"ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, უკეთესია, რომ თვითმკვლელობა არ ავირჩიე"
"ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, უკეთესია, რომ თვითმკვლელობა არ ავირჩიე"
ფოტო:ჯეკ შეფერდი
"მადლობა, საქართველო, მიყვარხარ, საქართველო, ნახვამდის, საქართველო!" - ასე გამოეთხოვა ბრიტანელი ძებნილი ჯეკ შეფერდი ქვეყანას, რომელსაც შარშან შეაფარა თავი - ამ ერთი წლიდან კი ათი თვე თავისუფლებაში, ორი კი გლდანის ციხეში გაატარა.
შეფერდმა, რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობის გამო 24 წლის შარლოტ ბრაუნის სიცოცხლის მოსპობა ედება,­ ორი კვირის წინ თანხმობა განაცხადა უკან, ბრიტანეთში ექსტრადირებაზე, რასაც იუსტიციის მინისტრმაც მოაწერა ხელი და შეფერდიც პირველივე პირდაპირი რეისით დაუბრუნეს ბრიტანულ მართლმსაჯულებას. ჩასვლისთანავე გაირკვა, რომ მის თავდაპირველ საპატიმრო
ვადას - 6 წელს, 6 თვე დაემატებოდა მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების ბრალდებით.

თვითმფრინავში მყოფმა შეფერდმა ბრიტანულ მედიას რამდენიმე შეკითხვაზე უპასუხა, თუმცა, წასვლამდე ერთი დღით ადრე, ჯერ კიდევ საკანში მჯდომმა, ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ The Sun-ს, რომლის ქართულ ვერსიას "კვირის პალიტრა" გთავაზობთ.

- ვიცით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება
გაასაჩივრეთ და თავს დამნაშავედ არ ცნობთ. თუ აპელაციაც უშედეგო გამო­დგა, დაემორჩილებით მიღებულ გადაწ­ყვეტი­ლებას თუ ევროპულ სასამართლოებს მიმართავთ?

- არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე ევროპული სასამართლოს ეგიდით უნდა გადაწყდეს - ვფიქრობ, ბრიტანული სასამართლოც გაართმევს თავს ამ საკითხს. ეს არ არის ევროპული ან ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევა.

- ვთქვათ, გაგამართლეს, რას აპირებთ შემდგომ? ბრიტანეთში დარჩებით?
- ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ. აქამდე ყოველთვის ბრიტანეთში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ეს ძნელი იქნება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აშუქებდა მედია ჩემს საქმეს. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებ, რომ მაქვს გარკვეული ვალდებულებები, იქნება ეს ვალების გადახდა თუ ჩემს შვილსა და ოჯახზე ზრუნვა, ასე რომ, ვეცდები კარგი სამსახური ვიპოვო სადმე, ბრიტანეთში თუ რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში, შეიძლება საქართველოშიც კი.

- ვებდიზაინერის კარიერას განაგრძობთ?
- აბა, რა გითხრათ - თუ ციხეში აღმოვჩნდი და იქ რაიმე ახლის შესწავლის საშუალება მომეცა, მაგალითად, დურგლობის, უარს არ ვიტყვი, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ ვალების გადახდა მინდა და ოჯახიც სარჩენი მყავს, აჯობებს ის საქმე ვაკეთო, რაც კარგად გამომდის.

- ვრცელდებოდა ჭორები, რომ პოლიტ­იკაში წასვლასაც არ გამორიცხავდით. ეს სიმართლეა?
- არა, ნამდვილად არა მაქვს მსგავსი გეგმები.

- მყარად გწამთ, რომ დამნაშავე არა ხართ შარლოტ ბრაუნის სიკვდილში, მაგრამ მორალურ პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ მისი სიკვდილის გამო? ხალხი, რომელიც თქვენ გადანაშაულებთ, ამბობს, რომ ეს თქვენი კატერი იყო და უპირველესად სწორედ თქვენ უნდა გეზრუნათ მის უსაფრთხოებაზე - შეიძლება ლეგალურად მსგავსი პასუხისმგებლობა სასამართლომ აგარიდოთ, მაგრამ მორალურად მაინც არ თვლით თავს მოვალედ, თქვენივე კატერზე მყოფი მგზავრის უსაფრთხოება უზრუნველყოთ?
- ამაზე ძალიან, ძალიან ბევრი ვიფი­ქრე. გარკვეულწილად, გეთანხმებით - რა თქმა უნდა, მეკისრება გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც მოხდა, რის გამოც შარლოტი დაიღუპა­ - ამას არ უარვყოფ. ამას გარდა, გასაგებია, თუ ხალხის ნაწილი, მათ შორის შარლოტის ოჯახი, რატომ მაბრალებს მე მის დაღუპვას.
ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან რეალობა ასეთი მარტივი არ არის. რამდენიმე ფაქტორმა მიგვიყვანა ამ უბედურ შემთხვევამდე - მათ შორის გარე ფაქტორებმა, ჩემმა გადაწყვეტილებებმა და შარლოტის გადაწყვეტილებებმაც...

- მაგალითად?
- მაგალითად, ერთად გადავწყვიტეთ, იმ ღამით კატერით გვესეირნა. შარლოტის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, კატერი ემართა, ჩემი კი - მისთვის ამის უფლება მიმეცა. ალბათ, უფრო მეტი ინსტრუქცია უნდა მიმეცა მისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ შარლოტმა გადაწყვიტა, სიჩქარისთვის მოემატებინა. მე ვერ შევძელი ამის აღკვეთა.
ვფიქრობ, პასუხისმგებლობას ორივე უნდა ვიზიარებდეთ. თავისი როლი ითამაშა ბედმაც, იღბალმაც, მორმა წყალში, რომელიც არც ერთს არ დაგვინახავს. საბოლოოდ მე გადავრჩი, ის კი დაიღუპა. ძალიან მარტივად შეიძლებოდა, პირიქით მომხდარიყო.

- რაც შეეხება შარლოტის მშობლებს, ისინი ამტკიცებენ, რომ არასოდეს მოგიხდიათ ბოდიში მათთვის, არასოდეს გითქვამთ, რომ წუხდით იმ უბედურების გამო, რაც მათ თქვენ გამო დაატყდა თავს. ეს, ალბათ, ძალიან ბევრს ნიშნავს მათთვის
გააკეთებთ ამას? და თუ არა, რატომ?
- რა თქმა უნდა, უყოყმანოდ ვიხდი ბოდიშს იმ როლისთვის, რაც მე ვითამაშე ამ ყველაფერში და, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ და ვიზიარებ მათ მწუხარებას. ისიც მესმის, რატომ მაბრალებენ მე ყველაფერს. მე რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ეს იყო ტრაგედია და რომ შემეძლოს რაიმეს შეცვლა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

- ბრიტანეთიდან გაქცევას თუ ნანობთ?
- დიახ, ამას ბევრი ცუდი რამ მოჰყვა - გააღიზიანა საზოგადოება და დააზარალა ჩემი შანსი სასამართლოში. მე ღრმად მწამს, სასამართლოს წინაშე რომ წარვმდგარიყავი და ამეხსნა ჩემი პოზიცია, ნაფიცი მსაჯულები სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მაგრამ, იმავდროულად, მაშინ ვგრძნობდი, რომ არჩევანის წინაშე ვიდექი - გაქცევა ან თვითმკვლელობა და ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, უკეთესია, რომ თვითმკვლელობა არ ავირჩიე. ჩემი გადაწყვეტილება, გავქცეულიყავი, ნაკარნახევი იყო შიშითა და ემოციებით.

- რაიმე კონკრეტული მოთხოვნები თუ გექნებათ ციხეში? მაგალითად, მოითხოვთ თუ არა წიგნებს, ტელევიზორს, ვიდეოთამაშებს?
- ჯერ არ ვიცი. იმედია, წიგნების კითხვის შესაძლებლობა მექნება - ამ მხრივ ძალიან გამიმართლა საქართველოში, რადგან გამუდმებით ვკითხულობდი და ეს მეხმარებოდა, უკეთ მეგრძნო თავი. არ ვიცი, რა იქნება ბრიტანულ ციხეში.

როგორ აღმოჩნდა შეფერდი საქართველოში

2018 წლის ივლისში ჯეკ შეფერდს 24 წლის შარლოტ ბრაუნის დაღუპვის გამო ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა... საქმის სასამართლო მოსმენებამდე სამი დღით ადრე გაირკვა, რომ გაუჩინარდა მთავარი ეჭვმიტანილი...
მარიამ კუბლაშვილი
ჯეკ შეფერდი და შარლოტ ბრაუნი ერთმანეთს გაცნობის ვებგვერდ OkCupid-ის მეშვეობით 2015 წლის 8 დეკემბერს შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა შეფერდმა ბრაუნს ჯერ რესტორანში უმასპინძლა, მერე კი მთვრალმა გოგონა ჩქაროსნული კატერით სასეირნოდ დაპატიჟა.

წყვილი შუაღამისას, ხიდთან ახლოს, წყალში, მორს შეეჯახა და კატერიდან გადავარდა. შეფერდი კატერის კორპუსს ჩაჭიდებული იპოვეს, ბრაუნი კი წყლიდან უგონოდ ამოიყვანეს. დადგინდა, რომ ბრაუნი ცივ წყალში გაიყინა და დაიღუპა...

23 იანვარს ქართველ სამართალდამცავებს ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი ჩაჰბარდა. მას ექვსი თვის განმავლობაში ეძებდა ბრიტანეთის პოლიცია... როგორც აღმოჩნდა, შეფერდი 2018 წლის მარტიდან საქართველოში ცხოვრობდა... საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება შეფერდმა ასე ახსნა, ამ ქვეყანას აქვს ლიბერალური სავიზო პოლიტიკა და თანაც საქართველოში ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლაო.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საზღვარი შეფერდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ინტერპოლით ძებნილი, ამიტომაც მისი დაკავების საფუძველი არ არსებობდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაირკვა, რომ ის ბრიტანეთში კიდევ ერთ საქმეზე იძებნებოდა - ადამიანს თავში ბოთლი ჩაარტყა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა­ განაცხადა, რომ შეფერდი სუიციდისკენაა მიდრეკილი. იგივე­ გაიმეორა მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმაც, რომელმაც შეფერდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვა.

შეფერდის საქმე სწრაფად მოექცა საერთაშორისო და განსაკუთრებით, ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში. ამ საქმის გასაშუქებლად საქართველოს არაერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ეწვია.
შეფერდს ბრიტანული მედია "მკვლ­ელს" და "დამნაშავეს" უწოდებს, შარლოტ­ ბრაუნს კი - მსხვერპლს. გარდა საქმის დეტალებისა, ბრიტანულ პრესაში შეფერდის ქართველ მეგობარ გოგონასა და მის ადვოკატზეც დაიწერა სტატია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
დღის კითხვადი სტატიები