"ჩემთან ვარჯიშობდა, ჩემი გაზრდილია. ერთი ვიცი დანამდვილებით, მას თავი არ მოუკლავს" - კვირის პალიტრა

"ჩემთან ვარჯიშობდა, ჩემი გაზრდილია. ერთი ვიცი დანამდვილებით, მას თავი არ მოუკლავს"

მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილში 16 წლის გიორგი ყუშიტაშვილის გარდაცვალების გამოძიების ფარგლებში 6 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯათ, მომხდარი კვლავაც ბუნდოვანების ბურუსშია გახვეული. გიორგის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს უამრავი კითხვა აქვთ, რომელზეც ჯერ პასუხები არ ჩანს. ხალისიანი, გონიერი, ყველასთვის საყვარელი 16 წლის ბიჭი გუშინ დაკრძალეს.

სწორედ მისი დაკრძალვის დღეს წარსდგნენ სასამართლოს წინაშე დაკავებული ბრალდებულები, რომლებსაც  მოზარდის ჯგუფურად ძარცვა ედებათ ბრალად. არასრულწლოვნის ძარცვის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულებიდან 2 არასრულწლოვანია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გიორგი ყუშიტაშვილს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია `ნაგანის" ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები. გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ისიც ცნობილია, რომ გიორგისთვის წართმეული მობილური ტელეფონი ტაქსის მძღოლმა, დავით დავითაშვილმა ტრაგედიის დღეს, დღის 2 საათზე 220 ლარად დაალომბარდა. თავად დავითაშვილი ამბობს, რომ მას სთხოვეს ნივთის დალომბარდება და ამ საქმესთან სხვა არაფერი აკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდანვე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა პირველი წუთებიდან ახლობლები ცალსახად ამბობდნენ, რომ გიორგი თავს არ მოიკლავდა.

პირველივე დღეს დაკითხეს გარდაცვლილის თანაკლასელები და მეგობრები, როგორც ირკვევა, დღეს საქმეში დევს რამდენიმე თანაკლასელის ჩვენება და სწორედ მათი ჩვენებით გახდა ცნობილი გიორგისთვის მობილურის წართმევის ფაქტი.

მართალია გამოძიების ოფიციალურ ფორმულირებაში აღნიშნულია, რომ ძარცვის შემდეგ მოზარდმა თავი მოიკლა, თუმცა არც ერთ ბრალდებულს ამ დრომდე გიორგის თვითმკვლელობამდე მიყვანას არ ედავებიან. პროკურორი აცხადებს, რომ ამ კუთხით გამოძიება გრძელდება.

რამდენიმე დაკავებული ჩვენებაში ამბობს, რომ გარდაცვლილს საერთოდ არ იცნობდა. ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებულ გოგა გიგაურის ადვოკატის, ირმა ბრელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმის გამო დააკავეს, რომ სხვა ბრალდებულებს იცნობს. როგორც ბრელიძე აცხადებს, საქმეში გიგაურის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება.

ირმა ბრელიძე: "გიგაური თავს დამნაშავედ არ სცნობს, მას ამ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. მისი დაკავება სრულიად მოულოდნელად მოხდა, წარმოდგენა არ ჰქონდა მასთან პოლიცია რატომ მივიდა და რატომ აკავებდნენ. როცა ბავშვი გადმოვარდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მივიდა, ნერვიულობდა. როგორ წარმოგიდგენიათ, დამნაშავე პირი მიდის და ოჯახს გულშემატკივრობს? საქმეში მასალას ვერ ნახავთ, რომელიც პირის ბრალეულობის დასადასტურებლად საჭიროა. ტაქსის მძღოლის ჩვენებით, გიგაურის კი არა, არც ერთი პირის ბრალეულობა არ დგინდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ლომბარდში იმყოფებოდა. გარდაცვლილს, როგორც უბნელს, მასწავლებლის შვილს, როგორც სპორტსმენ ბავშვს ისე იცნობდა. მას ძალიან დადებითად ახასიათებს. დაკავებულ პირებს იცნობს და ამ კავშირისთვის დააკავეს. მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ თურმე იმ დროს როცა ეს კამათი მიდიოდა, იქ გაიარა. ამბობს, ვიკითხე რა ხდებოდა, მიპასუხეს, - არაფერი და გზა გავაგრძელეო. დანამდვილებით ვამბობ, მას ამ დანაშაულთან კავშირი არ აქვს და ის სრულიად უდანაშაულოა".

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი წიწილაშვილის ადვოკატი, ზურაბ როსტიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. "ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ის არაფერ შუაშია. გარდაცვლილს იცნობდა, კარგი ბიჭი იყოო, - ამბობს. გიორგი წარსულში ნასამართლევი იყო, მაგრამ ქურდობაზე და ძარცვაზე არა. წიწილაშვილი ლომბარდში იყო თუ არა, არ ვიცი", - განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა და დასძინა: "მოხარული ვიქნები, თუ იმ დონის გამოძიება იქნება, რომ შეძლოს დაადგინოს, სახურავზე რა მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში თვითონ გამოცხადდა".

მართალია შს სამინისტრო ამბობს, რომ მოზარდმა თავი მოიკლა, მაგრამ ამ ვერსიის არ სჯერათ გიორგის ახლობლებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი იქ მოკლეს. 6 ახალგაზრდის დაკავების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, ისინი იმყოფებოდნენ თუ არა ტრაგედიის დროს სახურავზე? როგორც ადვოკატი ირმა ბრელიძე ამბობს, საქმის მასალების მიხედვით, არც ერთი დაკავებული, იმ დროს სახურავზე არ იმყოფებოდა. ტრაგედიის დღეს ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სახურავზე გიორგისთან ერთად რამდენიმე ბიჭი იყო. თავიდან ითქვა, რომ ხუთნი იყვნენ, მომხდარის შემდეგ კი რამდენიმე გაიქცა. სახურავზე იპოვეს გარდაცვლილის საათის გაწყვეტილი სამაჯური, ამანაც გააჩინა ეჭვი, ხომ არ იყო იქ ჩხუბი და საქმის გარჩევა, ხომ არ იძალადეს მოზარდზე და ხომ არ გადმოაგდეს? ეს სამაჯური გიორგი ყუშიტაშვილს რომ ეკუთვნოდა, ამას ახლობლები ადასტურებენ.

გიორგი ყუშიტაშვილი სპორტსმენი იყო, კინგბოქსინგში მას საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა, მისი პედაგოგი ლაშა ჭურაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი სახურავიდან გადმოაგდეს.

ლაშა ჭურაძე:

- ერთი ვიცი დანამდვილებით, გიორგი არ არის იქიდან გადმოვარდნილი, მას თავი არ მოუკლავს, გიორგი მოკლეს. 8 წელი ვარჯიშობდა კინგბოქსინგში, მებრძოლი ადამიანი, საქართველოს 5 გზის ჩემპიონი, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი ბავშვი იყო, უბრალოდ, 5-6 ადამიანს ვერ მოერია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მკვლელობა.

ყოველ მეორე დღეს ჩემთან ვარჯიშობდა, ჩემი გაზრდილია. გიორგი ტელეფონის წართმევის გამო თავს არ მოიკლავდა. ყველა ახლობელი ერთ აზრზეა - შს სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის არავის გვჯერა, არც სპორსტმენებს, არც ახლობლებს. ძარცვა მოხდა, ტელეფონი გამოართვეს, მაგრამ მერე გვიან უკვე საქმის გარჩევა იყო ზევით, სახურავზე. იმ დღეს ვარჯიშზე უნდა მოსულიყო, მაგრამ მანამდე აიყვანეს იმ სახურავზე. საქმის გარჩევის დროს ეტყობა ვერ დაიმორჩილეს და გადმოაგდეს ზედა სართულიდან. სახურავზე გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს სამაჯური, ეს გიორგის სამაჯურია. უბანში ამბობენ, ერთ - ერთ დამნაშავეს ჰყავს ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველი და ის ფარავს ამ დანაშაულს და სხვანაირად ავრცელებენ ინფორმაციასო. შოკში ვართ. ვინც დააკავეს იმათ პირადად არ ვიცნობდი, რადგან ისინი გიორგის უბნელები არიან. ჩვენი სპორტდარბაზი 2 კილომეტრით მოშორებითაა და იქ მოდიოდა სავარჯიშოდ.

ვიცით, რომ არის დაჯგუფება, რომლის წევრებიც არამარტო გიორგის, არამედ სხვა ბავშვებსაც ტელეფონს და ფულს სძალავდნენ. გიორგის მშობლები არ იცნობდნენ დამნაშავეებს, მაგრამ ნათესავებმა, უბანმა იცის, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. ეს ბავშვი გახდა მსხვერპლი, ამის თქმა ცალსახად შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ, ჟურნალისტებმაც იბრძოლეთ, რომ სიმართლე გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს.

გამოძიება გრძელდება და ალბათ მოგვიანებით გახდება ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი.

იხილეთ ასევე: რა მოხდა სიკვდილის მიზეზად ქცეულ სახურავზე? - რას შეეწირა 16 წლის მოზარდი?

(სპეციალურად საიტისთვის)