებად კომუნიკაბელური. მხარს უჭერს კრიმინალურ სუბკულტურას“, - ნათქვამია ონიანის დახასიათებაში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში წარადგინეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონიანს ადმინისტრაციული სასჯელი არ დაუწესეს, რადგან, როგორც ცნობილია, 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება.

სად მოხდება "გენერალსიმუსის“ დეპორტაცია?


სად გაგზავნიან ონიანს რუსეთიდან? - ეს შეკითხვა უკვე არაერთხელ დაისვა. სავარაუდოდ, მას ამ მომენტისთვის აქვს რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა, თუმცა ცნობილია, რომ დაიბადა და გაიზარდა საქართველში, იყო საქართველოს მოქალაქე, მაგრამ 2006 წელს მოქალაქეობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი.
ვახტანგ შელეგია, ტარიელ ონიანი, შაქრო კალაშოვი
ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მოქალაქე არ არის. ამ შემთხვევაშიც ის დიდი ალბათობით გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. არის კიდევ ერთი ვარიანტი ონიანმა მისთვის სადეპორტაციოდ მიცემულ ვადაში, მოახერხოს კორუმპირებული რუსული უწყებების მოქრთამვა, შედგად კი ან რუსეთში დარჩეს, ანაც რომელიმე იმ ქვეყანაში გაემგზავროს, სადაც საფრთხე არ დაემუქრება, მაგალითად, საფრანგეთში...

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ონიანი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გულხელდაკრეფილი არ იქნება. უკვე ცნობილია, რომ ე.წ. "კანონიერი ქურდი" ორგანიზებას უკეთებს ისტორიაში ყველაზე დიდ "სხადნიაკს“, რომელსაც "კრიმინალის გენერლები“ დაესწრებიან. სწორედ მსგავსი შეკრება მოაწყო 2015 წელს შაქრო კალაშოვმა სომხეთში.

კალაშოვის დაკავების შემდეგ, კრიმინალურ სამყაროში გაჩნდა კითხვა, ვინ იქნება #1 ე.წ. კანონიერი ქურდი და ვინ ჩაიბარებს "ქურდულ ობშიაკს“. კალაშოვის დაკავების შემდეგ ის ოლეგ შიშკანოვს გადააბარეს, თუმცა როგორც ამბობენ, შიშკანოვი პასიურია და სავარაუდოდ, ამ ადგილის დაკავებას ონიანი შეეცდება. ისიც ცნობილია, რომ კრასნოდარის მხარეში კოლონიაში მყოფი კალაშოვი მარტივად არ დათმობს "ტახტს“ და ის გავლენას მოახდენს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა რამდენიმე დღეში "გენერალ სიმუსი“ ონიანი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არავინ იცის რა მოხდება კრიმინალურ სამყაროში.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანი, იგივე ტარო, 1952 წლის 2 ივნისს, ლენტეხში დაიბადა, თუმცა ტყიბულში გაიზარდა, მისი მომავალი პროფესია, სავარუდოდ, მაღაროელობა იქნებოდა, რომ არა მამის ტრაგიკული სიკვდილი, ის მაღაროში მუშაობისას დაიღუპა, რის გამოც ეს საქმე სასტიკად შეიძულა.

17 წლის იყო, როდესაც ქურდობისთვის პირველად გაასამართლეს. პირველი დაკავებიდან სამი წლის შემდეგ კი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ქურდად აკურთხეს". ონიანმა დაახლოებით რვაჯერ მოიხადა პატიმრობა ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოდანაშაულისთვის.

1980-იან წლებში ის მოსკოვში დასახლდა და აქ ჩაუდგა სათავეში ე.წ. ქუთაისურ დაჯგუფებას, 1992 წლიდან საფრანგეთში, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამშენებლო ბიზნესში საქმიანობდა.


მოამზადა ნიკა გულუამ

გინდ დაიჯერეთ გინდ არა
07 აპრილი 2019 20:07
ჯაბა თუ პარლამენტში იყო , ტარიელმა რა დააშავა . მითუმეტეს----------------
merabi
06 აპრილი 2019 18:54
საქართველოს პრეზიდენტათ ავირჩიოთ !
05 აპრილი 2019 13:14
ქურდების რა გითხრათ, მაგრამ ეს ტარო მევასება და რა ვქნა, მაგარი კაცია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები